არც გამოკითხვების შედეგების გვეშინია და არც ეშმაკისგან შეგონებული ძირგამომთხრელი გეგმების! ჩვენთან არს ღმერთი!
არც გამოკითხვების შედეგების გვეშინია და არც ეშმაკისგან შეგონებული ძირგამომთხრელი გეგმების! ჩვენთან არს ღმერთი!
ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი NDI-ს გამოკითხვის შედეგებს ეხმაურება:

NDI-ს გამოკითხვის მიხედვით ეკლესიისადმი დადებითად განწყობილი ადამიანების რაოდენობა კლებულობს და მათი რიცხვი საერთო გამოკითხულთა 80%-დან 56%-მდე შემცირდაო - გვამცნობენ საინფორმაციო საშუალებები.

სიხარულის ჟრიამული ისმის ამ ცნობის უკან, მათი სიხარულისა, ვისაც ჰგონია, რომ ეკლესიას ბოლოს და ბოლოს დაამარცხებენ, გაანადგურებენ, ეკლესიის საქმე უკან-უკან წავა და გამარჯვებას თავად მოიპოვებენ. ეს ის ძალები არიან, ბოლო დროს ჩვენს ეკლესიაში განვითარებული მოვლენები რომ დაგეგმეს და განახორციელეს, ეს ის ადამიანები არიან, ეკლესიის საყოველთაო ავტორიტეტი თვალში რომ ეჩხირებოდათ ყოველთვის და ამ რეიტინგის გამო ქართველ ხალხს ბნელად და ჩამორჩენილად რომ რაცხავდნენ. 

სულ ტყუილად გიხარიათ, ბატონებო! საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას და ჩვენს ქვეყანას ამაზე დიდი განსაცდელებიც ჰქონიათ, მაგრამ დღემდე მოვიდნენ თავიანთი დიდებითა და პატივით, უფლის შემწეობით და ღვთისმშობლის მფარველობით.  

ეკლესია იყო, არის და იქნება იმის მიუხედავად, რამდენი პროცენტი დაუჭერს მას მხარს და რამდენ პროცენტს არ მოეწონება მისი არსებობა. ის ხომ ქრისტეს სხეულია და რა გასაკვირია, ასე თავგამოდებით რომ ცდილობენ მიაყენონ ჭრილობები?

დიახ, წავლენ ეკლესიიდან ის ადამიანები, ვისაც ქრისტიანობა მატერიალური და თანამდებობრივი უზრუნველყოფისთვის სჭირდებოდა, მაგრამ ვის გულშიც ერთხელ მაინც დათესილა უფლის მადლი და წყალობა, ვისაც ერთხელ მაინც უგრძვნია ტკბილი იესოს მანუგეშებელი მარჯვენის ძალა, ის სიცოცხლის ფასად იდგება იქ, სადაც უნდა იდგეს. 

გამცემნი და მოღალატენი არასდროს აკლდა ჩვენს ქვეყანას. არც დღეს განვიცდით მათ სიმცირეს. მაგრამ რწმენა იყო ყოველთვის ჩვენი ნუგეში და გამარჯვების საფუძველი.

კვლავაც ასე იქნება. ვერაფერი და ვერავინ ვერ შეაშინებს თავისუფლების მოყვარე და უფლის ერთგულ ქართველ კაცს - ბუნებით, გენეტიკურად გმირად დაბადებულს! სასაცილოდ მოჩანს დღეს განვითარებული მოვლენები მარადისობასთან მიმართებაში. 

არც გამოკითხვების გვეშინია და არც ეშმაკისგან შეგონებული ძირგამომთხრელი გეგმების! ჩვენთან არს ღმერთი!
ბეჭდვა
1კ1