უკრაინაში შექმნილი საეკლესიო მდგომარეობის შესახებ
უკრაინაში შექმნილი საეკლესიო მდგომარეობის შესახებ
გორისა და ატენის მიტროპოლიტი ანდრია (გვაზავა):
- დღეს შექმნილია ისეთი ისტორიული რეალობა, რომელშიც წარმოიქმნებიან ახალი ეროვნული სახელმწიფოები, რომელთა სახელმწიფოებრივი თუ ეროვნული ინტერესებისა და სურვილების გათვალისწინება უწევთ, როგორც სხვა ქვეყნებს, ასევე მართლმადიდებელ ეკლესიებსა და ეკლესიათა წევრებსაც. ასეთ რეალობას მიეკუთვნება, უკრაინაში შექმნილი მართლმადიდებელი აღმსარებლობის მქონე, გაყოფილი და ურთიერთდაპირისპირებული ადამიანების მდგომარეობის საკითხი. არ დავიწყებ ყველასათვის ცნობილი ისტორიული სიტუაციის აღწერასა და განმარტებების გაკეთებას, არამედ შევეცდები ბოლო დროს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის მიმდინარე, ჩემი შეხედულებით, ძალიან მნიშვნელოვანი დიალოგის შესახებ მოკრძალებული აზრის გამოთქმას.

1. მართლმადიდებელი ეკლესიის ავტოკეფალია, მოციქულთა დროიდან დღემდე არის ერთი, წმინდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიის ეკლესიოლოგიური სწავლების საკითხი. ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალია ეფუძნება სამოციქულო გარდამოცემის, ეკლესიის წიაღში უძველესი ტრადიციისა და შეურყვნელად დაცული წმინდა მამათა მაცხოვნებელი სწავლების არსებობას.
2. ავტოკეფალიის საკითხის მხოლოდ კანონიკურ და ისტორიულ ჭრილში განხილვის მცდელობა, უმეტესად წარმოქმნის აზრთა სხვადასხვაობას და იწვევს შეუთანხმებლობას, იმიტომ რომ:
ა)ცნობილი კანონისტების მხრიდანაც, მსოფლიო კრებების კანონთა განხილვისას, არ არის თანხვედრა შესაბამის კანონთა განმარტებაში.
ბ)ისტორიული ვითარება სხვადასხვა ეპოქაში იცვლებოდა და ეკლესია მოქმედებდა შექმნილი მდგომარეობის გათვალისწინებით, მაგრამ არა წუთისოფლის ზრახვებზე დაყოლით, არამედ სამწყსოს სულისათვის ზრუნვიდან გამომდინარე.

3. ეკლესია, როგორც ქრისტეს სხეული, მუდმივად მოქმედებს დროსა და სივრცეში და მისი ყველა მოქმედება განისაზღვრება ეკლესიის თავის - ქრისტეს, მოციქულთა და წმ. მამამთა სწავლების ერთგულებით. ასევე ეკლესია თავის ცხოვრებაში იყენებს კანონიკური აკრივიის (სიმკაცრე, სიზუსტის) და იკონომიის (შემსუბუქება, შეწყნარების) საეკლესიო პრინციპებს.
4. ამავე დროს, მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ერთობის უმნიშვნელოვანესი პრინციპია ქრისტეს ეკლესიისათვის ყველა მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების ერთობლივი განხილვა და საყოველთაო აღიარება (რა თქმა უნდა, ეს არასოდეს არ ეხებოდა დოგმატურ საკითხებს).
5. ასევე, მკაცრად და მკაფიოდ უნდა იყოს დაცული ავტოკეფალიის მიღების კანონიკური გზები, რადგანაც ავტოკეფალია არის საეკლესიო, მორწმუნე ერის კუთვნილება და არა მხოლოდ სახელწიფო, ეროვნული თუ პოლიტიკური აქტივობა. რა თქმა უნდა, მორწმუნე საზოგადოების ცხოვრებაში ყველა ამ ელემენტის (სასულიერო, ეროვნული, პოლიტიკური) თანხვედრის მრავალი ისტორიული მაგალითი არსებობს.

ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა, მრავალი წელი მიმდინარეობდა მართლმადიდებელ ეკლესიათა დიდი კრების წინამოსამზადებელ პერიოდში. სხვადასხვა წლებში მართლმადიდებელ ეკლესიათა შეხვედრებზე იყო წარდგენილი ადგილობრივ ეკლესიათა პოზიციები. გასაგები რომ იყოს საკითხისადმი მიდგომის სხვაობანი ვფიქრობთ, საინტერესო იქნება, ეკლესიათა იმჟამინდელი პოზიციებისა და მათ მიერ მიღწეული შეთანხმების გაცნობა.
ეკლესიათა არაერთგვარი დამოკიდებულების ამსახველ შემაჯამებელ საბუთად გამოდგება 1993 წლის ნოემბერში, შამბეზის შეხვედრაზე შვეიცარიის მიტროპოლოტ დამასკინოსის1 მიერ წარმოდგენილი მოხსენება, რომელშიც ადგილობრივ ეკლესიათა სხვადასხვა პოზიციები შემდეგნაირად ჩამოყალიბდა2:
ძირითადი განსხვავება არსებობდა, პირველი - პროცედურის წარმართვის და მეორე - საბოლოო გადაწყვეტილების მიღებაზე ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების თუ გაუქმების საკითხებში. მსოფლიო კრებების გადაწყვეტილებათა ავტორიტეტზე და კანონებით ხელმძღვანელობაზე მიუთითებს კონსტანტინეპოლის, ალექსანდრიის, იერუსალიმის და ელადის ეკლესიების პოზიცია. საუკუნეების მანძილზე, წმინდა მართლმადიდებელი ეკლესია ხელმძღვანელობს წმინდა კანონებით და ეს ემსახურება მართლმადიდებლობის სიმტკიცეს. ცვლილებები, რომელიც შედიოდა ეკლესიის საორგანიზაციო ცხოვრებაში, ყოველთვის მიზნად ისახავდა ეკლესიის ერთობის განმტკიცებას. ასე აყალიბებს თავის პოზიციას კონსტანტინეპოლის საპატრიარქო: ,,ძველი ეკლესიის მოწყობასთან, ზემოთქმულიდან გამომდინარე, განსაკუთრებულად კი სამიტროპოლიტო და საპატრიარქო (მმართველობის) სისტემების შემოღებისას, საეკლესიო მმართველობითი სტრუქტურების შექმნისა და დამტკიცების დროს, შემუშავდა გადაწყვეტილებათა და დადგენილებათა მნიშვნელოვანი მექანიზმი, რომელიც განსაკუთრებულად მოქმედებდა კრებათა მოწვევის პერიოდში, კერძოდ მსოფლიო კრებათა ჟამს, და რომლის ძირითადი, განმასხვავებელი ნიშანი იყო გადაწყვეტილებებში ადგილობრივ ეკლესიათა საერთო თანხმობა."" ,,ყოველივე ზემოთ ნათქვამიდან გამომდინარე მოსჩანს, რომ ეკლესიის ცნობიერებაში, ავტოკეფალიის საკითხი ეხება მთელი ეკლესიის კომპეტენციას, რადგანაც ავტოკეფალური ეკლესიის ცნებასთან დაკავშირებულია ადგილობრივი ეკლესიის ცნება, რომელიც სარწმუნოებრივი ერთობით და კანონიკური საწყისებით კავშირშია დანარჩენ მის წევრებთან '" (მოყვანილია I მსოფლიო კრების მე-4,5,6,7; II მსოფ. კრების მე-2,3; IV მსოფ. კრების მე-9,17,28; III მსოფ.კრების მე-8; V-VI მსოფ.კრების მე-38 კანონები).
საინტერესოა ალექსანდრიის საპატრიარქოს პოზიციაც: ,,ზემოთქმულიდან გამომდინარე ცხადია, რომ მართლმადიდებლების უზენაესი ხილული ძალაუფლება არის მსოფლიო კრება. ასევე, ის არის უმაღლესი ავტორიტეტული ინსტანცია, რომელსაც შეუძლია მოაწესრიგოს მართლმადიდებელი ეკლესიების ადმინისტრაციული საზღვრები. მართლმადიდებელი ეკლესიის ძირითად პრინციპს წარმოადგენს ის, რომ მსოფლიო კრებებზე დავანებული იყო სული წმინდა, რომელიც ხელმძღვანელობდა იქ გადაწყვეტილებების მიღებისას."
ამგვარ პოზიციას იზიარებენ იერუსალიმისა და ელადის ეკლესიებიც. ელადის ეკლესიის წარმომადგენელი თავისი მოხსენების ერთ-ერთ პუნქტში ბრძანებს: ,,მთელი მართლმადიდებელი ეკლესია, თავისი კანონიკურ-ადმინისტრაციული ერთობლიობით, აღიარებს რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას ავტოკეფალურად. ამიტომაც, დამოუკიდებელი და თვითნებური, ან ეკლესიათა ჯგუფის მიერ ცალმხრივი აღიარება, არათუ არ ემსახურება მართლმადიდებელ ეკლესიათა ერთობას, და არღვევს კანონიკურ გარდამოცემას, არამედ არის ანტიკანონიკური."
------------------------------------------------------------------
1 მიტროპოლიტი დამასკინოსი თავჯდომარეობდა ეკლესიათა შორის შეხვედრებს.
2 Источник: Дамаскин Алекс. Папандреу, митрополит Швейцарский. Православие и мир. - Исследовательский центр Священной Обители Кикку, Кипр. Изд. Ливани - Нэа Синора. [1994].)


