პატრიარქი - ჩვენ წამოვიწყეთ დიდი საქმე, განახლება ჩვენი ცხოვრებისა, საქმიანობისა, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც მიგვიყვანს კეთილ საქმეებთან
პატრიარქი - ჩვენ წამოვიწყეთ დიდი საქმე, განახლება ჩვენი ცხოვრებისა, საქმიანობისა, ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც მიგვიყვანს კეთილ საქმეებთან
ჩვენ წამოვიწყეთ დიდი საქმე, განახლება ჩვენი ცხოვრებისა, ჩვენი მოღვაწეობისა, საქმიანობისა. ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც მიგვიყვანს კეთილ საქმეებთან, - ამის შესახებ სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ ყოვლადწმინდა სამების საკათედრო ტაძარში უფლის სამადლობელი პარაკლისის დაწყებამდე ქადაგებისას განაცხადა.
პარაკლისის დაწყებამდე პატრიარქმა სამების ახალგაზრდულ ცენტრში ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე დაინტერესებულ საზოგადოებასთან შეხვედრა გამართა, რომელიც დაახლოებით ორი საათი გაგრძელდა.

უწმინდესის თქმით, ისეთი ცხოვრება გვაქვს, რომ ადამიანებს შორის არის დაპირისპირება. პატრიარქმა განსხვავებული აზრის მქონე ადამიანების მიმართ პატივისცემის აუცილებლობაზე ისაუბრა, ასევე ისაუბრა უმადურობის ცოდვაზე.

"ჩვენ ვეძებთ გზებს, რომელიც დაგვაახლოებს. ახლა ისეთი ცხოვრება გვაქვს, რომ დაპირისპირება არის ადამიანებს შორის. ჩვენ ვართ ძმები, ჩვენ ვართ ახლობლები, ჩვენ უნდა გავუზიაროთ ერთმანეთს ჩვენი აზრი და თუ არ მოგვწონს სხვისი აზრი, უხეშად არ უნდა ვუპასუხოთ. ყველას აქვს თავისი განსხვავებული აზრი და უნდა ვიცოდეთ, რომ თუ სხვისი აზრი განსხვავებულია, შეიძლება ის შენზე უკეთესია. ერთ-ერთი ცოდვა, რომელიც გააჩნია ადამიანს, არის უმადურობა. ხშირ შემთხვევაში, როდესაც ადამიანს უკეთებ სიკეთეს და ის ბოროტად გპასუხობს, უმადურია. უმადური არ უყვარს არც ღმერთს და არც ადამიანს. ყოველდღე ადამიანმა მადლობა უნდა შესწიროს უფალს, რომ ცოცხალია, ფეხზე დგას, ოჯახს, ხალხს ეხმარება. გადავწყვიტეთ, რომ ყოველ შაბათს და არა ხუთშაბათს, 12:00 საათზე იქნება ღვთის სამადლობელი პარაკლისი. თუ ადამიანს არ აქვს დრო, ან რაღაც საქმეებით დაკავებულია, თავისი ლოცვა წაიკითხოს თავის სახლში, სამსახურში, შვილებთან ერთად. 12 საათზე ერი უნდა გამთლიანდეს ლოცვით ღვთის წინაშე. ეს არის პირველი პარაკლისი. მადლობა შევწიროთ ჩვენ უფალს, რომ ჩვენ ვართ, ვსაქმიანობთ, მადლობა შევწიროთ უფალს ოჯახისათვის, საქართველოსათვის. საქართველოს უნდა ჰქონდეს მშვიდობიანი ყოფა. მშვიდობა მოგცეთ მამაზეციერმა თქვენ და საქართველოს", - ბრძანა პატრიარქმა ქადაგებისას.

ღვთისადმი სამადლობელი პარაკლისის დაწყებამდე სამების ახალგაზრდულ ცენტრში შეხვედრა გაიმართა, რომელზეც პატრიარქი თავის ქადაგებებში საუბრობდა.
შეხვედრაზე უწმინდესმა ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი სოფლის მეურნეობის საკითხებზე შექმნილი ჯგუფების ხელმძღვანელად დაადგინა. სოფლის მეურნეობის სხვადასხვა საკითხზე შექმნილი ჯგუფები იმუშავებენ სასულიერო აკადემიასთან, საპატრიაქროს ანდრია პირველწოდებულის სახელობის უნივერსიტეტთან და გამწვანების ინსტიტუტთან.
პატრიარქმა ასევე დაადგინა, რომ ყოველ შაბათს 10:00 საათიდან 15:00 საათამდე ქვეყნისთვის პრობლემატურ საკითხებზე შეხვედრები გაიმართება სამების ახლგაზრდულ ცენტრში. უწმინდესმა აღნიშნა, რომ შემდგომი შეხვედრა 7 ოქტომბერს, 10:00 საათზე გაიმართება.

"მოვამზადოთ საკითხები შემდგომ შაბათს, 10:00 საათზე შევიკრიბებით და ვიმსჯელებთ. ძალიან მომწონს თქვენი აზრები და მსჯელობა. ჩანს, რომ იცნობთ კიდევაც ამ საკითხებს", - განაცხადა უწმინდესმა.

შეხვედრაზე საუბარი იყო ასევე უცხოელებზე მიწის გასხვისების პრობლემაზე, მიწის დამუშავების, მოსწავლეებში შრომის კულტურის დანერგვის აუცილებლობაზე, ეკონომიკურ პრობლემებზე და წყლისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის აუცილებლობაზე.
ბეჭდვა
1კ1