"ბიბლია განმარტებებით" - ახლა უკვე სასულიერო სემინარია-აკადემიაში
"ბიბლია განმარტებებით" - ახლა უკვე სასულიერო სემინარია-აკადემიაში
მნიშვნელოვანი და წარმატებული პროექტი - "ბიბლია განმარტებებით" კიდევ უფრო საჭირო ფუნქციასა და დანიშნულებას იძენს - ამიერიდან, სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები, წმინდა წერილის შესწავლისას, სწორედ ამ სერიით ხელმძღვანელობას შეძლებენ. პროექტის კოსნულტანტები, სასულიერო აკადემიის პედაგოგები, ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი - გიორგი თოდუა და თეოლოგიის დოქტორი ირაკლი ორჟონია გვესაუბრებიან, თუ რამდენად მნიშვნელოვანია წმინდა წერილის, ღვთის სიტყვის სწორად განმარტება და აღქმა, რაშიც ეხმარება მკითხველს "ბიბლია განმარტებებით", რომელზეც პროფესიონალთა დიდი გუნდი მუშაობს.

ირაკლი ორჟონია,
თეოლოგიის დოქტორი:

- პროექტის სახელიც ცხადყოფს, თუ რამდენად მნიშვნელოვანი საგანძურია "ბიბლია განმარტებებით". ერთის მხრივ, მასში წარმოდგენილია ბიბლიური მუხლები, შესაბამისი თავები და იმავდროულად, ამ მუხლების განმარტებები, რაც მკითხველს შესაძლებლობას აძლევს, რომ ისეთი წიგნით იხელმძღვანელოს, სადაც ეს ორივე მხარეა გაერთიანებული. ამ წიგნის უპირატესობა სწორედ ეს არის. ეს მნიშვნელოვანია, რადგან თუ ავიღებთ, მაგალითად, წმინდა წერილს და მის კითხვას დავიწყებთ, შეიძლება ჩვენეული განმარტების საფუძველზე, დიდი ცდომილება მოგვივიდეს. ბიბლიაში ისეთი სწავლებებია გადმოცემული, რაც შესაბამის განმარტებას საჭიროებს, რომ სწორად აღვიქვათ. ეკლესიის მამებმა სწორედ ამიტომ დაიწყეს წმინდა წერილის განმარტება, ჯერ კიდევ სამოციქულო პერიოდიდან. ეს წიგნიც ამას ეფუძვნება და დიდად ამარტივებს საქმეს.

მეორე მხარეცაა, რიგითი მკითხველისთვის საეკლესიო განმარტებები ადვილად ხელმისაწვდომი არ არის და მათი მოძიება რთულია, თუ ადამიანი პროფესიულად არ არის ამით დაინტერესებული. რამდენიმე ტომად გამოცემული "ბიბლია განმარტებებით" კი პირდაპირ, ერთიანი სახით აწვდის მას სასურველ მასალას.

- როგორ შეაფასებთ ამ წიგნს, როგორც სახელმძღვანელოს, რომლის მეშვეობითაც ახლა უკვე სასულიერო სემინარია-აკადემიის სტუდენტები შეძლებენ მათთვის მნიშვნელოვანი ტექსტების გაცნობას, რამდენად დაეხმარება მათ სწორად გააზრებაში და ამავე დროს, შესაძლებელია თუ არა გამოიყენონ სხვა სასწავლებლებშიც, სადაც რელიგიის ისტორია ისწავლება?

- საქართველოში რამდენიმე სასულიერო სასწავლებელია - თბილისში, ქუთაისში, ბათუმში, გორში, ცაგერში, გრემში, ახალციხეში... ჩემი აზრით, ეს მათთვის ძალიან კარგი სახელმძღვანელოა და მისი გამოყენება თავისუფლად შეიძლება - მაგალითად, ბაკალავრს საკმაოდ გაუადვილებს საქმეს იმისთვის, რომ მრავალრიცხვოვანი წყაროების მოძიებისა და სირთულის გარეშე, კონკრეტულ ტექსტებს თავისი განმარტებებით გაეცნოს. ეს საფეხური საშუალებას მისცემს მას, რომ მერე სხვა, უფრო რთულ საფეხურებზე გადავიდეს.

ცხადია, თავისუფლად შეიძლება გამოიყენონ სხვა სასწავლებლებშიც, რადგან სასულიერო სასწავლებლებში წმინდა წერილი უფრო სიღრმისეულად ისწავლება. "ბიბლია განმარტებებით" ძალიან კარგი სახელმძღვანელო იქნება ნებისმიერ სასწავლებელში, სადაც საღვთისმეტყველო საკითხები აინტერესებთ.

