"ციანიდის საქმე" - საქმე ეკლესიის წინააღმდეგ
"ციანიდის საქმე" - საქმე ეკლესიის წინააღმდეგ
დასრულდა ყბადაღებული "ციანიდის საქმე", საქმე ეკლესიის წინააღმდეგ. იმის მიუხედავად, გამართლდებოდა თუ გამტყუნდებოდა მამა გიორგი მამალაძე, ამ საქმის დამგეგმავნი და განმახორციელებლები დარწმუნებულნი იყვნენ, რომ ამით აუცილებლად შელახავდნენ ეკლესიისა და პატრიარქის ავტორიტეტს და ბოლო წლებში, ყველა გამოკითხვის მიხედვით, ნებისმიერ რეიტინგში პირველ ადგილას მდგომი მართლმადიდებლი ეკლესია და საქართველოს კათოლოკოს-პატრიარქი ბოლოს და ბოლოს ჩამოქვეითდებოდნენ და ხალხის სიყვარულს დაკარგავდნენ.

დღეს "ციანიდის საქმისადმი" მიძღვნილ სიუჟეტში 9 საათიანმა "კურიერმა" შეაჯამა საქმის შედეგები: ამ სიუჟეტზე მომუშავე ჟურნალისტს  ყველა რესპონდენტისადმი ერთადერთი მთავარი კითხვა ჰქონდა - შეცვალა თუ არა "ციანიდის საქმემ" მრევლის დამოკიდებულება მღვდლებისადმი, ეკლესიისადმი, საპატრიარქოსადმი? ხომ ადასტურებთ, რომ ხალხის თვალში ეკლესიას აღარ აქვს ის ავტორიტეტი, რაც აქამდე ჰქონდაო? ბოლოს კი დაასკვნა, რომ ამ საქმემ ბევრი ადამიანისთვის დაამსხვრია მითები, რაც ეკლესიისადმი გააჩნდაო. 

ეკლესია არც მხოლოდ მღვდელია, არც საპატრიარქო და არც მრევლი. ეკლესია ქრისტეს სხეულია, მისი განმაცხოველებელი - სულიწმინდაა, ეკლესიის თავი კი თვით უფალია.

ის, ვისაც თქვენ ებრძვით, "ციანიდის საქმის" შემოქმედნო, ეკლესიის მხოლოდ ხილული ნაწილია, მაგრამ ვაი, რომ არაფერი გსმენიათ ზეციური ეკლესიის შესახებ, ან იქნებ გსმენიათ, მაგრამ დახშულია თქვენი გულები და სულიერი თვალები. ვის ებრძვით? უფალს? უფალია ის "ავტორიტეტი", ქართველი ხალხი რომ ერთხმად სცემს თაყვანს. ამის მოშლა გსურთ? არაფერი გამოგივათ. ძალიან მალე კიდევ უფრო დიდი რწმენითა და სიყვარულით გაერთიანდება ქართველი ხალხი ეკლესიის წიაღში და ჩემი, შენი, სხვისი ცოდვებისათვის პატიებას ითხოვს უფლის წინაშე.

ამ ხნის განმავლობაში "კარიბჭე" შეგნებულად არიდებდა თავს ამ საქმის შესახებ საუბარს, რადგან ჩვენ მიგვაჩნია, რომ ეს არის საქმე, მოფიქრებული და განხორციელებული  საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის დისკრედიტაციისათვის. იმედს ვიტოვებთ, რომ ჩვენს მკითხველს ეყოფა სულიერი ძალა და გონიერება, რათა ცოდვით დამძიმებულმა ყოფიერებამ არ შებღალოს მათი ჭეშმარიტი რწმენა. ამაზე მძიმე განსაცდელები ყოფილა, მაგრამ ვერაფერმა შეარყია ის საფუძველი, რასაც ქრისტიანობისადმი ერთგულება ჰქვია. უფალი შეგვეწიოს! ამინ!



ბეჭდვა
1კ1