ქართველი მეფეები! ისტორია, რომელიც ძვირფასია!
ქართველი მეფეები! ისტორია, რომელიც ძვირფასია!
გამომცემლობა "პალიტრა L"-ი მორიგ უპრეცედენტო პროექტს იწყებს - საქართველოს 28 მეფე "ქართველი მეფეების" 24 ტომეულში"გაცოცხლდება.
მკითხველი გაეცნობა ამა თუ იმ ეპოქის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ ვითარებას, მეფეების პიროვნულ თვისებებსა და მნიშვნელოვან ფაქტებს, რომლებმაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულეს. წიგნი იანვრის ბოლოდან, თვეში ერთხელ, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად გაიყიდება. აღსანიშნავია, რომ სერიაზე ცნობილ მეცნიერთა ჯგუფმა იმუშავა. დეტალებზე პროექტის ავტორი და ხელმძღვანელი ჯაბა სამუშია­ გვესაუბრა:

- "პალიტრა L"-ის ახალი წამოწყების "ქართველი მეფეების" მსგავსი პროექტი საქართველოში არ განხორციელებულა. ეს არის პირველი მცდელობა, რომ ქართველ მკითხველს ყველა ცნობილ ქართველ მეფეზე სრული წარმოდგენა შეექმნას - 28 მეფეს წარმოგვიდგენს 24-ტომიანი სერია, რომელზეც ცნობილმა მეცნიერებმა და ისტორიკოსებმა იმუშავეს. სერიას თამარ მეფით ვიწყებთ და ერეკლე II-ით დავასრულებთ. ეს არ იქნება მხოლოდ მშრალი საუბარი ან მხოლოდ ბიოგრაფიული ფაქტები. ავტორები მოჰყვებიან ამა თუ იმ მეფის პირად ცხოვრებაზეც, მაშინდელ პოლიტიკურ ვითარებაზე, რა კონკრეტული გადაწყვეტილებების წინაშე იდგნენ ისინი, რამაც საქართველოს ისტორიაში გარდამტეხი როლი შეასრულა. ზოგიერთ მონარქს შესაძლოა მთელი წიგნი არ მიეძღვნას. მაგალითად, აზოს შესახებ, რომელიც ფარნავაზის გამეფებამდე იყო მმართველი, ფარნავაზის წიგნში იქნება საუბარი. ასევე, ზოგიერთ მეფისწულზე, რომლებმაც გამეფებაც მოასწრეს, შესაძლოა ცალკე წიგნი არ იყოს, მაგრამ მასზე სხვა მეფისთვის მიძღვნილ წიგნში ვისაუბრებთ. მაგალითად, გიორგი XII-ის ამბებს ჩვენ ერეკლე II-ისთვის მიძღვნილ წიგნში შევიტანთ. ჩვენი სურვილია, საქართველოში მონარქიის ეპოქა გადმოვცეთ.

- ფაქტობრივად, გარდა მეფეების ცხოვრებისა, მკითხველს წარმოდგენა შეექმნება ისტორიულ ვითარებაზე, რა პერიოდშიც ამა თუ იმ მეფეს უწევდა მოღვაწეობა.
- დიახ, პროექტი გვაძლევს შესაძლებლობას, მეფეების ცხოვრებიდან გამომდინარე დავინახოთ საერთო სურათი - ფაქტები, რომლებიც არ ვიცოდით, ან რომელთა შესახებაც მანამდე მხოლოდ ეპიზოდური წარმოდგენა გვქონდა. Gგარდა საშინაო ვითარებისა, სერია მოგვითხრობს კონკრეტული მეფეების მოღვაწეობისას საგარეო პოლიტიკაზე, რაც, ბუნებრივია, თავის მხრივ, საქართველოსთან კავშირში გახლდათ. მეფის ცხოვრების ეპიზოდების გადმოცემისას, ყურადღებას ვამახვილებთ მის პირად თვისებებზეც, მართვისა თუ ურთიერთობების უნარებზე. ანუ ეს იქნება მეფის თვალით დანახული იმდროინდელი საქართველო.

- ისტორიკოსების გარდა, რიგითი მკითხველისთვის რამდენად მარტივად აღსაქმელი იქნება მეფეების ცხოვრების ისტორიული პასაჟები?

