საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო
 საკონსტიტუციო სასამართლომ ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ, ეკლესია-ტაძრების მშენებლობისას დღგ-სგან მხოლოდ საპატრიარქოს გათავისუფლების მუხლი არაკონსტიტუციურად სცნო.
საკონსტიტუციო სასამართლომ მიიჩნია, რომ კონსტიტუციური სარჩელი №671 (სსიპ "საქართველოს ევანგელურ-ბაპტისტური ეკლესია", ააიპ "საქართველოს სიცოცხლის სიტყვის ეკლესია", სსიპ "ქრისტეს ეკლესია", სსიპ "საქართველოს სახარების რწმენის ეკლესია", ააიპ "მეშვიდე დღის ქრისტიან-ადვენტისტთა ეკლესიის ტრანსკავკასიური იუნიონი", სსიპ "ლათინ კათოლიკეთა კავკასიის სამოციქულო ადმინისტრაცია", ააიპ "ქართველ მუსლიმთა კავშირი", სსიპ "წმინდა სამების ეკლესია" საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტის სიტყვების "საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით" ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ისგან ათავისუფლებს მხოლოდ საქართველოს საპატრიარქოს დაკვეთით გაწეულ ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობის, რესტავრაციისა და მოხატვის მომსახურებას.

კერძოდ, სასამართლოს განმარტებით, არაკონსტიტუციური ნორმა ძალადაკარგულად იქნეს ცნობილი 2018 წლის 31 დეკემბრიდან.
გადაწყვეტილება ძალაშია საკონსტიტუციო სასამართლოს ვებგვერდზე გამოქვეყნების მომენტიდან. გადაწყვეტილება საბოლოოა და გასაჩივრებას ან გადასინჯვას არ ექვემდებარება.

მოსარჩელე მხარე აცხადებდა, რომ საქართველოს საგადასახადო კოდექსის 168-ე მუხლის მე-2 ნაწილის "ბ" ქვეპუნქტი ჩათვლის უფლების გარეშე დღგ-ის გადახდისგან ათავისუფლებს საპატრიარქოს დაკვეთით ტაძრებისა და ეკლესიების მშენებლობას, რესტავრაციასა და მოხატვას. აქედან გამომდინარე, სადავო ნორმა უპირატეს მდგომარეობაში აყენებს საქართველოს საპატრიარქოს და უქმნის მომსახურების უფრო ხელსაყრელი პირობებით შეძენის შესაძლებლობას. გარდა ამისა, მათივე განმარტებით, საქართველოს საგადასახადო კოდექსი შეღავათს მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან მიმართებით ან მის სასარგებლოდ აწესებს.

მოსარჩელე მხარე ასევე მიიჩნევდა, რომ საქართველოს საპატრიარქო და მოსარჩელე რელიგიური ორგანიზაციები წარმოადგენენ არსებითად თანასწორ პირებს, ხოლო სადავო ნორმა მათ არ აძლევს იმავე სახის საგადასახადო შეღავათით სარგებლობის შესაძლებლობას, როგორიც გააჩნია საპატრიარქოს. მოსარჩელეთა აზრით, ამგვარი მოწესრიგება წარმოადგენს დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით და სადავო ნორმის კონსტიტუციურობაზე მსჯელობისას საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა იხელმძღვანელოს მკაცრი შეფასების ტესტით.

ამასთან, სადავო ნორმა საქართველოს საპატრიარქოს უწესებს საგადასახადო შეღავათს მაშინაც კი, თუ შესასრულებელი სამუშაო არ შეეხება კულტურული მემკვიდრეობის ძეგლებს, მაგალითად, ახლი ეკლესიის აშენება ან/და მისი მოხატვა და ა.შ. სადავო ნორმის უმთავრესი მიზანი საქართველოს საპატრიარქოსთვის, როგორც კონკრეტული რელიგიის წარმომადგენლისთვის, უპირატესი მდგომარეობის შექმნაა, რაც ეწინააღმდეგება სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპს.
აქედან გამომდინარე, მოსარჩელე მხარე მიიჩნევდა, რომ სადავო ნორმები იწვევდა დისკრიმინაციას რელიგიური ნიშნით და მის არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვდა.

საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც მოსამართლეებმა მერაბ ტურავამ, ევა გოცირიძემ, გიორგი კვერენჩხილაძემ და მაია კოპალეიშვილმა მიიღეს, საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს უზენაეს სასამართლოს და საქართველოს მთავრობას გაეგზავნება.
ბეჭდვა
1კ1