ილია მეორე სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს დასვამს
ილია მეორე სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარესთან შეხვედრაზე დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხს დასვამს
სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქი, ილია მეორე ხვალ საპატრიარქოში სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარეს მაია გოიკოვიჩის შეხვდება.

როგორც "ინტერპრესნიუსს" პატრიარქის მდივანმა, დეკანოზმა მიქაელ ბოტკოველმა განუცხადა, აღნიშნულ შეხვედრაზე ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრის საკითხიც დაისმება.

მამა მიქაელის თქმით, საქართველოს საპატრიარქოს დე ფაქტო პრეზიდენტის ანატოლი ბიბილოვის სერბეთის პატრიარქთან შეხვედრასთან დაკავშირებით ოფიციალური განმარტება ამ დრომდე არ მიუღია.

"სერბეთის პარლამენტის თავმჯდომარის შეხვედრა სრულიად საქართველოს კათოლიკოს–პატრიარქთან, ილია მეორესთან საპატრიარქოში ხვალ არის ჩანიშნული. რადგანაც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს ძალიან ბევრი კითხვა, ჩვენ სამწუხაროდ, სერბეთის მხრიდან კონკრეტული ოფიციალური ინფორმაცია არ მიგვიღია. მხოლოდ კულუარულ ინფორმაციებს ვიღებთ, რომ სერბეთის პატრიარქთან შეხვედრა არ იყო ოფიციალური ვიზიტი. ამიტომ, საპატრიარქოში ხვალინდელ შეხვედრაზე ვთხოვთ მათ, რომ დაადასტურონ ეს ინფორმაცია ან შესაბამისი მტკიცებულებები წარმოადგინონ, რათა ქართული საზოგადოება ამაში დარწმუნდეს", – განაცხადა პატრიარქის მდივანმა, მამა მიქაელმა.

სერბეთის რესპუბლიკის ეროვნული ასამბლეის სპიკერი მაია გოიკოვიჩი თბილისს ოფიციალური ვიზიტით 25–26 იანვარს ესტუმრება. საპატრიარქოში შეხვედრის გარდა დელეგაციის წევრები პრეზიდენტს, პრემიერს, პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდება.

როგორც ცნობილია, ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი ბოსნია და ჰერცოგოვინას ფედერაციაში შემავალ რესპუბლიკა "სერბსკაში" 8-13 იანვრის ჩათვლით იმყოფებოდა. "ვიზიტის" ფარგლებში ბიბილოვი რესპუბლიკა "სერბსკას" პრეზიდენტ მილორად დოდიკს და სერბეთის პატრიარქ ირინეოსს შეხვდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, საქართველოს საპატრიარქომ სერბეთის საპატრიარქოში ოფიციალური წერილი 15 იანვარს გააგზავნა.
ბეჭდვა
1კ1