მეუფე შიო: მინდა, გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ...
მეუფე შიო: მინდა, გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ...
საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე, მეუფე შიო ალავერდის ტაძარში ქადაგებისას ტელეკომპანია "რუსთავი 2"-ის ირგვლივ ატეხილ აურზაურს გამოეხმაურა.


"ახლა დიდი ბრძოლებია ეკლესიის გარშემო, ეს ადრეც იყო და ახლაც არის, ყოველთვის უნდა გვახსოვდეს, რომ მარტო არ არის არც ჩვენი ეკლესია და არც ჩვენი ერი. ვევედრებით უფალს, მოგვცეს ეს მადლი, ის მოგვმადლის ძალას, რომ შევძლოთ ჩვენ დათმობის გარეშე, უკომპრომისოდ დავამოწმოთ სიმართლე და ვემსახუროთ უფალს. მასთან დაკავშირებით, მინდა, გამოვეხმაურო იმ ძალიან ცუდ მოვლენას, რაც მოხდა რამდენიმე დღის წინ.


ერთ-ერთმა ტელეკომპანიამ, თქვენ იცით, მკრეხელური გადაცემა გააკეთა, - მკრეხელობას მიმართა, რაც არის შეურაცხმყოფელი ჩვენი ერისთვის. რა თქმა უნდა, ჩვენ ვხდებით, რომ ეს მიზანმიმართულად და სპეციალურად ხდება. შეიძლება არსებობდეს ამის სხვადასხვა მიზანი.


ახლა შეიძლება, ამბიონი არ არის ამის განხილვის ადგილი, მაგრამ, რა თქმა უნდა, ეს დაუშვებელია, რა თქმა უნდა, ეს ჩვენს ერში არ უნდა ხდებოდეს. ვინც ამას ფიქრობს და გეგმავს, მან უნდა იცოდეს, რომ არ შეიძლება, ჩვენი ერი არასდროს იგუებს ამას, მინდა მივმართო მათ; ჩვენ, განსაკუთრებით ისინი, ვინც ცოტა უფროსი თაობისანი ვართ, და მოვესწარით ძველ ბოლშევიკურ პერიოდს და წყობას, შეგვიძლია დღეს ვთქვათ და იმ ხალხს გავახსენოთ, ვინც ამ ყველაფერს გეგმავს და ახორციელებს მიზანმიმართულად: გაიხსენეთ, რომ ეს ყველაფერი ჩვენმა ერმა გაიარა, გაიარა ეს კომუნისტური პერიოდის დროს: დევნა, დაცინვა, აბუჩად აგდება ყველაზე დიდი სიწმინდის და საკრალური სფეროსი რაც არის ჩვენი ერის, რამაც შექმნა ჩვენი ერი. ეს ჩვენ გავიარეთ.


იყო მებრძოლ უღმერთოთა კავშირი, ამით დაიწყო, - ზუსტად, ასეთი მკრეხელობებით და შეურაცხყოფებით დაიწყო და რაში გადაიზარდა შემდეგ? დავანგრიეთ ეკლესიები, დაიღვარა ზღვა სისხლი და ყველანაირად დავკნინდით ჩვენ.


...და აი, ჩვენ ვკითხოთ მათ: ეს გინდათ თქვენ? ეს ყველაფერი ხომ ჩვენ გავლილი გვაქვს ასი წლის წინ? აგერ, ხელის გულზეა ეს ყველაფერი და ის ადამიანები სად არიან დღეს? ეს არის კიდევ ერთი შეკითხვა, ადამიანები ვინც… ვიცნობთ ჩვენ მათ, მათი სახელები ცნობილია, ის ლიდერები ვინც ამას გეგმავდა, აფინანსებდა და ახორციელებდა. სად არიან ისინი დღეს? მათი სახელის გაგონებაც კი გვზარავს და გვძულს. და ეკლესია სად არის? ვისაც ისინი ასე დევნიდნენ და შეურაცხყოფდნენ? ჩვენ აქ ვართ.


მიუხედავად იმ დევნისა და შეურაცხყოფისა ეკლესია ცოცხალია, იმიტომ, რომ ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას, და ისინი სად არიან მოგეხსენებათ თქვენ და შევახსენოთ ჩვენს ძმებს და დებს, ვინც ამის უკან დგას, რომ იგივე ელის მათაც, იგივე ელის და დავფიქრდეთ ყველანი ამაზე. ღმერთმა გაგახაროთ, დაგლოცოთ და გაგაძლიეროთ", - ბრძანა მეუფე შიომ.
ბეჭდვა
1კ1