მეუფე კალისტრატე - პატრიარქს: "უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, დიდია ღვთის ძალა, რომელმაც თქვენი წმინდა ლოცვით სამარადისოდ გულში ჩამახუტა საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიას"
მეუფე კალისტრატე - პატრიარქს: "უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, დიდია ღვთის ძალა, რომელმაც თქვენი წმინდა ლოცვით სამარადისოდ გულში ჩამახუტა საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიას"
მ ი ლ ო ც ვ ა...
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი კალისტარტეს [მარგალიტაშვილი] მღვდელმთავრად კურთხევიდან 35 წლისთავის გამო...
"და არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აჰრონ"(ებრ.5.4.).

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, თქვენი ამქვეყნად მოვლინება გვახსენებს წმინდა ისაია წინასწარმეტყველის სიტყვებს: ,,მე ამოგირჩიე და არა დაგიტეო შენ, ნუ გეშინინ, რამეთუ შენთანა ვარ"(ისაია 41, 9-10).
დღეს, ჩვენი გული აღვსილია მრავალი გრძნობით და აზრით. უპირველეს ყოვლისა მინდა გამოვხატო ჩემი თქვენდამი სიყვარული და უღრმესი პატივისცემა.
ადამიანის ცხოვრებაში იშვიათად, მაგრამ მაინც არსებობს წუთები, როდესაც არ შეიძლება გამოითქვას გრძნობები, რომელიც მას ეუფლება. ყველა სიტყვა, რომელიც შეიძლება მე, ამ წამს დავწერო, ღარიბი იქნება ჩემს განცდებთან შედარებით, რაც მე ბავშვობიდან (9 წლის ვიყავი) თქვენთან მაკავშირებს.

მეუფეო, ჩვენ, თქვენი შვილობრივი სამწყსო, ვიხსენებთ იოანე მახარებლის სიტყვებს: "ესე არს სიყვარული, არა რამეთუ, ჩვენ შევიყვარეთ ღმერთი, არამედ რამეთუ მან ჩვენ შემიყუარნა" [I იოანე, 4.10].
ქართველი ერი ორი ათასი წლის მანძილზე სისხლის ფასად იცავდა ქრისტიანულ რწმენას, თავის კულტურას და ეროვნულ თვითშეგნებას. ადამიანებში ამ შეგნების დაბრუნებასა და აღორძინებაში დიდი წვლილი თქვენ მიგიძღვით.
თქვენ, იმ დროის სასულიერო პირთა რიგებს ამშვენებდით, როდესაც ქადაგების გამო, სიყვარულისა წილ - საზღაურად - დამცირებასა და დევნულებას განიცდიდით. მაგრამ თქვენ გესმოდათ რომ სწორედ ამაშია ქრისტიანობის გამორჩეული სიდიადე, მისი არსი.
მეუფეო, თქვენი მამობრივი დარიგებანი წუთისოფლის ნარეკლიან, ძნელ სავალ გზებს უადვილებს ქრისტეს სარწმუნოების მიმდევართ. ერთგან ბრძანებთ: "ყველამ უნდა მოვიპოვოთ სიმდაბლე, მორჩილება, სულგრძელობა, გავხდეთ სულიერი მოქალაქენი ჩვენს ჯვარცმულ სამშობლოში.."

1983 წლის 25 დეკემბერს, დედა სიონის საპატრიარქო ტაძარში, სადაც განისვენებს საქართველოს ეკლესიის მამამთავარნი, მათ შორის თქვენი მოსახელე კათალიკოს-პატრიარქი წმიდა კალისტრატე (ცინცაძე) ნებითა ღვთისათა აღირჩიეს ღირსება თქვენი.
ეპისკოპოსად კურთხევისას თქვენ ბრძანეთ: "დღეს ღვთიური სიხარულია ჩემს გულში, რომელიც მთლიანად შეიწირა განგების ძალამ და მომიწოდა მღვდელმთავრად საქართველოს უძველესი ეკლესიის, ქუთაის-გაენათის ეპარქიისა".
ქუთაის გაენათის ეპარქიამ, თქვენი სახით იხილა ახალი კეთილი მესაჭე, თქვენ გახდით იმ ეკლესიის მღვდელმთავარი, რომლის ისტორიაა საუკუნეებს ითვლის და მისი ფესვები იესო ქრისტეს მოციქულთა ხანას სწვდებიან. ეპარქიისა, რომელსაც მღვდელმთავრობდნენ: წმიდა დოსითეოს ქუთათელი და ექვთიმე გაენათელი, საქართველოს ოქროპირად წოდებული იმერეთის ეპისკოპოსი გაბრიელი, მიტროპოლიტი ლეონიდე, საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალიის აღდგენისათვის მებრძოლი, მიტროპოლიტი ანტონ ქუთათელი, მღვდელმოწამე ნაზარი და სხვა.

