მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) გარშემო ატეხილ ხმაურიან განცხადებებთან დაკავშირებით
მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) გარშემო ატეხილ ხმაურიან განცხადებებთან დაკავშირებით
ბოლო დროს ზოგიერთი საინფორმაციო საშუალების მიერ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) გარშემო ატეხილ ხმაურიან განცხადებებთან დაკავშირებით ჟურნალისტი მაია გაგუა სოციალურ ქსელში ასეთ პოსტს აქვეყნებს:

მინდა ჩემი მოსაზრებები დავწერო იმის შესახებ, რაც დღეს მედიაში ქუთათელ-გაენათელ მიტროპოლიტ იოანეს (გამრეკელი) გარშემო ატეხილ სკანდალს უკავშირდება.
ვფიქრობ, რომ ამ ისტერიას ასაზრდოებს მეუფე იოანეს საუბრებიდან კონტექსტიდან ამოგლეჯილი ფრაზებით მანიპულირება; და ეს მავანთ ესაჭიროება იმისათვის, რომ მოხდეს მისი პიროვნების პრორუსულად გამოცხადება.
ესაა ეკლესიის წინააღმდეგ გამოცხადებული ფართომასშტაბიანი ომის ერთი ნაწილი.
ვისაც გაინტერესებთ მეუფე იოანეს პიროვნება, შეგიძლიათ გაეცნოთ ყოუტუბე-ზე ატვირთულ მის ქადაგებებს და ესეც საკმარისია იმისათვის, რომ ამ ადამიანზე გარკვეული წარმოადგენა შეგექმნათ.

მეუფე იოანეს აბსოლუტურად პროქართული და პატრიოტული ცნობიერება აქვს.
რაც შეეხება მის პოზიციებს, იგი ცდილობს ობიექტურად და სამართლიანად შეაფასოს ნებისმიერი მოვლენა, როგორც ისტორიულ ჭრილში, ისე თანამედროვეობის ასპექტში და მისთვის სრულებით მიუღებელია კატეგორიული აზროვნება.
მეუფე იოანე არის პიროვნება, რომელსაც მტერშიც შეუძლია პოზიტიურის დანახვა და იგი სიკეთეს მტერსაც არ უკარგავს. ის არის ისტორიული სამართლიანობისთვის მებრძოლი ადამიანი.

მიტროპოლიტი იოანე ახალგაზრდობიდანვე დისიდენტი იყო; რეპრესირებულ ოჯახში დაიბადა და გაიზარდა. მისი მშობლები, ბიძები, ახლო ნათესავები რეპრესირებულები იყვნენ. მისი მშობლები სწორედ გადასახლებაში დაქორწინდნენ - ცნობილი ქართველი ისტორიკოსი და მამულიშვილი ვახტანგ გამრეკელი და ეროვნებით გერმანელი ეკატერინა კერბსი. ამიტომ მეუფე იოანეს ბავშვობიდანვე სწორი ხედვა ჰქონდა საბჭოთა სინამდვილესი და როგორც შეეძლო, ისე ებრძოდა საბჭოთა წყობილებას.

ახლა აცხადებენ, თითქოს მეუფისთვის მიუღებელია დასავლური ღირებულებები. ეს არის სიცრუე და ცილისწამება. მეუფეს თავის ქადაგებებში და მრევლთან საუბრისას ბევრი უსაუბრია დასავლურ ღირებულებებზე და მე პირადად ვარ ამის მოწმე.

მეუფე მოგვიწოდებს მივიღოთ ევროპიდან და ამერიკიდან ის ღირებულებები, რაც ფასეულია და გვამხელს, რომ ამის სანაცვლოდ ჩვენ მხოლოდ მარგინალური და მანკიერი გადმოგვაქვს. მეუფე გვასწავლის, რომ მიუკერძოებლად უნდა შეგვეძლოს ერთმანეთისაგან კარგისა და ავის გამიჯნვა.
მეუფეს აღიზიანებს მედროვეებისთვის დამახასიათებელი კონფორმიზმი და მონური სულისკვეთება, რომელიც ოდესღაც გვაიუძულებდა კრემლის მორჩილებას და ახლა შესაძლოა, მხოლოდ ბატონი შევიცვალოთ. მეუფე ამბობს, რომ მონური ცნობიერებიდან უნდა გავთავისუფლდეთ.

მეუფე წინააღმდეგია იმისა, რომ რაიმე მოვლენაში მხოლოდ ცუდს ვხედავდეთ და კარგი დავივიწყოთ; იგი ამბობს, რომ ჩვენს შეფასებებში ობიექტურობა არ უნდა დავკარგოთ არცერთ ქვეყანასთან მიმართებაში და უკიდურესობებში არ უნდა გადავარდეთ.
მიუხედავად იმისა, რომ დღეს რუსეთი ოკუპანტია და საქართველოს მტერია (და ამ ფაქტს არავინ უარყოფს!), - მის შეფასებაშიც ობიექტურები უნდა ვიყოთ და არავის უნდა დავუკაროთ, თუკი რამ სასიკეთო გაუკეთებია.

მეუფე აცხადებს, რომ დღეს საქართველოს სახელმწიფოს გარშემო მხოლოდ მტრები ჰყავს და ყოველი მათგანი ცდილობს მას ყველა მხრიდან ტერიტორიები წაგლიჯოს და ეს სამწუხარო რეალობაა, რაზეც ჩვენ არ ვსაუბრობთ.

მეუფე იოანე ამბობს, რომ როდესაც საბჭოთა კავშირი დაიშალა და ყველა ქვეყანა თავის საზღვრების მარკირებას ახდენდა, ქართველები იმით ვიყავით დაკავებული, რომ ერთმანეთს ტყვიას ვესროდით და დღემდე საზღვრები მარკირებული არ გვაქვს...

მეუფე იოანე გულისტკივილით საუბრობს, რომ სტატისტიკის თანახმად საბჭოთა კავშირი აბორტების რიცხვით მსოფლიოში პირველ ადგილზე იყო და საბჭოთა კავშირის მასშტაბით კი პირველ ადგილზე სწორედ ჩვენი ქვეყანა იდგა და ქართველები რომ არ გავმრავლდით, ეს მხოლოდ ჩვენი ბრალია...

ვინც მეუფე იოანეს საუბრებს და ქადაგებებს მოუსმენს, მიხვდება, რომ ყოველი მისი სიტყვა მხოლოდ საქართველოს სიყვარულით და სამშობლოზე ზრუნვით არის ნაკარნახევი.
პროპაგანდისტული მანქანა კი დღეს მეუფე იოანეს ისე წარმოაჩენს და ისეთ იმიჯს უქმნის, რომელიც მხოლოდ გარკვეული პოლიტიკური წრეებისთვისაა ხელსაყრელი...
ბეჭდვა
1კ1