ერთად ვიდღესასწაულოთ ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მის ისტორიულ სამყოფელში დაბრუნება
ერთად ვიდღესასწაულოთ ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მის ისტორიულ სამყოფელში დაბრუნება
ძვირფასო საზოგადოებავ!...
მოგეხსენებათ, სოფელ ახკერპის სიახლოვეს მდებარეობს მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიის მთავარი ისტორიული საკათედრო ტაძარი – ჰუჯაბის სამონასტრო კომპლექსი, რომელიც წლობით მიტოვებულობის შემდგომ ბოლოს XX საუკუნის დასაწყისში 1910 წელს ისევ იკურთხა და აღდგენილ იქნა, როგორც ჰუჯაბის ივერიის დედათა მონასტერი.რომელსაც შემდეგში ივერიის უდაბნო უწოდეს, სხვანაირად კი მას ივერიის მონასტერსაც ეძახდნენ.

ასევე, ამავე წელს იკურთხა წმიდა ნინოს სახელზე მონასტრის მცირე ეკლესია და ბაზილიკა. 1912 წელს იერუსალიმში ამ მონასტრისათვის შეამკობინეს ღვთისმშობლის ხატი ყრმით, რომელიც ოქროთი მოვარაყებულ ტილოზეა შესრულებული (ზომით 1,54X1,18 მ). 1922 წლის ივნისში საქართველოს კულტურის განყოფილებამ და ადგილობრივმა კომისიამ ოფიციალურად აღრიცხვაზე აიყვანა ჰუჯაბის მონასტრის ქონება, მოხდა ინვენტარიზაცია. აღწერის მასალებიდან ირკვევა, რომ აქ ყოფილა ოქროს, ვერცხლის ხატები და საეკლესიო ნივთები; მონასტერში ინახებოდა საეკლესიო ჭურჭელი, წიგნები და ყველაზე მთავარი განძი სპეციალურად ჰუჯაბის მონასტრისთვის იერუსალიმში დაწერილი და იქიდან ჩამობრძანებული ივერიის ღვთისმშობლის ხატი.

1935 წლისათვის საბჭოთა ათეისტური ხელისუფლების მიერ ჰუჯაბის მონასტერი სასტიკად იქნა ბარბაროსული მეთოდებით დარბეული. მონაზვნების ნაწილმა, რომლებიც მონასტრიდან იქნენ განდევნილნი, თავი შეაფარა სოფელ ახკერპს, გატაცებულ იქნა აგრეთვე ეკლესიის ჭურჭელი – ვერცხლის თასები, ოქროს ნივთები, ძვირფასი ხატები, ჯვრები, საეკლესიო წიგნები და მათ შორის ივერიის ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატი, რომელსაც ღვთისმშობლის მარჯვენა მხარეზე აქვს ნატყვიარი, რომელიც მონასტრის ამ დარბევის დროს გაკეთდა.

ამჟამად, ხატი ბრძანდება ქალაქ თბილისში წმ. სიონის საპატრიარქო ტაძარში, რომლის საზეიმო გადმობრძანებაც მის ისტორიულ სამყოფელში მარნეულისა და ჰუჯაბის ეპარქიაში ჩვენს მიერ მისი უწმინდესობისა და უნეტარესობის, სრულიად საქართველოს კათალიკოს–პატრიარქის ილია II-ის ლოცვა–კურთხევით იგეგმება 2017 წლის 28 ოქტომბერს.

ეს იქნება ჩვენი ეპარქიისათვის ერთგვარად დიდი სულიერი საეკლესიო და საერო დღესასწაული, რომელიც მისი მაღალი საზოგადოებრივ-ისტორიული მნიშვნელობიდან გამომდინარე ჩვენის მხრივ მოითხოვს ამ საუკუნოვანი სასწაულთმოქმედი ხატის სათანადო საზეიმო დახვედრას. ამდენად, მრევლისა და მომლოცველ პილიგრინთა საყურადღებოდ! – ხატის საზეიმო დახვედრის კულტურული ღონისძიება გაიმართება ქალაქ მარნეულის შემოსასვლელის "კიდევაც დაიზრდებიან" ძეგლთან 15 სთ–ზე, რის შემდგომაც მობრძანებულ სტუმართა და ჩვენი მხედრობის აქტიური თანამონაწილეობით საზეიმო მსვლელობით ხატი გადაბრძანდება ქალაქ მარნეულში ცენტრალურ მოედანზე მდებარე წმ. მეფე დავით აღმაშენებელის სახელობის საკათედრო ტაძარში, სადაც გაიმართება ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ხატისადმი მიძღვნილი სავედრებელი პარაკლისი...

გიწვევთ, რათა ერთად ვიდღესასწაულოთ ჩვენი ეპარქიის განსაკუთრებული მფარველის, ჰუჯაბის ივერიის ღვთისმშობლის ხატის მის ისტორიულ სამყოფელში ისევ დაბრუნება/შემობრძანება!...
პატივისცემით,
მარნეულისა და ჰუჯაბის ეპისკოპოსი
ბეჭდვა
1კ1