10 წელია, რაც რუსთავის ცამეტი ასურელი მამის ტაძრის მრევლი უწყვეტი ლოცვით დგას სამშობლოს სადარაჯოზე
10 წელია, რაც რუსთავის ცამეტი ასურელი მამის ტაძრის მრევლი უწყვეტი ლოცვით დგას სამშობლოს სადარაჯოზე
უკვე 10 წელია, ქალაქ რუსთავის წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოში ჩვენი სამშობლოს ერთიანობისა და მშვიდობისთვის ოცდაოთხსაათიანი ლოცვა აღესრულება. მრევლი წინამძღვრის, დეკანოზ კახაბერის ლოცვა-კურთხევით ოცდაოთხი საათის განმავლობაში ტაძარში უფლის სადიდებელ ფსალმუნებსა და წმინდანთა დაუჯდომლებს კითხულობს. გვესაუბრება მამა კახაბერი (ტაბატაძე):

- როდესაც ჩვენს სამშობლოს ყველაზე მეტად უჭირდა, 2008 წლის აგვისტოში, როდესაც რუსეთის სამხედრო თვითმფრინავები მთელ საქართველოს ბომბავდნენ, ჩვენი პირტიტველა ბიჭები კი სამშობლოს სადარაჯოზე იდგნენ, უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათალიკოს-პარტიარქმა ილია მეორემ თავის სამწყსოს ლოცვისკენ მოუწოდა. ამქვეყნად ორგვარი ბრძოლა არსებობს: ხილული და უხილავი. ჩვენ ხილული ბრძოლის ველზე არ ვიყავით, ამიტომ უხილავ ბრძოლაში უნდა შევწეოდით ჩვენს საქართველოს. მაშინ დამებადა იდეა, დაგვეყენებინა ოცდაოთხსაათიანი ლოცვა. ორმოცდაოთხი დღის განმავლობაში კითხულობდა მრევლი ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელს, პარალელურად, განსაკუთრებით კი ღამისმთეველთა ჯგუფის მიერ, იკითხებოდა წმინდანთა: წმინდა ნიკოლოზის, წმინდა გიორგის, წმინდა ნინოს... დაუჯდომლები.
ერთადერთი იმედი ღვთის წმინდა ნებაა, როდესაც არ იცი, როდის და სად ჩამოაგდებენ ჭურვს. სწორედ ასეთ დროს ადამიანი გულანთებულია უფლის სიყვარულითა და სასოებით. მრევლმაც დიდი სიყვარულით მიიღო კურთხევა. მოწადინებით შევუდექით უწმინდესის ლოცვა-კურთხევის აღსრულებას. ქეთევან ნათენაძეს დავავალე, ეხელმძღვანელა მსურველთათვის, შეედგინა განრიგი, რათა განუწყვეტლივ წაგვეკითხა ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელი ჩვენი სამშობლოს გადასარჩენად. მრავალმოწყალე უფალი ჩვენს ძალიან მცირედ გარჯასაც კი უდიდესი წყალობით პასუხობს. არ დამავიწყდება მრევლის სიხარული, როდესაც ვაზიანის ტერიტორიაზე ჩამოგდებული ხუთი ჭურვიდან არც ერთი არ აფეთქდა. მაშინ ახალი დაწყებული გვქონდა ოცდაოთხსაათიანი ლოცვა. ამ ფაქტმა კიდევ უფრო განგვამტკიცა და მეტი მონდომებით განვაგრძეთ ლოცვა. 21 აგვისტოს კი საბერძნეთიდან საქართველოში შემობრძანდა ივერიის ღვთისმშობლის ხატი. ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ხილულად დაგვანახა თავისი დედობრივი სიყვარული და მზრუნველობა.

13 ასურელის ტაძრის მრევლი ქეთევან ნათენაძე:

