საქართველოს საპატრიარქო - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ
საქართველოს საპატრიარქო - არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს სავარაუდოდ, ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ
საქართველოს საპატრიარქოს ინფორმაციით, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ოჯახს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ. ამის შესახებ ინფორმაციას თავად საპატრიარქო ავრცელებს.

"დამატებით გვინდა გაცნობოთ, რომ, სავარაუდოდ, არჩილ ტატუნაშვილის ცხედარს ხვალ ან ზეგ დაუბრუნებენ ოჯახს", - აცხადებენ საპატრიარქოში.

დღესვე საქართველოს საპატრიარქომ მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილისგან, არჩილ ტატუნაშვილის საქმეზე, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორისთვის გამოგზავნილი საპასუხო წერილი გაასაჯაროა.

"გულითადად მოგესალმებით და გისურვებთ ჯანმრთელობასა და ღვთის შეწევნას თქვენს საპატრიარქო მაღალ მსახურებაში.

პასუხად 2 მარტით დათარიღებული თქვენი წერილისა, რომლითაც მოგვმართეთ თხოვნით, დახმარება გაგვეწია სამხრეთ ოსეთში გარდაცვლილი არჩილ ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემაში, გაცნობებთ შემდეგს: თქვენი წერილის მიღებისთანავე დაუყოვნებლივ იქნა მიღებული მოცემული სიტუაციისთვის ყველა შესაძლო ზომა. ადგილობრივმა ხელისუფლებამ აღგვითქვა, რომ, როგორც კი მიიღებენ გამოძიების ფარგლებში ჩატარებული კრიმინალური ექსპერტიზის მონაცემებს, ცხედარს უმოკლეს ვადაში დააბრუნებენ. ა. ტატუნაშვილის ქართული მხარისთვის გადმოცემა იგეგმება წითელი ჯვრის საერთაშორისო კომიტეტის თანადგომით.

ვუსურვებ თქვენს უწმინდესობას და უნეტარესობას, სულიერი და ფიზიკური ძალის სიმტკიცით განვლოთ წმინდა ორმოცეულის (დიდმარხვის) მაცხოვნებელი გზა, უცვლელად ვრჩები თქვენდამი ქრისტეს მიერი ძმური სიყვარულით", - ნათქვამია პატრიარქ კირილის წერილში.
ბეჭდვა
1კ1