მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკაზე - მაშინებს, ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც ერს დააზიანებს
მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკაზე - მაშინებს, ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც ერს დააზიანებს
მამა შალვა კეკელია ნარკოპოლიტიკის შესახებ კანონპროექტის ფართო განხილვის მნიშვნელობაზე საუბრობს. როგორც მამა შალვა კეკელიამ "პალიტრანიუსის" გადაცემაში "360 გრადუსი" სტუმრობისას განაცხადა, არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ეკლესია ვერ ჩაერევა, თუმცა, ისეთი მხარე, რაც სულიერებას და ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანია, რომ ფართო განხილვის საგანი გახდეს.

"ეს კანონი ჩვენს გარეშე განიხილეს. სახელმწიფოს აქვს უფლება, კანონი ჩვენს გარეშე განიხილოს, მაგრამ არის რაღაც თემები, როდესაც არ შეიძლება, რომ საზოგადოების გარკვეული ფენები განხილვაში არ ჩარიო. არის თემები, მაგალითად საბიუჯეტო საკითხები, რაშიც ჩვენ ვერ ჩავერევით ვერასოდეს და პარლამენტი თავისუფალია ამაში. ეკლესიას არანაირი გამოცდილება არ აქვს, თუ როგორ გადანაწილდება ბიუჯეტი. თუმცა, რაც შეეხება ისეთ მხარეს, რაც სულიერებას ეხება, ოჯახებს ეხება, მნიშვნელოვანი და ფაქიზი თემებია, მნიშვნელოვანია, რომ ამ საკითხების ფართო განხილვა მოხდეს. მე პირადად ამ კანონში არ ვარ კარგად გარკვეული, თუმცა, რაც მაშინებს, არის ის, რომ ისეთი კანონი არ მივიღოთ, რომელიც შემდეგ დააზიანებს ერს", - განაცხადა მამა შალვა კეკელიამ.

საპატრიარქო მსუბუქი ნარკოტიკების დეკრიმინალიზაციის შესახებ კანონპროექტის განხილვის შეჩერების აუცილებლობაზე საუბრობს და ნარკომანიის საკითხებზე საზოგადოებრივი განხილვის ინიციატივით გამოდის, რომელშიც მონაწილეობას ხელისუფლების წარმომადგენლები, ფსიქოლოგები, ექიმები, იურისტები, სასულიერო პირები, ადამიანის უფლებადამცველები, ჟურნალისტები, პედაგოგები, ასევე, ინტელიგენცია და სამართალდამცველები მიიღებენ.

როგორც საპატრიარქოს მიერ გავრცელებულ განცხადებაშია აღნიშნული, დისკუსიის მიზანია, ნაჩქარევმა გადაწყვეტილებებმა ქვეყანა დიდი განსაცდელის წინაშე არ დააყენოს.
ბეჭდვა
1კ1