მთელი გულით მებრალებიან ის ადამიანები, ვინც ეს კანონი მიიღო, რადგან არ იციან, რას უმზადებენ საკუთარ თავს
მთელი გულით მებრალებიან ის ადამიანები, ვინც ეს კანონი მიიღო, რადგან არ იციან, რას უმზადებენ საკუთარ თავს
მარიხუანას ლეგალიზაციაზე სასულიერო პირები საკუთარ აზრს გამოთქვამენ

ავჭალის, წმიდა ქეთევან დედოფლის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი (რაზმაძე):
-მინდა გამოვეხმაურო რამდენიმე დღის წინ მომხდარ ამაზრზენ ფაქტს, რომელიც ეხება ნარკოტიკების ლეგალიზაციის თემას და საკონსტიტუციო გადაწყვეტილებას, რომელიც ნებას რთავს ადამიანს, მოიხმაროს ნარკოტიკი თავისუფლად. ეს არის ქართველი ერისთვის სულში ჩაფურთხების კიდევ ერთი ნათელი მაგალითი. იმ ოთხი ე.წ. "ადამიანის" გადაწყვეტილებას რა შეიძლება ეწოდოს, თუ არა სამშობლოს ღალატი. მათ ვეკითხები, რა პასუხი უნდა გასცენ თავიანთ ოჯახის წევრებს, შვილებს, შვილიშვილებს, მეგობრებს, ნათესავებს და ბოლოს ეკლესიას?! ამით მათ გააგრძელეს "ციანიდის საქმე", რომელიც საქართველოს პატრიარქს ეხება, რადგან ის ერის სულიერი მამაა, და ყოველი მსგავსი გადაწყვეტილება მათი მხრიდან, პატრიარქს მძიმე დარტყმას აყენებს. ანგელოზის დღე ასე მიულოცეს მას დღესასწაული ამ უგვანო მოსამართლეებმა, ხელისუფლებისა და პარლამენტის ზოგიერთმა წარმომადგენლებმა, რომლებიც ლობირებენ ნარკოტიკების ლეგალიზაციას ამ ქვეყანაში.
რა მიიღეს ასეთი გასამრჯელო მმართველი გუნდისგან და მათ შორის ივანიშვილისგან, რომ ამ წუთისოფელშივე თავიანთ თავს და საკუთარ შთამომავლობას გამოუტანეს ასეთი საშინელი განაჩენი?! მე არ მახსოვს ერისთვის ასეთი ბოროტი გადაწყვეტილება ოდესმე მიეღოს რომელიმე ერის სასამართოს ან ხელისუფლებას. ეს არის იმ დიდი ბოროტების ნაწილი, რომელიც ქართველი ერის ასიმილაციას ისახავს მიზნად. არაბების და თურქების უკონტროლო შემოშვებას და დამკვიდრებას ამ ქვეყანაში დაემატა ნარკოტიკებით გაბრუებული მომავალი თაობა, რომელიც ვერასდროს ვერ გამოადგება საკუთარ სამშობლოს კი არა, საკუთარ ოჯახსაც კი. მაქვს კითხვა, ერის გამოჩენილ მოღვაწეებთან: მეცნიერებთან, ფილოსოფოსებთან, ისტორიკოსებთან, მედიცინის მუშაკებთან, სპორტსმენებთან, ხელოვნებისა და კულტურის მოღვაწეებთან: დრო აღარ არის ხმა ამოიღოთ იმ ბოროტებაზე, რაც ჩვენს ქვეყანაში ტრიალებს?! თუ უკვე თქვენც ყველა გიყიდათ ბიძინა ივანიშვილმა?! თუ ასე არ არის, მაშინ ქართველი ერი ელოდება თქვენგან მკაცრ რეაგირებას.

