12 მაისს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება
12 მაისს, მახათას მთაზე, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება
დღეს, 12 მაისს, ღვთისმშობლის წილხვდომილობის დღესასწაულზე, მახათას მთაზე ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი იკურთხება. საზეიმო წირვას საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი ილია II აღავლენს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძარი მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ნაწილია, რომლის მშენებლობაც მისი უწმინდესობის ლოცვა-კურთხევით 2002 წლიდან მიმდინარეობს.

ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის ამოქმედებით, ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის მშენებლობის პირველი ეტაპი სრულდება. შემდეგი ეტაპი მონასტრისა და ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის ხატის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორიაზე საგანმანათლებლო ცენტრ-მუზეუმის მშენებლობას ითვალისწინებს, რომელსაც საქართველოს სახელმწიფო, ეკლესია და საზოგადოება ერთობლივად განახორციელებს.

"ეს კომპლექსი უნიკალურია თავისი მნიშვნელობით, რამდენადაც ის საერთო ეროვნული პროექტია, რომელშიც გაერთიანებულია მთელი საქართველო. კათალიკოს-პატრიარქის განცხადებით, წმინდა სამების ტაძრის შემდეგ, ეს არის ქართველი ხალხის მეორე ავტოპორტრეტი.

ღვთისმშობლის სავანის კომპლექსის ფარგლებში, ტაძრისა და სამონასტრო კომპლექსის მშენებლობასთან ერთად, გათვალისწინებულია ათონის მთაზე ქართველთა მონასტრის - ივერონის ანალოგიით - საგანმანათლებლო ცენტრის მშენებლობაც. როგორც ცნობილია, ივერონი არამხოლოდ გამორჩეული სულიერი ცენტრი, არამედ ძალიან მნიშვნელოვანი კულტურულ-საგანმანათლებლო კერაც იყო. სწორედ ივერონმა განაპირობა დიდწილად ქართული იდენტობის შენარჩუნება.

2010 წლიდან დღემდე მახათას მთაზე ღვთისმშობლის სავანის პროექტისთვის შემოწირულობა გაიღო 75 000 ადამიანმა. მათ მიერ მოხსენიებული ცოცხალი და გარდაცვლილი ადამიანების საერთო რაოდენობა კი 1 110 000-ია. თითოეული მათგანი, პატრიარქის კურთხევით, ტაძრის აღმშენებლად-ქტიტორად მოიხსენიება. ინფორმაცია აღმშენებლების შესახებ განთავსებულია "საზოგადოება ივერიისას" ვებ - გვერდზე: წწწ.ივერიისა.გე" - ნათქვამია "საზოგადოება ივერიისას" მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ბეჭდვა
1კ1