ასევე, ზემოთ დასახელებული ოთხივე ეკლესია, ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხის ინიცირების, პროცედურის წარმართვისა და საბოლოო სახით ჩამოყალიბების უფლებამოსილებას ანიჭებს კონსტანტინეპოლის საპატრიარქოს, როგორც პატივით უპირატესს წმინდა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის.
სხვაგვარია რუსეთის, რუმინეთის, ბულგარეთის და პოლონეთის ეკლესიების პოზიცია მათ მიერ წარმოდგენილ მოხსენებებში. რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლობა ბრძანებს: ,,იურიდიული აქსიომა - არავის შეუძლია სხვას იმაზე მეტი უფლება მიანიჭოს, რაც თავად გააჩნია - ასევე კანონიკური აქსიომაცაა, რომლის საფუძველი წმ. წერილშიც არის ,,...არცა მოციქული უფროს მომავლინებელისა თვისის" (ინ.13,16). ვინაიდან ყოველ ავტოკეფალურ ეკლესიას გააჩნია უმაღლესი, სუვერენული ძალაუფლება, აქედან გამომდინარე, ამ ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებას შეუძლია ავტოკეფალია მიანიჭოს თავისი ეკლესიის ნაწილს. მაგრამ ამ ქმედებას მოსდევს აუცილებლობა, რომ ახალი ავტოკეფალური ეკლესია უნდა იყოს ცნობილი ყველა ადგილობრივი ეკლესიების მიერ. არ შეიძლება მოციქულები და მსოფლიო კრებები განხილულ იქნენ, როგორც ავტოკეფალური ეკლესიების ჩვეულებრივი შემქმნელები, რამეთუ პირველნი ცხოვრობდნენ ეკლესიის შექმნის ეპოქაში, ხოლო მეორენი კი იყვნენ (კრებები) განსაკუთრებული მოვლენა და აქედან გამომდინარე, არ ქონდათ შესაძლებლობა ყოველთვის გადაეჭრათ საეკლესიო ცხოვრების მიმდინარე საკითხები, როგორიცაა ავტოკეფალიის საკითხიც. ახალი ავტოკეფალური ეკლესიის შექმნის ნორმას წარმოადგენს უკვე არსებული ავტოკეფალური ეკლესიების ნება. კრების კომპეტენცია შემოიფარგლება მისი ტერიტორიით. ავტოკეფალური ეკლესიის ეპისკოპოსთა კრებას თავისი ნაწილისათვის შეუძლია ავტოკეფალიის მინიჭება, ამავე დროს მას შეუძლია უარი განაცხადოს თავისი ეკლესიის ავტოკეფალიაზე და მიიღოს გადაწყვეტილება მის შეერთებაზე სხვა ავტოკეფალურ ეკლესიასთან, ამ უკანასკნელის თანხმობის შემთხვევაში.""
რუმინეთის ეკლესიის მოხსენებაში ვკითხულობთ: ,,ეთნიკური პრინციპით წარმოქმნილი ავტოკეფალური ეკლესიები არსებობდნენ მსოფლიო კრებებამდე და მათ შემდეგაც. ასევე, სხვა ასეთივე ეკლესიები იყვნენ დაფუძნებული მსოფლიო კრებების დადგენილიბით. მაგრამ, აქედან არ გამომდინარეობს რომ მხოლოდ მსოფლიო კრებას გააჩნია უფლება, მიანიჭოს რომელიმე ეკლესიას სრული და შეუქცეველი ავტოკეფალია. პირიქით, გასაგები ხდება, რომ ავტოკეფალიის მინიჭების კანონიკური დადგენილება არსებობდა (და შეუძლია იარსებოს) მსოფლიო კრებისაგან დამოუკიდებლად. ასევე ის, რომ ასეთი კრებები სპეციალურად არ გულისხმობენ და არც იძლევიან იმის ფიქრის მიზეზს, რომ შეუძლებელია სრული და შეუქცეველი ავტოკეფალიის შექმნა თვინიერ მათი გადაწყვეტილებისა. საეკლესიო ცხოვრების პრაქტიკა გვიჩვენებს, თუ როგორ იქმნებოდნენ სხვადასხვა ავტოკეფალური საეკლესიო ერთეულები. ზოგი იქმნებოდა უშუალოდ იერარქიული და კრებსითი პრინციპის გამოყენებით, ზოგიც - ავტოკეფალური აქტების აღიარებით სხვა უკვე არსებული ავტოკეფალური ეკლესიების მხრიდან. ამგვარი ავტოკეფალიის საკითხის შუამდგომლობისას დედაეკლესიამ, რომელიც პასუხისმგებელია ყოვლადმართლმადიდებლურ ერთობაზე და კანონიკურ წესრიგზე, უნდა გაიაროს კონსულტაციები დანარჩენ ეკლესიებთან წინასწარი თანხმობის მისაღწევად დადებითი პასუხის დროულობაზე. კონსესუსის მიღწევის შემდეგ, დედაეკლესია სინოდალური გადაწყვეტილებით, რომელიც ჩაიწერება ოფიციალურ აქტში და ეწოდება სინოდალური ტომოსი, ფორმალურად აღიარებს შვილობრივი - ეკლესიის ავტოკეფალიას.""
ბულგარეთის ეკლესიის მოხსენებაში ნათქვამია, რომ: ,,ავტოკეფალურ ეკლესიას შეუძლია მიანიჭოს ავტოკეფალია მხოლოდ თავის იმ ნაწილს, რომელიც იმყოფება მის იურისდიქციაში. ამ ძირითადი კანონიკური პრინციპის საწინააღმდეგოდ მოქმედება ნიშნავს, სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა ხელშეუხებელი უფლებების დარღვევას." ასეთივე აზრს იზიარებს პოლონეთის ეკლესიაც.
ამ ეკლესიებს საკუთარი პოზიციის გასამყარებლად მოყავთ - მოციქულთა 34, 35, 37-ე; III მსოფ. კრების მე-2; IV მსოფ. კრების მე-12 კანონები და ძველი ეკლესიის ტრადიციის მაგალითები.
ეკლესიათა წარმომადგენლებმა გამოთქვეს სხვადასხვა მოსაზრებები, რომელთა მიხედვითაც მოხსენების დასკვნითი ნაწილი შემდეგნაირად ჩამოყალიბდა:
ა) რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარების კანონიკური კომპეტენცია ეკუთვნის მსოფლიო კრებას, ან ყოვლადმართლმადიდებლურ კრებას, ან ყველა ადგილობრივი ეკლესიის ერთსულოვან გადაწყვეტილებას (კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, იერუსალიმი, ელადა). სხვა შეხედულების თანახმად - ესაა იმ ავტოკეფალური ეკლესიის კომპეტენცია, რომელსაც გამოეყო ავტოკეფალურად ასაღიარებელი ნაწილი, ხოლო დანარჩენი მართლმადიდებელი ეკლესიების თანხმობა გამოიხატება ფაქტიდან გამომდინარე (რუსეთი, რუმუნეთი, ბულგარეთი, პოლონეთი).