- უფლის შეწევნით. მრევლმა დიდი სიყვარულით მიიღო ჩვენი წინამძღვრის მამა კახაბერის ლოცვა-კურთხევა და დიდი გულმოდგინება გამოიჩინა. შევადგინე განრიგი, რომლის მიხედვით თითოეულ ჩვენგანს თვეში ორჯერ უწევდა ღამისთევით დაუჯდომელთა კითხვა. რა თქმა უნდა, იყო შემთხვევა, როდესაც ერთ-ერთი ჩვენგანი ვერ ახერხებდა თავისი კანონის შესრულებას, მაგრამ ამას წინასწარ გვატყობინებდა და ვისაც შეეძლო იმ დროს მისი შეცვლა, ის კითხულობდა დაუჯდომელს. ომის დროს ყველას გვიჭირდა, ეს იყო როგორც სულიერი, ასევე ფიზიკური განსაცდელი. ლოცვა კი სალბუნად გვედებოდა ნაიარევ გულზე. მრავალი ჩვენგანის ოჯახის წევრი თუ ნათესავი მაშინ უთანასწორო ბრძოლის ველზე იყო. ჩემი დისქმარი ზაზა ფერაძე მეოთხე ბრიგადაში გადაიყვანეს. ეს ხომ ის ნაწილი იყო, ზვარაკად რომ შეეწირა საქართველოს. მე მხოლოდ ლოცვით შემეძლო შევწეოდი მებრძოლებს. სამწუხაროდ, ზაზა ბრძოლის ველზე დაიღუპა... თანამებრძოლები ჰყვებოდნენ, თურმე როდესაც დაჭრილი კაპიტანი გამოიყვანა, გაიხადა ჯავშანჟილეტი და ერთ-ერთ ჯარისკაცს მისცა. "რას შვრები, შენს ცოლ-შვილს ვის უტოვებო", - უთქვამს მას, ზაზას კი უპასუხია: "მე ცოლიც მყავს და შვილიც, შენ კი არც ცოლი გყავს და არც შვილი, გამომართვიო". მისცა ჯავშანჟილეტი და ერთ-ერთი დაჭრილის გამოყვანისას დაიღუპა... ჩვენს ბუნებასა და გენში დევს მოყვასისთვის თავდადება.

- ამჟამად ოცდაოთხი საათის განმავლობაში წმინდა ცამეტი ასურელი მამის სახელობის სამლოცველოში ფსალმუნებით ადიდებთ უფალს. ქეთევან, როდის დაიწყეთ ფსალმუნთა განუწყვეტელი კითხვა?


- როგორც უკვე აღვნიშნეთ, თავდაპირველად მამა კახაბერის კურთხევით აგვისტოს ომის დროს ივერიის ღვთისმშობლის დაუჯდომელს ვკითხულობდით ორმოცდაოთხი დღე. დაახლოებით თვე-ნახევრის შემდეგ ჩვენს სამშობლოში კვლავ დაიძაბა შიდაპოლიტიკური ვითარება. ნოემბრის მოვლენებთან დაკავშირებით მამა კახაბერმა მოგვცა ლოცვა-კურთხევა, აღგვედგინა ოცდაოთხსაათიანი ლოცვა საქართველოს გადარჩენისა და მშვიდობისთვის. ამჯერად წინამძღვრის კურთხევა იმას ნიშნავდა, რომ აღგვესრულებინა ოცდაოთხსაათიანი ლოცვის კანონი, სანამ ჩვენს სამშობლოში სრული სიმშვიდე არ იქნებოდა.

- მრევლს არ უჭირს კურთხევის შესრულება?

- არა. უფალი შეიწირავს თითოეული ჩვენგანის სურვილსა და გულმოდგინებას და ძალას გვმატებს. შედგენილი განრიგის მიხედვით განვაგრძობთ ფსალმუნთა კითხვას. ღამისთევა თვეში ორჯერ გვიწევს. ხუთ-ექვსკაციანი ჯგუფი საღამოს ათი საათიდან დილის რვამდე მორიგეობით კითხულობს ფსალმუნებს. შუალედში კი იკითხება ძველი და ახალი აღთქმა, დაუჯდომლები. ხშირად უთქვამთ, მთელი დღის დაღლილნი ღამით, ლოცვისას ვისვენებთო. "ფსალმუნთა კითხვა, - ბრძანებს წმინდა ბასილი დიდი, - ღმერთს ავედრებს კაცობრიობას". წმინდა მამების ნათქვამსაც გავიხსენებ: "კითხვა ფსალმუნებისა ცეცხლოვანი სვეტია, აღმართული დედამიწიდან ზეცამდე".

- თუ ადამიანს რწმენა არ აქვს, ასეთ ღვაწლს ვერ იტვირთავს...

- მთავარი უფლის სიყვარულია, რაც ქმედით სარწმუნოებაში გამოიხატება. ადამიანი ამქვეყნად ორ მდგომარეობაში არსებობს: ან უფალთან არის, ან ძიების პროცესშია. თუკი შეხვდება უფალს, მას ვეღარასოდეს განეშორება.

P. S. ჩვენმა მკითხველმა ალბათ არ იცის, რომ მლოცველთა სწორედ ამ ჯგუფმა აიღო ინიციატივა, შეესრულებინა პატრიარქის კურთხევა და 24 საათიანი ლოცვის ორგანიზება სვეტიცხოველშიც მოეხდინა.  ქალბატონი ქეთევანი ახლა სვეტიცხოველში დგას მრევლთან ერთად სამშობლოს სადარაჯოზე. უფალმა ისმინოს თქვენი ლოცვა, მამულისათვის დამაშვრალნო!
KARIBCHE
ბეჭდვა
1კ1