ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, მესხური ვაზის ჯიშებით ვენახის გაშენება დაიწყო
ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ ბენარასთან მდებარე ორ ჰექტრამდე მიწის ნაკვეთზე, მესხური ვაზის ჯიშებით ვენახის გაშენება დაიწყო
ვებ გვერდზე Reginfo.ge ვკითხულობთ, რომ სოფელ უდეში მოღვაწე სასულიერო პირმა, არქიმანდრიტმა გრიგოლ ქურციკიძემ საპატრიარქოსგან 25-წლიანი იჯარით აიღო, გუშინ მესხური ვაზის ჯიშების 3300 ნერგი ჩაყარეს. უდის ანთიმოზ ივერიელის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარმა არქიმანდრიტმა გრიგოლმა (ქურციკიძე), "რეგინფოსთან" განაცხადა, რომ ვენახი უდეს სამი მონასტრის სახსრებითა და მრევლის დახმარებით გაშენდება, მიზანი კი ადიგენში მესხური ვაზის ჯიშების აღდგენა და ადგილობრივი ტურიზმის განვითარების ხელშეწყობაა. რვა ჯიშის მესხური ვაზი – მესხური მწვანე, ჩიტის თვალა, ხარისთვალა, კლერტმაგარა, ცხენის ძუძუ, თამარის ვაზი, შავი ასპინძურა და ხიხვი ჩავყარეთ. ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც ადგიგენში მესხური ვაზის ჯიშებით ვენახი შენდება. ადრე იყო, მაგრამ ახლა აღარაა. ბევრი ადგილია ისეთი, სადაც ხანში შესულ ხალხს ახსოვს, რომ ვენახები იყო. ეს ჯიშები ჯერ თურქობის დროს განადგურდა, შემდეგ საბჭოთა კავშირის პერიოდში. კომუნისტებმა აქ ჰიბრიდული ფრანგული ჯიშები ჩამოიტანეს და გააშენეს, ანუ აქცენტი მესხურ ჯიშების აღდგენაზე არ იყო. ახლა, ღვთის წყალობით, მესხური ვაზი თავის სამშობლოს დაუბრუნდება", - ამბობს არქიმანდრიტი გრიგოლი. მისივე თქმით, ვენახის გაშენება ადიგენში ღვინის ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს.

"ეს ჯიშები ნელ-ნელა გავრცელდება, მოსახლეობაც გააშენებს ვენახებს და მევენახეობის კულტურა აღდგება. რა თქმა უნდა, თუ ვენახი იქნება, "ღვინის გზაც" იქნება და შესაბამისად, ტურისტიც ჩამოვა, ღვინის ტურიზმი განვითარდება. ახლა ადიგენის მუნიციპალიტეტში "ღვინის გზა" არ არის, იმიტომ, რომ ვენახი არაა, - უთხრა "რეგინფოს" სასულიერო პირმა. ვაზის ჩაყრაში სასულიერო პირებს მრევლი და კლუბ "ტაოს" მორაგბეები დაეხმარნენ. არქიმანდრიტი გრიგოლის თქმით, ამ პროცესში სიმბოლური მონაწილეობა მიიღეს სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორმა ბესიკ ამირანაშვილმა, ადიგენის მუნიციპალიტეტის მერმა ზაქარია ენდელაძე, მერიისა და საკრებულოს თანამშრომლებმა. არქიმანდრიტმა გრიგოლმა სოფელ ბენარასთან სამი ჰექტარი მიწის ნაკვეთი იჯარით 2020 წლის თებერვალში მიიღო. მეიჯარე საქართველოს საპატრიარქოა, რომელმაც ეს ნაკვეთი 2019 წლის სექტემბერში დაიმტკიცა. მანამდე ტერიტორია სახელმწიფო საკუთრება იყო და სახელმწიფო ტყის ფონდში შედიოდა. "მაგალითად, წვეთოვანი რომ გავაკეთოთ, ვინმეს თანხა რომ გადავუხადოთ, უნდა იყოს ადამიანი, ვისაც მიწა აბარია და ამიტომ მოხდა იჯარით აღება, თორემ ეს საპატრიარქოს მიწაა და იქნება. საპატრიარქოს მიწა კი საქართველოს მიწაა. საქართველოს თუ რამე შემოენახა, შემოუნახა ეკლესიამ", - უთხრა "რეგინფოს" სასულიერო პირმა. არქიმანდრიტი გრიგოლი ამ ტერიტორიაზე ვენახის გაშენების გარდა, გრიგოლ ხანძთელის ეკლესიის აშენებასაც გეგმავს.


ბეჭდვა
1კ1