მეუფე ნიკოლოზი - წმინდა ნინოს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე დაფასებული არ არის
მეუფე ნიკოლოზი - წმინდა ნინოს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე დაფასებული არ არის
წმინდა ნინოს მნიშვნელობა, მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე დაფასებული არ არის. საკითხავებში წმინდა ნინოს "მეორე მოსეს" და "ქართველების მოსეს" უწოდებენ, - ამის შესახებ სიონის ღვთისმშობლის მიძინების სახელობის ტაძარში ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა ნიკოლოზმა ქადაგებისას განაცხადა.

სიონის ტაძარში სადღესასწაულო საღვთო ლიტურგია დასრულდა, რის შემდეგაც ახალქალაქისა და კუმურდოს მიტროპოლიტმა მრევლს წმინდა ნინოს დღესასწაული მიულოცა და ქადაგების მიმართა.
მიტროპოლიტმა წმინდა ნინოს ღვაწლზე ისაუბრა და მისი ცხოვრება გაიხსენა.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, როდესაც ბოდბეში წმინდა ნინო გარდაიცვალა, იანვრის თვის მიუხედავად, ვარდები ყვაოდნენ და საოცარი სურნელება იდგა.
"წმინდა ნინოს მნიშვნელობა მიუხედავად იმისა, რომ ძალიან დიდია, მაინც ჯერ კიდევ ბოლომდე დაფასებული არ არის. საკითხავებში წმინდა ნინოს "მეორე მოსეს" და "ქართველების მოსეს" უწოდებენ, რადგან მან ქართველებს მისცა ახალი ათი მცნება, როგორც მოსემ სინას მთიდან ჩამოიტანა ქვის დაფა, რომელზეც ათი მცნება ეწერა, ასევე როდესაც ფარავნის ტბასთან წმინდა ნინომ ღამე გაათია, მას გამოეცხადა უფალი და გრაგნილი გადასცა, სადაც ათი მცნება ეწერა. ათივე ეს წინადადება სახარებიდან არის, მაგრამ ჟღერს როგორც მცნებები", - განაცხადა მეუფე ნიკოლოზმა.

მიტროპოლიტმა ასევე ქადაგებისას უწმინდესს დღევანდელი დღე მიულოცა და აღნიშნა, რომ 40 წელია პატრიარქი, როგორც მოსე ისე ატარებს ერს განწმენდის გზაზე, რომლითაც სრულიად საქართველო სასუფეველში უნდა შეიყვანოს.

"ჯანმრთელობის გამო უწმინდესი დღეს აქ არ არის და მისი ლოცვა-კურთხევით ვატარებთ წირვას", - განაცხადა მიტროპოლიტმა.
მისივე განცხადებით, წმინდა ნინოს დღესასწაული დღეს საყოველთაოა, მასშტაბურია, ყველა ქართველისთვის ეს განსაკუთრებული დღეა, თუმცა წლების წინ ასე არ იყო, რაც პატრიარქის დიდი ღვაწლის, შრომისა და სიყვარულის შედეგია.

მეუფე ნიკოლოზის თქმით, დღეს განსაკუთრებული დღესასწაულია სიონის ტაძარში, სადაც ვაზის ჯვარი ინახება, ბოდბეში, სადაც წმინდა ნინოს საფლავია და სამთავროში, სადაც წმინდა ნინო ცხოვრობდა და ქართველთა მოქცევა დაიწყო.
მეუფის განცხადებით, ასევე ამ დღეს განსაკუთრებულად აღნიშნავენ ფარავნის ტბასთან მდებარე სოფელ ფოკაში, საიდანაც წმინდა ნინო საქართველოში შემოვიდა და სადაც მე-11 საუკუნის ტაძარი აღდგა და დღეს მონასტერი მოქმედებს.

ბეჭდვა
1კ1