მღვდელმონაზონ შიოს 1 აგვისტოს შიომღვიმის მონასტერში დაკრძალავენ
მღვდელმონაზონ შიოს 1 აგვისტოს შიომღვიმის მონასტერში დაკრძალავენ
პატრიარქის ლოცვა-კურთხევით, მღვდელმონაზონ შიოს (ჯოხაძის) დაკრძალვა შედგება შიომღვიმის მონასტერში, სამშაბათს, 1 აგვისტოს, 2 საათზე.

მამა შიოს გარდაცვალების ცნობამ უამრავი ადამიანი დაამწუხრა. არ წყდება გამოხმაურება ჩვენს საიტზეც, ფეისბუქ-გვერდზეც. ყველა ერთხმად აღნიშნავს მამა შიოს განსაკუთრებულ ადამიანურ თვისებებს, გულწრფელობას და სიყვარულის შეუდარებელ ნიჭს. მამა სტეფანე ნატროშვილმა, რომელიც მამა შიოსთან ერთად სურამში ცხოვრობდა გარკვეული ხნის განმავლობაში, მას "დიდი ბავშვი" უწოდა თავისი გულწრფელი ხასიათისა და სუფთა გულის გამო.

მამა შიოს პირად გვერდზე კონსტანტინე ცერცვაძე-დობროვოლსკი ასე იხსენებს მამა შიოსთან გატარებულ დღეებს:

"2015 წელს გავემგზავრე თიანეთში ჩემი დეიდის, იღუმენია ეფემიას მოსანახულებლად. მაშინ ვმუშაობდით ფილმზე "ბერის დიადემა". მომიხდა თიანეთში დარჩენა ერთი კვირით. ვცხოვრობდი მონასტრის ახლოს მდებარე სახლში და იქ გავიცანი მღვდელმონაზონი შიო (ჯოხაძე). ეს იყო ადამიანი განსაკუთრებული სულიერი თვისებებით. მას ჰქონდა დიდი ნათელი თვალები, რომლებიც მხოლოდ სიყვარულს ასხივებდა... ჩვენ ძალიან დავმეგობრდით, ერთად ვლოცულობდით, ის მაიძულებდა მეგალობა, მეუბნებოდა რომ მე ამას შევძლებდი. ერთად ვხარშავდით წვნიანს, ლობიოს, ვიხსენებდით მამა გაბრიელს... მერე ერთად გვქონდა ფოტოსესია, მე მას ვუღებდი სურათს, ის - მე. მამა შიო ერთ წინადადებასაც კი არ ამბობდა ამ სიტყვების გარეშე: "გენაცვალოს მამაომ გულში..." გენაცვალოსო - ანუ განსაცდელის დროს მე შეგენაცვლებიო, შენი გულის ტკივილსა და განსაცდელს ჩემ თავზე ავიღებო... გული კი ისეთი სუფთა ჰქონდა, ბავშვივით წრფელი, მოსიყვარულე... მისი გული გუშინ გაჩერდა... მტკივა...
რა შემიძლია ვთქვა, გარდა იმისა, რომ შევთხოვო უფალს:
მოიხსენე უფალო სული მონისა შენისა ახალშესვენებული მღვდელმონაზონისა შიოსი, მიუტევე მას შეცოდებანი მისნი და მიეც მას საუკუნო ხსენება, ამინ!"

KARIBCHE

ბეჭდვა
1კ1