ბ) ეკლესიის ავტოკეფალიის ერთსულოვანი აღიარებისათვის კანონიკური ინიციატივის წამოწყების უფლება (როდესაც არსებობს დედაეკლესიის თანხმობა და დაცულია დანარჩენი კანონიკური დადგენილებანი) ეკუთვნის მსოფლიო საპატრიარქოს, რომელსაც კანონიკური წესით მინიჭებული აქვს პატივის უმაღლესი პირველობა (კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, იერუსალიმი, ელადა). სხვა მოსაზრებით ინიცირების უფლება ეკუთვნის ადგილობრივ ეკლესიას, რომლისაგანაც ხდება ახალი ეკლესიის გამოყოფა. მართლმადიდებელ ეკლესიათა თანხმობის მოთხოვნა ხდება ფაქტიდან გამომდინარე (რუსეთი, რუმუნეთი, ბულგარეთი, პოლონეთი).

ამგვარი შეუთანხმებლობა იწვევს განსხვავებული მიდგომის წარმოქმნას ავტოკეფალიის აღიარების კანონიკურ წესში: 1) კანონიკური ორგანო, რომელსაც გადაეგზავნება ადგილობრივი ეკლესიის თხოვნა ავტოკეფალიის შუამდგომლობაზე; 2) კანონიკური ორგანო, რომელიც პასუხისმგებელი იქნება შეფასებაზე იმ კანონიკური საწინდრებისა, რომელიც აუცილებელია თანხმობის პროცედურის ამოქმედებაზე სხვა მართლმადიდებელ ეკლესიათა მხრიდან; 3) გადამწყვეტი თუ მხოლოდ დამტკიცებითი ხასიათი ყოვლადმართლმადიდებ-ლური თანხმობისა.

გ) კანონიკური გარდამოცემისა და პრაქტიკის მიხედვით, კანონიკური შედეგები ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისას მოიცავს ეკლესიის მიღებას ავტოკეფალურ ადგილობრივ ეკლესიათა ოჯახში, ასევე მისი მხრიდან პირდაპირი ურთიერთობის დამყარებას მსოფლიო საპატრიარქოსთან და დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებთან, რადგან შეწყდა მისი დამაკავშირებელი ჯაჭვი ეკლესიასთან, რომელსაც ის გამოეყო. ამიტომაცაა, რომ ავტოკეფალიის გაუქმების პროცედურა ხორციელდება მსოფლიო საპატრიარქოს ინიციატივით, კანონიკური წესისა და პრაქტიკის თანახმად (კონსტანტინეპოლი, ალექსანდრია, იერუსალიმი, ელადა). სხვებს მიაჩნიათ, რომ ეს უფლება არის იმ ეკლესიის პრივილეგია, რომელმაც დამოუკიდებლად გამოაცხადა ავტოკეფალია (რუსეთი).

დ) ზემოთ აღნიშნული განსხვავებული მიდგომა კანონიკური ორგანოსა და კანონიკური პროცედურის საკითხებში, ასევე იწვევს განსვავებულ ხედვას ერთერთი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ აღიარებული, ამჟამად არსებული ადგილობრივი ეკლესიის ავტოკეფალიის სინამდვილის მიმართაც.

დიდი კრების მოსამზადებელი სამდივნოს მიერ მართლმადიდებელი ეკლესიების მოხსენებების სისტემატიურმა შესწავლამ, მიგვიყვანა მნიშვნელოვან დასკვნებამდე, რომლებიც შესაძლოა გახდნენ საფუძველნი ზემოთ ხსენებული შეუთანხმებლობის გადასალახავად:

