სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საინგილოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი საინგილოში მცხოვრებ ქართველებს შეხვდა
9 ნოემბერს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტრესმა ილია II-მ
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - საინგილოში მცხოვრებ ქართველებს უმასპინძლა. ღონისძიებას ხორნაბუჯისა და ჰერეთის ეპისკოპოსი დიმიტრი (კაპანაძე), კახის წმინდა გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი პეტრე ხუმარაშვილი, ჟურნალ "სამეფო გვირგვინის" რედაქტორი, მონოზონი მარიამი (ია ბაგრატიონ-მუხრანელი), პროფესორი ნოდარ ნათაძე და კახის რაიონიდან ჩამოსული მართლმადიდებელი ქართველები ესწრებოდნენ. საინგილოდან ჩამოსულმა ქართველებმა მის უწმინდესობას თანადგომა გამოუცხადეს და მათ მიმართ გამოჩენილი მზრუნველობისა და ყურადღებისთვის მადლობა გადაუხადეს. მათივე თქმით, კახის რაიონში ამოქმედებელი ეკლესიები უდიდესი ნუგეში და იმედია იქ მცხოვრები ქართველებისთვის.

"მე ბედნიერი ვარ დღეს, რომ გხედავთ საპატრიარქოში. – ბრძანა სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, – შევთხოვთ უფალს, რომ წყალობა ღვთისა არ მოგაკლოთ. მე მინდა ვთქვა, რომ ინგილოები, საინგილოს მოსახლეობა გმირები არიან. მათ გადაიტანეს მძიმე წლები და მძიმე დღეები, მაგრამ ვერ გატეხეს. დღეს მეუფე დიდ ყურადღებას აქცევს საინგილოს! დალოცვილი იყავით! ჩვენთან არს ღმერთი! ხშირად გვესტუმრეთ და გაგვახარეთ".

შეხვედრისას საინგილოდან ჩამოსულმა ქართველებმა ლექსები წაიკითხეს, იგალობეს და ქართული სიმღერები შეასრულეს.
"ძალიან გახარებული ვართ, ისტორიული არის ეს დღე. მხნე, სულიერად ძალიან ძლიერი პატრიარქი გვყავს. მისი დამსახურებაა, რომ ჩვენს კუთხეში მოქმედი ეკლესიებია. ერთადერთი ინსტიტუციაა ეკლესია, სადაც იქ ყოველდღე გველაპარაკება ჩვენ მშობლიურ ენაზე. მოგეხსენაბათ, რომ სარწმუნოება ეს არის გზა, ხსნა, გადარჩენა და ერთობის მოპოვება. მადლობა პატრიარქს, რომ ეს დღე გვაღირსა. მივდივართ იმედით, სიხარულით. იმედია, ეს გზავნილი, ეს შეხვედრა იქნება ყველასთვის ნიშანი, რომ პატრიარქი ყველასთვის ზრუნავს, ყველაზე ფიქრობს, რომ ამ ნაბიჯებით იქნება ძალიან ბევრი რამე დანახული და გაგებული ყველასთვის" - განაცხადა შეხვედრის შემდეგ კახის რაიონის სოფელ ალიბეგლოს მკვიდრმა, კოტე ბარიხაშვილმა.
KARIBCHE


ბეჭდვა
1კ1