მამა ალექსანდრე გალდავა - შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით წინასწარმეტყველად, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს
მამა ალექსანდრე გალდავა - შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით წინასწარმეტყველად, მაგრამ შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს
ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მისთვის და მუსლიმებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს, - ამის შესახებ მამა ალექსანდრე გალდავამ ჟურნალისტებს რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფის შესახებ საკანონმდებლო ინიციატივის შეფასებისას განუცხადა.

მამა ალექსანდრე გალდავას თქმით, ბევრ ევროპულ ქვეყანაში რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადია და თუ საქართველოს ევროპული გზა აქვს არჩეული, მაშინ ეს უნდა გაკეთდეს აქაც.

"მე მგონი რელიგიური გრძნობების შესახებ კანონი არც არსებობს, მაგრამ ჩვენ თუ ევროპისკენ მივდივართ და ევროპული გზა გვაქვს არჩეული, შეგვიძლია, მაგალითად, ავიღოთ უამრავი ევროპული ქვეყანა, სადაც არა ადმინისტრაციულ, არამედ სისხლის სამართლის საქმეში გადადის რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფები. ჩვენ თუ გვინდა ეს გზა, მაშინ ვიყოთ ევროპელები, თუ არა და მაშინ უნდა ვთქვათ, რომ შეგვიძლია ყველაფრის კეთება", - აღნიშნა მამა ალექსანდრე გალდავამ.

მისი თქმით, დეპუტატ ემზარ კვიციანის ინიციატივის ტექსტს საპატრიარქო არ იცნობს და აქედან გამომდინარე, ჯერ რაიმე ინიციატივის მხარდაჭერის საკითხი დღის წესრიგში არ დგას.

"რელიგიის თვითგამოხატვა, თავისი სწავლების გამოხატვა რასაკვირველია, ყველას შეუძლია. ჩვენ შეგვიძლია ვთქვათ, რომ არ გვწამს მუჰამედის და არ ვთვლით მას წინასწარმეტყველად, მაგრამ მისთვის და მუსლიმებისთვის შეურაცხყოფის მიყენების უფლება არ გვაქვს. ისევე როგორც მუსლიმებს არ სწამთ ქრისტესი, როგორც განკაცებული ღმერთის და ჩვენ ამაზე პრიბლემა არ გვაქვს. მაგრამ როგორც კი შეურაცხყოფას დაიწყებენ, რასაკვირველია ეს ჩვენთვის სრულიად მიუღებელი იქნება", - განაცხადა მამა ალექსანდრე გალდავამ.

პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის წევრებმა იდეის დონეზე მხარი დაუჭირეს პროექტს, რომლითაც რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედება ხდება. საკანონმდებლო ინიციატივის ავტორი ფრაქცია "საქართველოს პატრიოტების" წარმომადგენელი ემზარ კვიციანია.
ბეჭდვა
1კ1