ა) მართლმადიდებელ ეკლესიათა ყველა მოხსენაებაში გამოხატულია სრული თანხმობა ეკლესიოლოგიურ დასაბუთებებთან და ავტოკეფალიის ინსტიტუტის საეკლესიო გამოყენებასთან მართლმადიდებელ ეკლესიაში. ამრიგად ამ მნიშვნელოვან საკითხში არ შეიმჩნევა აზრის სხვადასხვაობა და აღიქმება, როგორც თავისთავად ნაგულისხმევი მართლმადიდებლურ გარდამოცემასა და პრაქტიკაში.
ბ) თავიანთ მოხსენებებში ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, როგორც იქნა, მიუხედავად აღნიშნული სხვაობებისა, თანახმაა იმაში, რომ მხოლოდ მრავალსაუკუნოვან და თანმიმდევრობით (განვითარებულ) კანონიკურ გარდამოცემას ძალუძს შემოგვთავაზოს ერთსულოვანი საფუძველი თანამედროვე პრობლემების გადასაჭრელად. ნებისმიერი დაშორება კანონიკური გარდამოცემიდან წარმოუდგენელია, თუნდაც, რომ მოცემული ტრადიციის განმარტებითი კრიტერიუმები განსხვავდებოდეს კანონიკური პრინციპებისაგან და მათი ისტორიული გამოყენების სისწორისაგან, ისე, როგორც ეს აღნიშნულია ამ საკითხზე წარმოდგენილ მოხსენებებში.
გ) თავის მოხსენებებში მართლმადიდებელი ეკლესიები სრულიად ეთანხმებინ აღწერილ რეალურ საწინდარებს, რომელიც აუცილებელია რომელიმე ადგილობრივი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად (აქ მიყვანილია კონსტანტინეპოლის ეკლესიის მოხსენების პუნქტები თ.6).
დ) თავის მოხსენებებში ყველა ეკლესია სრულიად ეთანხმება იმას, რომ რომელიმე ეკლესიისათვის ავტოკეფალიის მისანიჭებლად აუცილებელია ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსი ან პროცესის დასაწყისში, მსოფლიო საპატრიარქოს მიერ წამოყენებული ინიციატივით, ან ფაქტის აღიარებით დედაეკლესიის წინადადებიდან გამომდინარე, ან ამ ორივე პროცედურის ურთიერთშეჯერებით. საკითხისადმი ნებისმიერ მიდგომაში არსებობს ყოვლადმართლმადიდებლური გაგება იმისა, რომ რომელიმე ეკლესიის ავტოკეფალიის აღიარებისთვის კანონიკურად არასაკმარისია ცალკეული ავტოკეფალური ეკლესიის კომპეტენცია და ასევე ის, რომ ავტოკეფალიის კანონიკური მინიჭება წარმოუდგენელია თავიდანვე დადასტურებული მართლმადიდებლური ერთსულოვნების გარეშე.

ე) მართლმადიდებელ ეკლესიათა ყველა, განსაკუთრებით კი მსოფლიო საპატრიარქოს, მოხსენებაში ხაზგასმულია ავტოკეფალიის ინსტიტუტისა და საეკლესიო ადმინისტრაციის ქმედითი კავშირი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიის საერთო პასუხისმგებლობასთან, ეკლესიათა ერთობისათვის რწმენისა და სიყვარულის დაცვით. ამგვარი ქმედითი კავშირი განაპირობებს ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების საერთო ზრუნვას და მკაცრ მხარდაჭერას მრავალსაუკუნოვანი კანონიკური გარდამოცემის დადგენილ პრინციპებზე, ასევე ავტოკეფალიის ინსტიტუტის ცალმხრივი და კონიუნქტურული ისტორიული მიდგომის და განმარტების არიდებაზე.

ვ) ყველა მართლმადიდებელი ეკლესია, თავიანთ მოხსენებებში, მეტად ან ნაკლებად, ეთანხმება ავტოკეფალურ მართლმადიდებელ ეკლესიებთან ურთირთობაში რომელიმე ადგილობრივი ეკლესიის სრულუფლებიან წევრად მიღების ყოვლადმართლმადიდებლურ მნიშვნელობას. თუმცა აღსანიშნავია, რომ ზოგიერთ მოხსენებაში შემოთავაზებულია ერთგვარად თავისებური, ადგილობრივი ეკლესიის იმ დედაეკლესიაზე დამოკიდებული მდგომარეობა, რომელსაც ის გამოეყო და რომელიც, ჯერ კიდევ, ინარჩუნებს მისი ავტოკეფალიის ცალმხრივად გაუქმების უფლებას. ავტოკეფალიის ინსტიტუტის ეკლესიოლოგიური და კანონიკური საფუძველი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების თანაბარუფლებიანობას ადასტურებს და არ იძლევა საშუალებას, რომ განვასხვავოთ სუვერენული, ან დამოკიდებული ავტოკეფალია მართლმადიდებელ ეკლესიათა ურთიერთობაში.

