ილია მეორე - ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც გიორგი დანელიას ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს
ილია მეორე - ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც გიორგი დანელიას ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე რეჟისორ გიორგი დანელიას გარდაცვალებასთან დაკავშირებით სამძიმრის წერილს აქვეყნებს. პატრიარქი აღნიშნავს რეჟისორის ღვაწლს და მწუხარებას გამოთქვამს მისი გარდაცვალების გამო.

"ბატონმა გიორგი დანელიამ წარუშლელი კვალი დატოვა ჩვენი დროის ხელოვნების ისტორიაში. მართალია, მან მთელი ცხოვრება რუსეთში გაატარა და თვისი ნაღვაწი ამ ქვეყანაში შექმნა, მაგრამ სამშობლოს განცდა მას მუდამ თან სდევდა. ის ურთიერთობები, ის ატმოსფერო, რასაც მის ფილმებში ვხედავთ და ვგრძნობთ, ქართულ სულს, ქართულ ხასიათს თითქმის ყველგან ავლენს. ამიტომაც ითვლება იგი რუს და ქართველ დიდ კინორეჟისორად. უფრო მეტიც, მის შემოქმედებაში თითქმის ყველა ქვეყნის, ყველა ეროვნების წარმომადგენელი თავისთვის ახლობელ გარემოს ნახულობს, რაც სიკეთისა და სიყვარულის, ერთგულებისა და ამასთან, ადამიანური სისუსტეების სევდანარევი ღიმილით წარმომჩენ ხელოვანს თავისთავად მსოფლიო კულტურის განუყოფელ ნაწილად აქცევს. დღეს ბატონი გიორგის სული მარადიული ცხოვრების გზის დასაწყისშია, აღვავლენთ ლოცვებს, რათა მისი მსვლელობა ცათა სასუფევლისკენ იყოს მშვიდობიანი და დაიმკვიდროს ადგილი ღვთის საუფლოში",-აღნიშნულია პატრიარქის სამძიმრის წერილში.

რეჟისორი გიორგი დანელია 88 წლის ასაკში გარდაიცვალა.
ბეჭდვა