თქვენზე აღსრულდა მოციქულის მიერ თქმული სიტყვები: "და არავინ თავით თვისით მოიღოს პატივი, არამედ რომელი წოდებულ არნ ღმრთისა მიერ, ვითარცა იგი აჰრონ"(ებრ.5.4.).
თქვენ, გეკუთვნით სიტყვები, რომლითაც 1983 წელს უწმიდეს პატრიარქს ილიას მიმართეთ: "უწმინდესო და უნეტარესო მეუფეო, დიდია ღვთის ძალა, რომელმაც თქვენი წმინდა ლოცვით სამარადისოდ გულში ჩამახუტა საქართველოს სამოციქულო დედა ეკლესიას".

თქვენ, ეპისკოპოსად დადგინებისას წარმოსთქვით წმინდა დავით მეფსალმუნის სიტყვები: "გმადლობ შენ უფალო, შენდამი არს გალობა ჩემი მარადის" და მას მერე უგალობთ და განადიდებთ შემოქმედ ღმერთს.
თქვენი სამღვდელმთავრო მოღვაწეობის განუყოფელი ნაწილი იყო ყოველდღიური ღვთისმსახურება. არაერთხელ გვინახავს საკუთარი თვალით, მუხლმოდრეკილი მლოცველი იმერეთის ეპისკოპოსის წმიდა გაბრიელის საფლავთან, ასევე საათობით მლოცველი თქვენთვის საყვარელ მთავარანგელოზთა ხატთან პეტრე-პავლეს ტაძრის საკურთხეველში...

მაღალყოვლადუსამღვდელოესო მეუფეო, თქვენი სამღვდელმთავრო მოღვაწეობა განუწყვეტელი მატიანეა ქველმოქმედებათა და კეთილთა საქმეთა ქმინისა. ეკლესია-მონასტერთა აღმშენებლობისა.
კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევითა და თქვენი დიდი ძალისხმევით, საქართველოში სასულიერო განათლების მრავალსაუკუნოვანი ტრადიციის თანახმად, გელათის მონასტერში 1990 წელს აღდგა გელათის სასულიერო აკადემია.
1995-1996 სასწავლო წლიდან ქალაქ ქუთაისში გაიხსნა გაბრიელ ეპისკოპოსის მიერ დაარსებული ქუთაისის სასულიერო სემინარია.
1995-1996 სასწავლო წლიდან ქ. ქუთაისში გაიხსნა სასულიერო სასწავლებელი.
KARIBCHE

1985 წლის 14-27 მაისს კათოლიკოს-პატრიარქის ლოცვა-კურთხევით ჩერნობილის ტრაგედიის დროს, ტრაგედიიდან რამდენიმე დღეში ჩაბრძანდით ჩერნობილში უკრაინელი ხალხის სულიერი თანადგომისათვის.
1993 წლის სექტემბერში, ჩვენი ქვეყნისთვის მძმე დღეებში, აფხაზეთის ომის დროს ქართველ მეომართა, მებრძოლთა გასამხნევებლად იმყოფებოდით სოხუმში.
თქვენს მიერ საქართველოში აღდგენილია ხუთი: ზემო სვანეთის, ქვემო სვანეთის, ხონისა და სამტრედიის, ვანისა და ბაღდადის, ტყიბულის ეპარქიები. აღდგენილი და აშენებულია ასობით ეკლესია მონასტერი.
ღვთისა და ეკლესიისადმი თქვენი მოღვაწეობის ნაყოფს, მომავალი თაობები ოქროს ასოებით ჩაწერენ სისხლით მორწყული საქართველოს ისტორიის ფურცლებზე. ისევე როგორც ოქროს ასოებით არის ჩაწერილი თქვენი სახელი ჩვენს გულებში.
დროისა და ჟამის განმგებელმა მაღალმა ღმერთმა განამრავლოს დღენი და წელნი ცხოვრებისა თქვენისანი, რათა ვიყვნეთ ერთი სამწყსო და უფალი იყოს მწყემსი ჩვენი.
ისპოლაეტი დესპოტა!

ირაკლი ლორთქიფანიძე
ისტორიის დოქტორანტი, თეოლოგიის მაგისტრი,
გელათის სასულიერო აკადემიისა და სემინარიის ლიტურგიკის ლექტორი

ქრისტესშობიდან 2018 წლის 25 დეკემბერი
ქ. ქუთაისი




ბეჭდვა
1კ1