ზ) მართლმადიდებელ ეკლესიათა ყველა მოხსენება, ხაზს უსვამს მართლმადიდებელ ტრადიციაში და პრაქტიკაში ურთიერთშევსებას-ადგილობრივისა და საყოველთაოს (მსოფლიო) - რამეთუ ამგვარად, ადგილობრივ ეკლესიაში სრულად იშლება მართლმადიდებლობის საყოველთაო იდეა, ხოლო მსოფლიო მართლმადიდებელ ეკლესიაში გამოიხატება ყველა ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების იდეა, მსოფლიო საპატრიარქოს მაკოორდინებელი მსახურებით. ეს კანონიკური გარდამოცემა მოქმედებს ყველა მართლმადიდებელი ეკლესიების ერთსულოვანი შეთანხმების საფუძველზე დიდი კრების მზადების პროცესშიც, როგორც ერთხმად დადასტურებული იყო ,,ყოვლადმართლადიდებლური წინასაკრებო თათბირების მუშაობის რეგლამენტის" მიღებისას. ეს პრაქტიკა შესაძლოა გამოყენებილ იქნას, როგორც ყოვლადმართლამადიდებლური კონსესუსის მაგალითი მართლმადიდებელ ეკლესიაში ავტოკეფალიის ინსტიტუტის ფუნქციონირებისათვის.

ჱ) მართლმადიდებელ ეკლესიათა ყველა მოხსენებაში სრულებით აღქმულია, არა მხოლოდ განსახილველი საკითხის სერიოზულობა, არამედ დადგენილი კანონიკური ტრადიციიდან ნებისმიერი დაცილების არაპროგნოზირებადი და უკონტროლო შედეგები, რომელიც ეხება მართლმადიდებელი ეკლესიის საორგანიზაციო სტრუქტურების მუშაობას. მცირე ისტორიულ გადახვევას, შეუძლია დაამხოს ქმედითი ურთიერთობის ეკლესიოლოგიური საფუძვლები ადმინისტრაციულ სქემებსა და ეკლესიის ერთობას შორის და მიგვიყვანოს მართლმადიდებლური ცნობიერებისათვის უკონტროლო, მართლმადიდებლობის დახლეჩის პროცესამდე, უამრავი რაოდენობის ავტოკეფალური ეკლესიის წარმოქმნამდე, რაზეც პასუხისმგებლობა გააჩნია ამჟამინდელ მართლმადიდებელთაშორის მოსამზადებელ კომისიას (ავტოკეფალია და მისი გამოცხადების გზები. შამბეზი, 1993წ.).

მიტროპოლიტი დამასკინოსის ფრიად ყურადსაღებ მოხსენებაში მკაფიოდ მოსჩანს ავტოკეფალიის მინიჭების საკითხში თუ რა პრინციპებია მეტად მნიშვნელოვანი ყველა მართლმადიდებელი ეკლესიისთვის:

1. ყველა ავტოკეფალური ეკლესიების კონსესუსი;
2. საერთო მართლმადიდებლური მსჯელობა ნებისმიერი პროცედურის დროს.

ამ პრინციპების შეჯერებას და ყველა პუნქტის გამართვას დასჭირდა მრავალწლიანი მუშაობა ეკლესიათა მხრიდან. ამ სამუშაოს შედეგად და სამდივნოს მოხსენების საფუძველზე 1993 წლის ნოემბერში ხელმოწერილ იქნა დოკუმენტი, რომლის მესამე პარაგრაფის ქვეპუნქტების მიხედვითაც:

ა),,დედაეკლესია, მისთვის დაქვემდებარებული რეგიონიდან ავტოკეფალიის მიღების თხოვნით მიმართვის შემდეგ, შეაფასებს ავტოკეფალიის მიღების არსებულ ეკლესიოლოგიურ, კანონიკურ და სამოძღვრო საფუძვლებს და ადგილობრივი კრების, როგორც უმაღლესი საეკლესიო ორგანოს, თანხმობის შემდეგ შესაბამისი წინადადებით მიმართავს მსოფლიო საპატრიარქოს ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსის მისაღწევად. ასევე, ის ინფორმაციას აწვდის დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებს."
ბ),,მსოფლიო საპატრიარქო, საპატრიარქო უსტარით ატყობინებს ყველას ყველაფერს კონკრეტულ თხოვნასთან დაკავშირებით და ცდილობს ეძიოს გამოხატულება ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსისა. ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსი გამოიხატება ადგილობრივ მართლმადიდებელ ეკლესიათა კრებებით."
გ),,გამოხატავს რა თანხმობას დედაეკლესიისა და ყოვლადმართლმადიდებლურ კონსესუსს, მსოფლიო საპატრიარქო, საპატრიარქო ტომოსის გამოცემით ოფიციალურად განაცხადებს მთხოვნელი ეკლესიის ავტოკეფალიას. ტომოსი ხელმოწერილი იქნება მსოფლიო პატრიარქის მიერ (ასევე სასურველია ყველა ავტოკეფალურ ეკლესიათა წინამძღოლთა მიერ) და აუცილებლად დედაეკლესიის წინამძღოლის მიერ", მხოლოდ ყველა ამ პროცედურული ნაბიჯების განხორციელების შემდეგ, ახალი ავტოკეფალური მართლმადიდებელი ეკლესია ხდება დანარჩენი ავტოკეფალური ადგილობრივი ეკლესიების ოჯახის სრულუფლებიანი წევრი.