- ეს არ იქნება მხატვრული ტექსტი. პროექტი მიზნად ისახავს სამეცნიერო-პოპულარულ კვლევებს. როგორც გითხარით, ყველა ავტორი პროფესიონალი ისტორიკოსია. შევარჩიეთ იმ ეპოქების მკვლევარები, რომლებიც კონკრეტულ წლებზე მუშაობდნენ. მხოლოდ სამია ისეთი ავტორი, რომელთა წიგნები საბჭოთა დროიდან საუკეთესო ბიოგრაფიულ ნაწარმოებებად ითვლებოდა. ამიტომ, მათი წიგნებიც შევარჩიეთ. მაგალითად, ჯემალ სტეფნაძეს, რომელიც რამდენიმე წლის წინ გარდაიცვალა, აქვს შესანიშნავი წიგნები გიორგი III-ზე, დემეტრე I-ზე. გადავწყვიტეთ, ეს წიგნები განსაზღვრული მუშაობის შემდეგ, ჩვენს სერიაში შეგვეტანა. საქმე ის არის, რომ ორივე წიგნი თავის დროზე ძალიან მცირე ტირაჟით გამოვიდა და არათუ ფართო საზოგადოებისთვის, სპეციალისტთა ვიწრო წრისთვისაც კი არ იყო ხელმისაწვდომი. ასევე საყურადღებოა მეტად საინტერესო მკვლევარის, რამდენიმე წლის წინ გარდაცვლილი გიორგი პაიჭაძის "ვახტანგ VI". მან მთელი ცხოვრება რუსეთ-საქართველოს ურთიერთობისა და, კონკრეტულად, ვახტანგ VI-ის ცხოვრების შესწავლას მიუძღვნა. ამიტომაც მივიჩნიეთ საჭიროდ მისი ამ ნუსხაში შეტანა. დანარჩენი ავტორებიც, ყველა, პროფესიონალური კუთხით არის შერჩეული. ზოგი ცნობილი მკვლევარია, თუნდაც, როინ მეტრეველი, გრანი ქავთარია... არიან ახალგაზრდა თაობის მკვლევარებიც. ქართველ მკითხველს საშუალება მიეცემა, გაიცნოს ის ახალგაზრდა ისტორიკოსები და მათი ნაშრომები, ვინც ამ თემით არის დაინტერესებული.

- როდის და რა ინტერვალით გამოვა ეს წიგნები?
- უკვე დიდი ხანია ამ პროექტზე ვმუშაობთ, ძალიან დიდი სამუშაოა გაწეული, სერიის ნაწილი მზად არის და უკვე ყოველთვე, გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ერთად, ჩვენი მკითხველი ციკლიდან თითო წიგნს მიიღებს. როგორც პროექტის ავტორი, განსაკუთრებულ მადლობას ვუხდი ხელოვნების სასახლის დირექტორ გიორგი კალანდიას, ასევე, ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრს.

- როდის იხილავს მკითხველი პირველ ტომს?
- იანვრის ბოლოს გამოვა "თამარ მეფე" და ამის შემდეგ მკითხველს ყოველთვიურად მივაწვდით სერიის მორიგ ტომს. ვფიქრობ, ჩვენს საზოგადოებას მეტად საინტერესო პროექტი ელოდება, რომელიც ორ წელიწადს გაგრძელდება.
ნათია მეტრეველი, "პალიტრა L"-ის მარკეტინგის სამსახურის ხელმძღვანელი: - "ქართველი მეფეები" ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პროექტია ჩვენი გამომცემლობისთვის. ისტორია ძვირფასი რამ არის ყველა ერისთვის, ამიტომ წიგნების ეს სერია ძალიან საინტერესო იქნება ყველა ასაკის მკითხველისთვის. ჩვენი გამომცემლობა ხელს უწყობს ახალგაზრდებში ისტორიის სიყვარულსა და პატივისცემას. ყველა წიგნი მაღალ პოლიგრაფიულ დონეზე იქნება დაბეჭდილი და უხვად ილუსტრირებული.

განსაკუთრებული ნიუანსია წიგნში ნუსხური დამწერლობის გამოყენება. ამ გზით შევეცადეთ, ხაზი გაგვესვა ანბანის - ჩვენი ერის უდიდესი კულტურული მონაპოვრის მნიშვნელობისა და მისი ცოდნის აუცილებლობისთვის. იმედია, ჩვენი ახალი სერია ქვეყნის წარსულითა და, კერძოდ, ქართველ მეფეთა ისტორიით დაინტერებული მკითხველისთვის კარგი საჩუქარი ქნება.
ბეჭდვა
1კ1