გიორგი თოდუა, სასულიერო აკადემიის ბიბლეისტიკის კათედრის დოქტორანტი:

- სერიის - "ბიბლია განმარტებებით" გამოცემა ძალიან მნიშვნელოვანი, საშური, საღვთო საქმეა. ახლა უკვე ახალი აღთქმა გამოდის და დაინტერესებული მკითხველი წმინდანებად შერაცხილ მამათა ნააზრევს გაეცნობა. სწორედ მათი სწავლების თანახმად, ბიბლია, იგივე წმინდა წერილი, ეს არის ღვთის სიტყვა, ღვთის გამოცხადებითი მოძვრება, რომელშიც დაუნჯებულია თითოეული ჩვენგანის გადარჩენის ანუ ცხონების საიდუმლო. აქედან გამომდინარე, ერთია საღვთო სწავლება და მეორე - მისი გაშინაარსება, განმარტებითად განვრცობა, რომ ყოველი ადამიანისთვის მეტ-ნაკლებად გასაგები იყოს ის, რაც ღვთის რჩეულმა წინასწარმეტყველებმა და მოციქულებმა ჩაწერეს, ღვთის შთაგონებით.

ერთი მაგალითი მინდა მოგიყვანოთ, წმინდა პეტრე მოციქულის ეპისტოლიდან, სადაც ის პავლე მოციქულს ახსენებს. პეტრე მოციქული მცირე აზიელ ქრისტიანებს მიმართავს და მათ ეუბნება - სანამ მე მოგწერდით წერილს, მანამდე ჩემმა საყვარელმა ძმამ - პავლემ მოგწერათო და ამავდროულად, ის ამ წერილის ერთგვარ შეფასებას გვთავაზობს. ამბობს, რომ პავლეს ეპისტოლეებში ზოგიერთი რამ ძნელად გასაგებიაო, "რასაც უსწავლელნი და მერყევნი საკუთარი თავის წარსაწყმედად ამახინჯებენო". ანუ, ვინც პავლეს სიტყვას ჯეროვნად ვერ იგებდა, თავისებურად იაზრებდა და ამით ის საეკლესიო განმარტებას სცილდებოდა, ნამდვილ გაშინაარსებას. ასეთი ბევრი შემთხვევა იყო და ასე წარმოიქმნა სხვადასხვა სახის სექტა ანუ მწვალებლობა.

ეს მაგილითი იმიტომ მოვიყვანე, რომ თუკი პავლეს წერილში პეტრე მოციქულისთვის იყო ზოგიერთი რამ ძნელად გასაგები, შეადარეთ, ჩვენთვის მით უფრო რა იქნება? ახალი აღთქმის წიგნში, არათუ ზოგი რამ, ბევრი რამაა ჩვენთვის ძნელად გასაგები და სწორედ ამიტომ გვჭირდება სწორი საეკლესიო განმარტების მოხმობა. "ბიბლია განმარტებებით" სწორედ ამაში გვეხმარება. მასში შესული ბევრი რამ თანამედროვე ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონია. ამ გუნდის წევრებმა, მთარგმნელებმა ბევრი იშრომეს იმისთვის, რომ ქართულ ენაზე გადმოეტანათ ის ნაწყვეტები, რაც მკითხველს ხელს შეუწყობს ბიბლიური ფრაზების გაგებაში. მინდა წარმატება ვუსურვო ამ პროექტის ავტორს, რედაქტორს, გუნდის თითოეულ წევრს, წარმატებით მიეყვანოთ ეს საქმე ბოლომდე. დარწმუნებული ვარ, ამით ბევრ ადამიანს მოიზიდავენ ქრისტეს ეკლესიისკენ, ერთადერთი ჭეშმარიტი და მაცხოვნებელი მოძღვრებისკენ.
ამ ტომებში შესული წმინდა მამათა ბევრი განმარტება თანამედროვე ქართულ ენაზე აქამდე არ გვქონია.

"ბიბლია განმარტებებით" - პროექტის ავტორი და მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი:

შარშან, სექტემბერში, პირველი ტომის პირველი ეგზემპლარი მოიტანეს რედაქციაში...

რამდენი ბრძოლა გამოვიარეთ მანამდეც და მას მერეც, მაგრამ ერთი წამითაც არ შეგვპარვია ეჭვი, რომ საქმე ბოლომდე უნდა მივიდეს...
ახლა "ახალი აღთქმის" განმარტებებზე ვმუშაობთ და წინასწარ ნამდვილად არ დაგვიგეგმავს, არც გაგვითვლია, მაგრამ ალბათ შემთხვევითი სულაც არ არის, რომ ახალი აღთქმის პირველი წიგნის გამოსვლის დღე 23 ნოემბერს, გიორგობას დაემთხვა.
მათთვის, ვისაც ეჭვი ეპარებოდა პროექტის ღირებულებაში, გვაქვს სასიხარულო სიახლე: სასულიერო აკადემიის ბიბლიის კათედრაზე მიმდინარე სასწავლო წლის პროგრამაში უკვე შეიტანეს "ბიბლია განმარტებებით", როგორც ერთ-ერთი სახელმძღვანელო.
დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისათვის!


თამთა დადეშელი

ბეჭდვა
1კ1