უკვე დროა ეკლესიამაც გამოხატოს საკუთარი მკაცრი პოზიცია ამ საკითხებთან დაკავშირებით. ეპისკოპოსები ვალდებულნი არიან დაიცვან ერის ზნეობა და ღვთის კალთის ქვეშ გააერთიანონ მთელი ერი. იმედია ჩვენი ეკლესია სათანადო პასუხს გასცემს ამ ამაზრზენ ფაქტებს, რომელიც ჩვენი ერის მომავალი თაობის გადაშენებას ემსახურება. ე.წ. "ხელისუფლებას" და "პარლამენტს", რომელიც უკვე დიდი ხანია ხალხის ნების ნაცვლად "ცისფერი კომისრების" დავალებებეს ასრულებენ, ვურჩევ გონს მოეგონ და ყველანაირად ეცადონ გამოსავალი მოძებნონ ამ საშინელი მდგომარეობიდან. ქართველ ხალხს მწარე გამოცდილება აქვს იმისა, თუ "დაბოლილ" ხელისუფლებას რა საშინელ მდგომარეობამდე მიყავს ქვეყანა, ვგულისხმობ სააკაშვილსა და მარგველაშვილს. გვინდა მათი მსგავსი მომავალი თაობა გვყავდეს?! ღმერთმა დაგვიფაროს!!! თუ დროზე გონს არ მოვეგებით და ხელისუფლება არ დაიცავს ქართველი ერის ინტერესებს, ბერძნული ტრაგედია მონაგონი გახდება და მერე გვიანი იქნება დამნაშავის ძიება.

აზერბაიჯანის საზღვარზე, წითელ ხიდზე მდებარე მთავარანგელოზთა სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მღვდელმონაზონი ანდრია (ორმოცაძე):

- მსურს უდიდესი გულისტკივილით გამოვეხმაურო საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებას, რომელიც მიზნად ისახავს ჩვენი ერის, როგორც სულიერ, ისე ფიზიკურ განადგურებას. ეს გადაწყვეტილება სხვა არაფერია, თუ არა ქვეყნის ღალატი და მატერიალურ საფასეზე გაცვლა საკუთარი სამშობლოსი, რადგან აღნიშნული გადაწყვეტილება აბსოლუტურად ეწინააღმდეგება ჩვენი საზოგადეობის უმრავლესობის სურვილს.
ხელისუფლება ვალდებულია საზოგადოების წინაშე ერთპიროვნულად არ მიიღოს ისეთი გადაწყვეტილებები, რაც საზოგადეობის მოთხოვნას ეწინააღმდეგება, რადგან ხელისუფლების წყარო სწორედაც რომ ხალხია. არ შეიძლება მსგავსი უგრძნობელობა და გაუცხოვება საკუთარი საზოგადეობისაგან. ნუთუ სინდისი არ აწუხებთ იმ მშობლების და პატარების წინაშე, რომელთა ოჯახის წევრები ნარკოდამოკიდებულნი არიან? ნუთუ პასუხისგებლობა და სიბრალური არ გააჩნიათ მომავალი თაობის მიმართ, რომლებიც ძალიან მარტივად შეიძლება ნარკოდამოკიდებულნი გახდნენ? ნუთუ ერთხელაც არ დაფიქრებულხართ სამშობლო, რომლის მართვის სადავეებიც თქვენ გაქვთ დღემდე როგორ მოვიდა?
რა არის ჩვენი მთავარი ღირებულება, რომელიც არასოდეს არ უნდა დავივიწყოთ?- ჩვენი უფალია, რომელმაც სამშობლო, ენა და არსებობა შეგვინარჩუნა. ნუთუ არ გახსენდებათ წმინდა ილია მართლის სიტყვები? თუ გინდა ერი გადაშენების პირას მიიყვანო, წარსული უნდა დაავიწყო. საუბედუროდ მავანს ამ ყოველივეს განხორციელება თქვენით აქვს მოწადინებული. სამწუხაროა, როდესაც ადამიანი თავის უმთავრეს ღირებულებას ან ფულში ცვლის ან თუნდაც წუთიერ სიცოცხლეში.
ასეთი საოცარი სიტყვები არის ჩვენი წინაპართაგან გაჟღერებული: "რატომ დიდგულობ სიკვდილო, სირცხვილზე მეტი ხომ არ ხარო?", სწორედაც რომ ესე ხელმძღვანელობდნენ ჩვენი წინაპარნი. გმირობა ყველას ნამდვილად არ მოეთხოვება, მაგრამ ადამიანობა კი ყველას ვალია. მთელი გულით მებრალებიან ის ადამიანები, ვინც ეს კანონი მიიღო და ვინც გახდა აღნიშნულის ხელშემწყობნი, რადგან არ იციან, რას უმზადებენ საკუთარ თავს. ეს მხოლოდ ჩემი სათქმელი არ გახლავთ და არც ბოლომდე გამოთქმული გულისტკივილი, მსგავსად ჩვენი ერის აბსოლუტური უმრავლესობა ფიქრობს.


ბეჭდვა
1კ1