ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით, 18 სექტემბრამდე დარჩება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით, 18 სექტემბრამდე დარჩება
ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები საქართველოში კიდევ 6 თვით, 18 სექტემბრამდე დარჩება. ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" ნიკორწმინდის ეპარქიის მღვდელმსახურმა, იღუმენმა დიონისე ბორძიკულმა განუცხადა.

იღუმენის თქმით, წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების კიდევ 6 თვით საქართველოში დატოვების შესახებ თანხმობა ინდოეთიდან დღეს მიიღეს.

"გამომდინარე იქიდან, რომ აღნიშნულთან დაკავშირებით წერილი საქართველოს პატრიარქის მიერ გაიგზავნა და რადგანაც ქართველი ხალხის დამოკიდებულება ასეთი დიდია წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილების მიმართ, ინდოეთის მხარე თანხმობას აცხადებს, რომ წმინდა ნაწილები ოფიციალურად 18 მარტიდან 18 სექტემბრამდე საქართველოში დარჩეს", – განაცხადა მამა დიონისემ.

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა, ილია მეორემ წმინდა ნაწილების საქართველოში კიდევ 6 თვით დატოვების შესახებ ინდოეთის პრემიერ მინისტრს ნარენდრა მოდის 6 მარტს მიმართა. წმინდა ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილები ინდოეთიდან საქართველოში 23 სექტემბერს 6 თვით ჩამოაბრძანეს. აღნიშნული ვადა მარტში იწურებოდა. წმინდა ნაწილები მოსალოცად ქვეყნის ყველა რეგიონში იმყოფებოდა. ამჟამად წმინდა ნაწილები ჯანაშიას სახელობის მუზეუმშია დაბრძანებული ორი ქვეყნის მუზეუმებს შორის არსებული შეთანხმების თანახმად. წმინდა ნაწილების მოსალოცად ახალი განრიგი უახლოეს დღეებში გაირკვევა, რის შემდეგაც მომლოცველები მასზე მთხვევას შეძლებენ.
ბეჭდვა
1კ1