2009 წელის დეკემბერში, შამბეზის შეხვედრაზე, შეიქმნა შეთანხმებული დოკუმენტი: ,,დედაეკლესიის თანხმობისა და ყოვლადმართლმადიდებლური კონსესუსის საფუძველზე, მსოფლიო პატრიარქი აცხადებს ავტოკეფალიას ამის მთხოვნელი ეკლესიისათვის, ავტოკეფალიის შესახებ ტომოსის გამოცემით. ეს ტომოსი ხელმოიწერება მსოფლიო პატრიარქის მიერ და იქვე დასტურდება წმინდა მართლმადიდებელი ეკლესიების უნეტარესი წინამძღოლებისაგან, რომლებიც ამისათვის მოწვეულნი არიან მსოფლიო პატრიარქის მიერ."
2011 წელსაც მიმდინარეობდა ავტოკეფალიის დოკუმენტზე მუშაობა, მაგრამ რუსეთის ეკლესიის პოზიციის გამო, რომელმაც ტომოსის ხელმოწერის ოთხ შემოთავაზებულ ვარიანტზე უარი თქვა, დოკუმენტზე შემდეგი საერთო მსჯელობა შეჩერდა.
აუცილებლად აღსანიშნავია ის, რომ მართლმადიდებელმა ეკლესიებმა მაღალი პასუხისმგებლობის შეგნებით განახორციელეს დიდი სამუშაო. მასში საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის და წმინდა სინოდის კურთხევით ჩართული იყვნენ საქართველოს ეკლესიის სხვადასხვა წარმომადგენელნი, რომლებიც ნამდვილად იმსახურებენ მადლიერებისა და პატივისცემის სიტყვებს.
აქვე დავსძენთ, რომ ამავდროულად ხდებოდა იმ დოკუმენტის დამუშავება, რომელიც ეხებოდა რომელიმე ეკლესიისათვის ავტონომიის მინიჭების საკითხს. ეკლესიისათვის ავტონომის მინიჭების შესახებ დოკუმენტის მოკლე შინაარს გაგაცნობთ და დავაფიქსირებ იმ პუნქტებს, რომელიც ჩვენი წერილის კონტექსტში შეიძლება იყოს საინტერესო: ავტონომიას ანიჭებს ავტოკეფალური ეკლესია; ის გამოსცემს შესაბამის ტომოსს; ატყობინებს დანარჩენ მართლმადიდებელ ეკლესიებს; ავტონომიის მინიჭება შესაძლოა მხოლოდ ავტოკეფალური ეკლესიის გეოგრაფიულ კომპეტენციაში; არსებობს ავტონომიის სხვადასხვა ფორმები; გამოვყოფ შემდეგს:

ა),,მართლმადიდებელი დიასპორების ტერიტორიებზე ავტონომიური ეკლესიები არ დაიფუძნებიან, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც არსებობს მსოფლიო პატრიარქის მიერ საერთო მართლმადიდებლური წესით უზრუნველყოფილი ყოვლადმართლმადიდებლური თანხმობა."
ბ),,ერთ გეოგრაფიულ საეკლესიო რეგიონში, ორი ავტოკეფალური ეკლესიის მიერ მინიჭებული ავტონომიის შემთხვევაში, ავტონომიის გამო წარმოქმნილი უთანხმოების შემთხვევში, მხარეებს ერთობლივად, ან ცალ-ცალკე, შეუძლიათ მიმართონ მსოფლიო პატრიარქს, რათა მან იპოვოს საკითხის კანონიკური გადაჭრის გზები, ყოვლადმართლმადიდებლური შეთანხმებების მიხედვით."

ეს პუნქტები მოვიყვანეთ სამაგალითოდ იმისა, რომ მართლმადიდებელი ეკლესიები თანხმდებოდენ მსოფლიო პატრიარქის მაღალ ავტორიტეტზე და განსაკუთრებულ მაკოორდინირებელ როლზე.
ორივე საკითხი უნდა გასულიყო დიდ კრებაზე, ამაზე იყო საუბარი 2014 წელსაც მართლმადიდებელ ეკლესიათა წინამძღოლების შეხვედრაზე სტამბულში. ჩვენი პატრიარქის მიერ, 2015 წელს გაგზავნილ წერილშიც აღინიშნა საკითხების მნიშვნელობა და მათი ერთობლივი განხილვის საჭიროებაც. მაგრამ, დიდი კრების წინამოსამზადებელი შეხვედრების დღის წესრიგიდან, მოიხსნა (დოკუმენტის არსებითი განხილვაც არ მომხდარა, ისე როგორც სხვა დოკუმენტების შემთხვევაში ხდებოდა) ავტოკეფალიის მინიჭების შესახებ დოკუმენტი. დავამატებ, მიუხედავად ეკლესიების დაინტერესებისა, რომ დიდ კრებაზე განხილული ყოფილიყო ავტოკეფალიის საკითხი, ამ საკითხის მოხსნაზეც ფართო სახის კონსულტაციები არ გამართულა.

