წყალობა მოიღო უფალმა ჩვენზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მსოფლიოს წმინდანთა 36-ტომეული
წყალობა მოიღო უფალმა ჩვენზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მსოფლიოს წმინდანთა 36-ტომეული
ჩვენო მკითხველო, დასრულდა უდიდესი მნიშვნელობის პროექტი "თვენი" - წიგნების სერია, რომელიც "კარიბჭესთან" ერთად გამოიცემოდა წელიწადნახევრის განმავლობაში. ეს გახლდათ კალენდარული თანმიმდევრობით დალაგებული წმინდანთა ცხოვრებანი. სერია მოიცავდა 36 ტომს. თითოეულ ტომში შევიდა ამა თუ იმ თვის 10 დღის განმავლობაში ხსენებული წმინდანების ცხოვრება. წმინდა გიორგი მთაწმინდელის მიერ შედგენილი "თვენის" შემდეგ ქართულად არ გამოცემულა ასეთი სრუყოფილი და მასშტაბური "წმინდანთა ცხოვრება".

ჟურნალის რედაქტორმა, თამარ მამაცაშვილმა პროექტის დასრულებისას ასეთი პოსტი გამოაქვეყნა:

"დღეს "თვენის" ბოლო, 36-ე წიგნზე ვმუშაობ და ვგრძნობ, რომ დასასრულისკენ მიდის დიდი ბრძოლა, რომლის თანამონაწილეებიც ვიყავით კარიბჭელები. ალბათ ოდესმე დადგება დრო, როცა ვინმე მაინც მიხვდება, რამხელა წყალობა მოიღო უფალმა ჩვენზე, რომ საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას აქვს მსოფლიოს წმინდანთა 36-ტომეული. ასეთ გამოცემაზე ბევრი ერი ოცნებობს. და ჩვენ ამ გაჭირვების წლებში, ღვთის მადლით, ეს შევძელით. გვეწეოდეს "თვენში" მოხსენიებული ყველა წმინდანის მადლი! დიდება და მადლობა უფალს ყველაფრისთვის!"

რედაქციის წევრების გულისტკივილს იწვევს ის ფაქტი, რომ ძალიან ბევრი ადამიანი გულგრილი დარჩა ასეთი მასშტაბური პროექტისადმი. ბევრნი - მათ შორის ეკლესიის წევრებიც - ახლაღა გებულობენ, რომ ასეთი წიგნები გამოდიოდა. ადამიანურ ძალას აღემატებოდა ის, რაც წიგნებზე მუშაობის პერიოდში კეთდებოდა რედაქციაში - ყოველ 2 კვირაში ერთხელ ითარგმნებოდა, სტილისტურად მუშავდებოდა, ყველანაირ საეკლესიო კალენდართან ზუსტდებოდა, კორექტირდებოდა ტექსტი და შემდეგ იბეჭდებოდა სერიის თითო წიგნი. თუ არა უფლის შეწევნა და წყალობა, ამას ადამინის ხელი ვერ შეძლებდა.

წიგნების სერიაზე მუშაობდნენ:
პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი, ჟურნალ "კარიბჭის" მთავარი რედაქტორი თამარ მამაცაშვილი.
სერიის წიგნების შემდგენლები: კახაბერ კენკიშვილი, სოფიო თავაძე, მანანა ტუაევა.
სტილის რედაქტორი: სალომე ნიკოლეიშვილი.
პასუხისმგებელი რედაქტორი: ნატალია ახვლედიანი.
კორექტორები: ნინო ბურჯანაძე, ლია თავართქილაძე.
მხატვარ-დიზაინერი: რატი თორდია.
კომპიუტერული უზრუნველყოფა: ლევან ლაცაბიძე.

წიგნების სერიის გამოცემაში "კარიბჭეს" გამომცემლობა პალიტრა L დაეხმარა. 

ვმადლობთ ღმერთს, ამ დიდებულ საქმეში მონაწილეობის შესაძლებლობისთვის!

კარიბჭელები

ბეჭდვა
1კ1