ატენის სიონის გვერდით მიმდინარე მშენებლობის შესახებ გორისა და ატენის ეპარქია თავისსავე ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს
ატენის სიონის გვერდით მიმდინარე მშენებლობის შესახებ გორისა და ატენის ეპარქია თავისსავე ფეისბუქის გვერდზე განცხადებას ავრცელებს
-საჭიროდ მიგვაჩნია განმარტებები გავაკეთოთ ატენის სიონის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის მიძინების მონასტერში მიმდინარე სამუშაოებთან დაკავშირებით.
მოგეხსენებათ, რომ ატენის სამონასტრო კომპლექსი აგებულია V საუკუნეში (დღეს არსებული ტაძარი კი, VII საუკუნეში). იგი წარმოადგენდა ერთ-ერთ მნიშვნელოვან მამათა მონასტერს საქართველოში. გვხვდება ცნობები ატენელ ეპისკოპოსთა შესახებაც. სავარაუდოდ სამონასტრო ცხოვრება ატენში შეწყდა ლეკების შემოსევების შედეგად XVIII საუკუნეში.
XX საუკუნის დასაწყისისათვის მონასტრის შენობა-ნაგებობებიდან მხოლოდ ტაძარიღა შემორჩა, რომელსაც პერიოდულად უტარდებოდა რესტავრაცია წამყვანი ქართველი სპეციალისტების მიერ.

2003 წელს ჩამოიშალა ტაძრის სამხრეთ-აღმოსავლეთი მხარის სუბსტრუქცია. გაჩნდა საშიშროება მთლიანი სუბსტრუქციის რღვევისა. ეპარქიის სახსრებით, შიდა ქართლის იმჟამინდელი გუბერნატორის დავით ქობლიანიძისა და მისი მოადგილის ზაურ საგანელიძის ხელშეწყობით, არქიტექტორთა რეკომენდაციების საფუძველზე ტაძრის გარშემო დროებით მოეწყო დამატებითი წყლის ამრიდი სახურავი.

ამავე დროს სპაციალისტებმა დაიწყეს მუშაობა სუბსტრუქციის რეაბილიტაციის პროექტზე, რაც 2004-2005 წლებში წარმატებით განხორცილედა ამერიკის საელჩოს ფინანსური მხარდაჭერით.
ამას მოჰყვა ძეგლთა დაცვის სააგენტოს მიერ ტაძრის მასშტაბური კვლევის დაწყება. სწორედ ამ დროს აქტუალურად წარმოჩინდა ატენის სიონში სამონასტრო ცხოვრების აღდგენის აუცილებლობა, რაც გახდებოდა კომპლექსის შენარჩუნების საუკეთესო გარანტი. ამიტომაც სრულიად საქართველოს კათალიკოს-პატრიარქის ილია II-ის 2006 წლის ბრძანებამ ატენის სიონში მონასტრის დაფუძნების შესახებ მრავალ ქართველ და უცხოელ სპეციალისტთა მხარდაჭერა მოიპოვა.

ეპარქიის დაკვეთით ატენის მონასტრის ტერიტორიაზე ჩატარდა არქეოლოგიური და გეოლოგიური კვლევები. პარალელურად მიმდინარეობდა საკუთრივ ტაძრის კვლევისა და გამაგრების პროცესი გორისა და ატენის ეპარქიისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს ერთობლივი დაფინანსებით. აღნიშვნის ღირსია, რომ აღდგენითი სამუშაოები ხორციელდებოდა როგორც ადგილობრივი მოსახლეობის, ასევე სრულიად ეპარქიის საზოგადოების აქტიური ფიზიკური, მორალური და ფინანსური მხარდაჭერით (მაგ. ტაძრის ახალი ცოკოლის მოწყობა განხორციელდა ბ-ნ ირაკლი ოქრუაშვილის დახმარებით).

ცხადია, რომ ყველა სახის სამუშაოთა მიმდინარეობაზე, მოქმედი კანონმდებლობის სრული დაცვით, ხორციელდებოდა ზედამხედველობა საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს მიერ.

ტაძრის კვლევებისა და გამაგრებითი სამუშაოების ძირითადი ნაწილის დასრულების შემდეგ, 2016 წელს საქართველოს საპატრიარქოს ხუროთმოძღვრების საბჭოსა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს მიერ გაიცა ნებართვა ტაძრის ისტორიული გალავნის გარეთ სამშენებლო სამუშაოების წარმოების თაობაზე. საგულისხმოა, რომ საბოლოოდ დამტკიცებული პროექტი წარმოადგენს 2006 წლიდან არსებული მონასტრის განვითარების ოთხი სხვადასხვა კონცეფციის ირგვლივ სპეციალისტების მიერ გამოთქმული შენიშვნა-მოსაზრებების გაზიარების შედეგად მიღებულ დოკუმენტს.

ძალზედ მნიშვნელოვანია, რომ ატენის მონასტრის აღდგენის პროექტი ხდება ნაწილი ატენის ხეობის ინფრასტრუქტურული განვითარების გეგმისა, რომელიც ასევე ითვალისწინებს მონასტრის გარშემო თანამედროვე ტურისტული ინფრასტრუქტურის მოწყობას, რაც ძალზედ მნიშვნელოვნია არა მხოლოდ ხეობის, არამედ მთლიანად გორის რაიონისათვის და წარმოადგენს კიდევ ერთ კარგ ნიმუშს ქვეყნის სასიკეთოდ ეკლესიის და სახელმწიფოს თანამშრომლობისა.
ამდენად, დიდ გულისტკივილს იწვევს ზოგიერთი ადამიანის მიერ ეკლესიის, მღვდელმსახურებისა და ატენის სიონის საკითხზე წლების მანძილზე მომუშავე არაერთი ქვეყნის მეცნიერ-სპეციალისტთა მისამართით გამოთქმული დაუმსახურებელი და არაკორექტული ბრალდებები, რაც გამოიწვია ცალკეული არაკომპეტენტური პირების მიერ ნაჩქარევად და განუსჯელად მცდარი ინფორმაციის მედია-საშუალებებით გავრცელებამ.

ბუნებრივად ჩნდება ეჭვი ხომ არა აქვს ადგილი მართულ პროცესებს, რაც ატენის მონასტრის აღორძინებისათვის ხელის შეშლას ისახავს მიზნად.
ღვთის წყალობით და ერისა და ბერის ერთობლივი ლოცვით, განქარდება ყოველი უმეცრება და ბოროტის მანქანება და ყველანი ერთად გავიხარებთ ატენის სიონის ისტორიული მონასტრის კეთილმშვენიერებით.
ბეჭდვა
1კ1