როგორც ვხედავთ, რაოდენ მნიშვნელოვანი საკითხები (ასევე სხვაც) დარჩა მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის საბოლოო შეთანხმების მიღწევის გარეშე. ვფიქრობ, რომ სწორედ ამაში მდგომარეობს დღევანდელი რთული და გარკვეულ წილად დამაბნეველი სიტუაციის შექმნის მიზეზი. შეთანხმების არარსებობის ვითარებაში მხარეებს არ აკავშირებს აღებული საერთო ვალდებულებები, ისინი სხვადასხვანაირად უდგებიან საკითხს და თავისუფლადაც მოქმედებენ. საკუთარი პოზიციის დასამტკიცებლად კი იყენებენ ავტორიტეტულ საეკლესიო მამათა არაერთგვარ განმარტებებს, სხვადასხვა მაგალითებს ეკლესიის ისტორიიდან, ასევე მიმართავენ ზოგიერთი, ძველი ტრადიციების წესად აღიარების ფორმასაც.
მორწმუნე ადამიანების აზროვნება უნდა მიედინებოდეს საეკლესიო სწავლების კალაპოტში. სამწუხაროდ, ზოგჯერ მიწიერი ვნებათაღელვა ამოგვაგდებს ხოლმე ამ კალაპოტიდან. ამიტომ, ვფიქრობ, რომ დღეს უკრაინაში შექმნილი რთული ვითარება თავიდან იქნებოდა აცილებული იმ შემთხვევაში, თუ პასუხი თავის დროზე გაეცემოდა შემდეგ შეკითხვებს:

1. დღევანდელ ისტორიულ რეალობაში, უკრაინელ მართლმადიდებელ ერს ვისთვის უნდა მიემართა თხოვნით, რომ ქონოდა ეროვნული ავტოკეფალური ეკლესია?
2. კონკრეტულად ვინ უნდა იყოს ეკლესიის ავტოკეფალიის მთხოვნელი?
3. ვის უნდა წამოეწყო ავტოკეფალიის მინიჭების პროცედურა და რა რიგად უნდა წარმართულიყო ის?
4. წინასწარ უნდა გარკვეულიყო, რამდენად სწორი და უშფოთველი იქნებოდა სქიზმატი, ანათემირებული და თვითაღიარებული ე.წ. სასულიერო პირების ევქარისტიულ კავშირში შემოყვანის ამგვარი წესი?3
5. არა მხოლოდ სახელმწიფოსთვის და მისი პოლიტიკური მიზნებისთვის, არამედ მთელი მართლმადიდებელი ეკლესიისათვის და უკრაინის მორწმუნე სამწყსოსთვის, რამდენად მიზანშეწონილი იყო ერთობ გამწვავებული საკითხის მოცემული გადაჭრის გზა?
6. უკრაინაში შექმნილი ვითარების გადაწყვეტის სცენარი, ხელს შეუწყობს სხვა, მსგავსი საეკლესიო პრობლემური საკითხების გადაჭრას?

მიმაჩნია, რომ მომავალში მაინც, ეკლესიათა ყოვლადმართლმადიდებლურ შეხვედრას შეუძლია არსებული დაძაბულობის შემცირება. ვიმედოვნებ, რომ მიიღწევა ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე საერთო ეკლესიათაშორისი შეთანხმება და უკვე ამის შემდეგ, შესაძლებელი გახდება დაპირისპირებისა და ვნებათაღელვის გარეშე, ახალი ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიისთვის ავტოკეფალიის მინიჭების საკითხზე მსჯელობა და მისი განხორციელება.

,,რამეთუ არა შემქმნა ჩვენ ღმერთმან რისხვისათვის, არამედ შესაწევნელად ცხოვრებისა უფლისა ჩვენისა მიერ იესო ქრისტესა."" (1თეს.5,9).
-----------------------------------------------------
3 ციტატა 2018წ. ოქტომბრის კონსტანტინოპოლის სინოდის დადგენილებიდან:  
,,Κατά τάς κανονικάς προνομίας τοῦ Πατριάρχου Κωνσταντινουπόλεως ὅπως δέχηται ἐκκλήτους προσφυγάς ἀρχιερέων καί ἄλλων κληρικῶν ἐκ πασῶν τῶν Αὐτοκεφάλων Ἐκκλησιῶν, νά δεχθῇ τάς σχετικάς αἰτήσεις τοῦ Φιλαρέτου Ντενισένκο καί τοῦ Μακαρίου Μαλετίτς καί τῶν σύν αὐτοῖς, οἵτινες εὑρέθησαν ἐν σχίσματι ὄχι διά δογματικούς λόγους, καί νά ἀποκαταστήσῃ αὐτούς μέν εἰς τόν ἀρχιερατικόν ἤ ἱερατικόν αὐτῶν βαθμόν, τούς δέ πιστούς αὐτῶν εἰς ἐκκλησιαστικήν κοινωνίαν"- ,,ფილარეტ დენისენკოს, მაკარი მელეტიჩის და მათი მიმდევრებისაგან, რომლებიც სქიზმაში აღმოჩდნენ არა დოგმატური მიზეზების გამო, მიღებულ და განხილულ იქნას აპელაციის თხოვნა  კონსტანტინოპოლის პატრიარქის კანონიკური პრეროგატივების შესაბამისად, მიიღოს ამგვარი მომართვები ყველა ავტოკეფალური ეკლესიის იერარქებისა და დანარჩენი ღვთისმსახურებისაგან. ამგვარად, ზემოხსენებული პირნი კანონიკურად იქნენ აღდგენილნი თავიანთ საეპისკოპოსო თუ სამღვდელო ხარისხში. ასევე აღდგენილ იქნა მათი მრევლის კავშირი ეკლესიასთან."

ბეჭდვა
1კ1