მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეთ მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფალი და დაურბკოლებელი გადაადგილებისა ტაძრებისაკენ
 მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე მორწმუნეთ მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფალი და დაურბკოლებელი გადაადგილებისა ტაძრებისაკენ
ისტორიის დოქტორი, თეოლოგიის მაგისტრი ლაშა დეისაძე-შარვაშიძე სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს: სამოცდაათი წლის განმავლობაში აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულზე თითქმის ცარიელი იყო საქართველოში მოქმედი ტაძრები, რომლებიც რამდენიმე ათეულს არ აღემატებოდა... არამოქმედ, დანგრეულ ან სხვა დანიშნულებისთვის გადაკეთებულ ტაძრებსა და მონასტრებზე აღარაფერი ითქმის... კომუნისტური ხელისუფლება აღდგომის ღამეს გადასცემდა ტელევიზით ძალიან საინტერესო ფილმებს, რათა მოსახლეობა, მეტადრე ახალგაზრდები არ წასულიყვნენ ტაძრებში... 1976 წლის აღდგომას სვეტიცხოვლისა და სიონის საკათედრო ტაძრებში ხელნაკეთი ბომბები ერთდროულად აამოქმედეს, რათა მრევლში არეულობა და დაძაბულობა შეეტანათ, რასაც დიდწილად მიაღწიეს კიდევაც... ეპარქიების საკათედრო ტაძრებთან აღდგომის ღამეს კომკავშირლებს ახვედრებდნენ მღვდელმთავრებს, რომლებსაც ათეისტები წინააღმდეგობას უწევდნენ ტაძარში შესვლაზე (ერთ-ერთი ასეთი ფაქტი მოხდა 1984 წლის აღდგომას ქუთაისის პეტრე-პავლეს საკათედრო ტაძართან).

რასაკვირველია, დღევანდელი სიტუაცია ცალსახად და ერთმნიშვნელოვნად სხვა მოცემულობაა და არავითარ შემთხვევაში ვახდენ შედარებას, იმჟამინდელი საერო ხელისუფლება იყო იდეოლოგიური მტერი ეკლესიისა და დღეს საწინააღმდეგო ვითარებაა. აგრეთვე, ამჟამინდელი ხელისუფლება შექმნილ რთულ სიტუაციაში მაღალ დონეზე ზრუნავს საქართველოს მოქალაქეთა უსაფრთხოებაზე, რისთვისაც მადლობა მეთქმის მხოლოდ.
უბრალოდ, მე, როგორც ამ ქვეყნის ერთ-ერთ მოქალაქესა და საქართველოს ეკლესის ერთ-ერთ შვილს, გამაჩნია გულწრფელი სურვილი და თხოვნა, რომ აღდგომის ღამეს არ ვიხილო პირადად ჩემთვის (ალბათ ყველა მართლმორწმუნისათვის) შემზარავი სურათი - მორწმუნე ერისგან ცარიელი ტაძრები და მონასტრები და თუ შესაძლებელი იქნება, არსებულ სიტუაციაში მოცემული რეგულაციებისა და რეკომენდაციების გათვალისწინებითა და დაცვით, მხოლოდ აღდგომის დღესასწაულზე, ისე როგორც ამ ბრწყინვალე დღესასწაულის ტიპიკონი ითვალისწინებს ღამისთევით ღვთისმსახურებას, მორწმუნეთ მიეცეთ შესაძლებლობა თავისუფალი და დაურბკოლებელი გადაადგილებისა ტაძრებისაკენ და შემდეგ ტაძრებიდან, დროისა და ლოკაციის მიუხედავად.


ვფიქრობ, თუ კი ეს შესაძლებელი იქნება (პანდემიის პირობებში), ხელისუფლება ამ მხრივ გაითვალისწინებს საქართველოს მოსახლეობის აბსოლუტური უმრავლესობის სარწმუნოებრივი აღმსარებლობის ფაქტორს და წლევანდელი აღდგომა უნებლიეთ და შინაგანი სენსიტივით არ გაგვახსენებს ბოლშევიკური რეჟიმის დროინდელ აღდგომის დღესასწაულს, რასაც, კვლავ ვიმეორებ, არავითარ შემთხვევაში ვადარებ არსებულ სიტუაციას, არამედ პირადად გახლავართ რეგულაციებისა და რეკომენდაციების ერთ-ერთი ზედმიწევნით შემსრულებელი და აქტიური მომხრე მათი საყოველთაო შესრულებისა.




ბეჭდვა
1კ1