მეუფე გრიგოლი: მჯერა, რომ გონიერების, ზომიერებისა და ჭეშმარიტი სულიერების გზით ყველაფერს დავძლევთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!
მეუფე გრიგოლი:  მჯერა, რომ გონიერების, ზომიერებისა და ჭეშმარიტი სულიერების გზით ყველაფერს დავძლევთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!
ფოთისა და ხობის მიტროპოლიტის,
მაღალყოვლადუსამღვდელოესი გრიგოლის
სადღესასწაულო ქადაგება ბზობის დღესასწაულზე.

/ბრწყინვალე აღდგომის სახელობის ფოთის საკათედრო ტაძარი/
12 აპრილი, 2020 წელი.


სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა!
ჩვენთან არს ღმერთი!

ქრისტესმიერ საყვარელნო ძმანო და დანო, ძვირფასო სამწყსოვ, გილოცავთ ბზობის დღესასწაულს, ქრისტეს დიდებით შესვლას იერუსალიმში!

ამ დღის დადგომა უცნაურ გრძნობას აღძრავს ჩვენს გულებში; ერთმანეთშია გადაჯაჭვული სიხარული და მწუხარება; საერთოდ, ადამიანის ცხოვრებაში ყოველთვის თანაარსებობს ერთიც და მეორეც, თუმცა, დღევანდელი დღე მძაფრად წარმოაჩენს ასეთ რეალობას: ქრისტე შედის იერუსალიმში და მას ხვდებიან როგორც მეფეს, არნახული პატივითა და შეძახილებით, უგალობენ საღვთო საგალობელს, მაგრამ ამის შემხედვარეს, იესოს თვალზე ცრემლი მოადგება - იგი, ვითარცა მეუფე და ღმერთი, ხედავს, რომ იგივე ხალხი სულ რამდენიმე დღეში მას ჯვარცმისთვის გაიმეტებს; ისინი ადვილად მოექცევიან სინედრიონის მღვდელთმთავართა, სჯულის მეცნიერთა და ფარისეველთა გავლენის ქვეშ;

რატომ ხდება ასე ?!
იმიტომ, რომ ეს ადამიანები თავის იმედებს, მოლოდინებს, სურვილებსა და წარმოდგენებს თავისუფლებისა და ბედნიერების შესახებ აფუძნებდა მყიფე ნიადაგზე და არასწორ სულიერ ხედვებზე; ...დიახ, ხუთ დღეში იესოს ჯვარზედ გააკრავენ! და მიუხედავად ამ ტკივილისა და წუხილისა, ჩვენ ვხარობთ; ვხარობთ, რადგან დღევანდელი დღე არის მომასწავებელი მომავალი აღდგომისა და ამ სიხარულს ვერაფერი, ვერავითარი განსაცდელი, ვერ დააკნინებს. აი, ასე ენაცვლება ერთმანეთს სიხარული და მწუხარება და ბოლოს კვლავაც სიხარული დაისადგურებს.

დღევანდელი დღე უჩვეულოა იმით, რომ მას განსაკუთრებულ გარემოში აღვნიშნავთ; მთელს მსოფლიოში გავრცელებული ინფექციური დაავადების გამო, თითქმის ყველგან საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. ამ წუთებშიც მრავალი ადამიანი იღუპება უხილავ მტერთან უთანასწორო ბრძოლაში; მრავალი იბრძვის სიკვდილ-სიცოცხლის ზღვარზეა, და ბევრად მეტნი წინა ხაზზე იბრძვიან მათი სიცოცხლის გადასარჩენათ და სხვათა დასაცავად!

სწრაფად გავრცელებადი და ადვილად გადამდები ვირუსის დასამარცხებლად ყველაზე ეფექტურ საშუალებად მედიკოსები ადამიანებს შორის ფიზიკური დისტანციის შენარჩუნებას მიიჩნევენ.

სამწუხაროდ მრავალ ქვეყანაში შეზღუდულია მრევლის ტრადიციული მსვლელობა ტაძრებისკენ, სასულიერო პირები კი ტაძრების დახურულ კარს მიღმა აღასრულებენ მსახურებებს; ეს მძიმე სანახავია და კიდევ უფრო მძიმე განცდებს აღძრავს თითოეულ ადამიანში, მით უმეტეს, გულმხურვალე მორწმუნეში, რომელმაც კარგად უწყის, რომ ტაძარი ადამიანისა და ქრისტეს შეხვედრის უნიკალური, განუმეორებელი ადგილია! ამის შემხედვარეს შეუძლებელია ცრემლი არ ჩაგეღვაროს გულში.

...მაგრამ ამ მძიმე ვითარებაშიც კი ჩვენ უნდა შევძლოთ და მადლობა და დიდება შევწიროთ ღმერთს ყველაფრისათვის! სამყაროში შემთხვევით არაფერი ხდება. მდგომარეობა მრავალწახნაგოვანია და ის შესაბამის ანალიზსა და დაფიქრებას საჭიროებს. ჩვენ, ჯვარცმული ქრისტეს ეკლესიის წევრნი, რომელნიც უფლის სისხლით ვართ გამოსყიდულნი, უნდა დავფიქრდეთ იმაზე, თუ როგორ ვცხოვრობთ, როგორ მოვედით დღემდე და როგორ უნდა გავაგრძელოთ ცხოვრების გზა. უყურადღებოდ ვერ დავტოვებთ იმ საკითხს, რომ ჩვენი რელიგიური ცხოვრების სიმძიმის ცენტრმა უპირატესად რიტუალური მსახურებისკენ გადაინაცვლა და რაც შეეხება ღმერთთან ურთიერთობას, ცოცხალ რწმენას, რომელსაც შეუძლია სასწაულების მოხდენა, სიმხურვალე დაკარგა და განელდა თითქოს; ეს იკითხება იმ ცხოვრების წესზე და იმ ურთიერთობებზე, რაც გაბატონებულია ჩვენს სინამდვილეში; რიტუალები რელიგიური ცხოვრების მნიშვნელოვანი მხარეა, მაგრამ ეს არის საშუალება და არა მიზანი. მიზანი ჩვენი არის ღმერთში დამკვიდრება!

ღმერთი უშვებს ჩვენს თავზე განსაცდელებს და ეს განსაცდელები ჩვენთვის არის ერთგვარი გაკვეთილი, საიდანაც ჩვენ ვაკეთებთ შესაბამის დასკვნებს და ეს აისახება ჩვენს შემდგომ ბედზე იმის მიხედვით, თუ რა დასკვნებს გავაკეთებთ და რა აზრს გამოვიტანთ თუნდაც დღეს შექმნილი მძიმე მდგომარეობიდან. სწორედ ამიტომ, ვფიქრობ, რომ ამ განსაცდელის შემდეგ ბევრი ჩვენგანი შეიცვლება და ამის მიხედვით შეიცვლება მთელი მსოფლიო.

დღეს ჩვენ დაგვიდგა ჟამი, როცა რეალობას თვალი უნდა გავუსწოროთ, დავიწყოთ ძველი სტერეოტიპების მსხვრევა და "გაუკუღმართებული აზროვნების" შეცვლა, რომელმაც მთლიანად მოიცვა საბჭოეთში მცხოვრები ადამიანების მთელი რიგი თაობებისა. ცალსახად უნდა ითქვას, ჩვენი საზოგადოება ჯერ კიდევ არ არის ბოლომდე გათავისუფლებული ათეიზმის ბატონობის ეპოქაში დამკვიდრებულ კლიშეთაგან.

მართალია, ჩვენ ვისწავლეთ ტაძარში სიარული, სანთლის დანთება, პირჯვარის წერა, ეკლესიის რიტუალურ ცხოვრებაში მონაწილეობა, ლოცვებსაც ვკითხულობთ, და ეს მნიშვნელოვანია, მაგრამ ღმერთთან ცოცხალი ურთიერთობა მაინც ჩვენი პრობლემების სათავეში რჩება.

არაერთხელ გვითქვამს, კვლავაც გავიმეორებთ: სასიცოცხლოდ გვჭირდება მისიონერობის ახალი და ძლიერი ტალღა, რამაც საფუძველი უნდა შეუქმნას სახარებისეული ახალი კაცის დაბადებას ჩვენში; ეს კი, თავის მხრივ, საჭიროებს სულიერ (და არა მხოლოდ!) სივრცეში არსებული სტანდარტების ძირეულ გადაფასებასაც!

და ბოლოს: მსოფლიოში არსებულმა ამჟამინდელმა კრიზისულმა მდგომარეობამ, შესაძლოა, მძიმე შედეგები იქონიოს ჩვენი ცხოვრების სხვადასხვა სფეროსა და დარგის განვითარებაზე; და ეს მდგომარეობა უკვე ახლა გვაყენებს უაღრესად რთული და მძიმე ამოცანების წინაშე, მაგრამ მჯერა, რომ გონიერების, ზომიერებისა და ჭეშმარიტი სულიერების გზით ყველაფერს დავძლევთ, რადგან ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვა
1კ1