მამა გიორგი: ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებლიდან ვოცნებობდით, "თვენი" თანამედროვე ქართულ ენაზე გვქონოდა
მამა გიორგი: ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებლიდან ვოცნებობდით, "თვენი" თანამედროვე ქართულ ენაზე გვქონოდა
ჟურნალ "კარიბჭესთან" ერთად 1 ივნისს დაინტერესებული მკითხველი წმინდანების შესახებ "თვენის" მე-19 წიგნსაც იხილავს. ამჯერად რედაქცია ივლისის თვეში მართლმადიდებელი საეკლესიო კალენდრის მიხედვით მოხსენიებული წმინდანების ცხოვრებისა და მოღვაწეობის ამსახველ მასალებზე მუშაობს. თითოეული ტომი ერთ დეკადას მოიცავს და მასზე მუშაობა ძალიან შრომატევადია. დაახლოებით წელიწადნახევარში დღის სინათლეს წმინდანთა ცხოვრების შესახებ "თვენის" სულ 36 ტომი იხილავს. პროექტის ავტორი და რედაქტორი თამარ მამაცაშვილია. წიგნების შედგენაზე კი კახაბერ კენკიშვილი, სოფიო თავაძე და მანანა ტუაევა მუშაობენ. ამ გამოცემის მნიშვნელობაზე ჩვენ მის ავტორებს და სასულიერო პირებს ვესაუბრეთ.

ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორი, თამარ მამაცაშვილი
"თვენში" მთელი ეკლესიის ისტორია კალენდარული თანმიმდევრობით არის დალაგებული. ამიტომაც ჰქვია "თვენი". წმინდანთა ცხოვრების გამოცემა ძველი სტილით იანვრის თვიდან დავიწყეთ. თითოეულ წიგნში 10 კალენდარული დღეა შესული. დღეების შესაბამისად, ახლა ივლისის თვის წმინდანთა ცხოვრების შესახებ ვმუშაობთ.

ფასეულობები იცვლება და სულიერებისგან დაცლილი საზოგადოება გაოგნებულ მდგომარეობაშია, დაბნეულია, ვეღარ გარკვეულა, რა სახის ადამიანები არიან მისაბაძი? მასმედიის საშუალებები ხშირად ისეთ პიროვნებებს წარმოაჩენენ დღევანდელობისთვის სამაგალითოდ, რომ აშკარაა - ღირსება, სიწმინდე, თავდადება, ერთგულება, სიყვარული - ეს მარადიული ღირებულებები დღეს აღარაფრად უღირთ. ამ გამოცემაში, "თვენში", მკითხველი იპოვის იმ ადამიანებს, ვინც შეიძლება საზოგადოებისთვის ჭეშმარიტად სამაგალითო და მისაბაძი იყოს.
ამასთან, მინდა ვთქვა, რომ ეს არის საუკუნის გამოცემა. ასეთი სრულფასოვანი წმინდანთა ცხოვრება ბევრი ქვეყნის ეკლესიას არ აქვს. მეთერთმეტე საუკუნეში შეიქმნა გიორგი მთაწმინდელის წმინდანთა ცხოვრება - "თვენი". მას შემდეგ მხოლოდ მცირე კრებულების სახით იყო გამოცემული. მნიშვნელოვანი განახლება და შევსება არ მომხდარა.

ასევე, რუსეთის ეკლესიას აქვს წმინდა დიმიტრი როსტოველის მიერ შედგენილი "წმინდანთა ცხოვრება". მასში ნაწილობრივ ქართველი წმინდანებიც იყო შესული. ბერძნულ ენაზე კი გამოცემულია წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელის სვინაქსარი - "წმინდანთა ცხოვრება".
გიორგი მთაწმინდელის "თვენი", დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრება" და ნიკოდიმოს მთაწმინდელის "სვინაქსარი", რომლის განახლებული ვერსია გამოიცა ახლახანს ათონზე - შევაჯერეთ, გავაერთიანეთ. ჩვენს გამოცემაში შევა მთელი მსოფლიოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდანთა ცხოვრებანი. ჩვენს ტომეულებში შევა ასევე მე-10 საუკუნემდე მოღვაწე ევროპელი წმინდანების ცხოვრებაც, ანუ იმ პერიოდის წმინდანთა, ვიდრე ეკლესიაში განხეთქილება მოხდებოდა.

სულ წმინდანთა ცხოვრების შესახებ 36 ტომი გამოვა. ამ მოცულობის მსგავსი გამოცემა ბევრ ქვეყანას არ აქვს. წმინდანთა ცხოვრებას სხვადასხვა ენებიდან ვთარგმნით. ეს ძალიან დიდი და მნიშვნელოვანი პროექტია. თავად განსაჯეთ - წმინდა დიმიტრი როსტოველმა წმინდანთა ცხოვრების შედგენას მთელი ცხოვრება მიუძღვნა. ასეთი გამოცემის არსებობა ერის სულიერი განვითარების საფუძველია, ასეთი წიგნებით ცხოვრობს და არსებობს ყველა მორწმუნე ადამიანი.

მანგლელი მიტროპოლიტი ანანია (ჯაფარიძე):
ჩვენი საეკლესიო, მართლმადიდებლური ჟურნალისტიკის ისტორიაში პირველი შემთხვევაა, როცა "თვენის" სახით საეკლეისო წიგნი გამოდის. აღნიშნული გამოცემა მართლაც სჭირდება მორწმუნე მრევლს, უფრო მეტად კი მღვდელმსახურებს... "თვენი" ძალზედ კარგად მოფიქრებულია... მნიშვნელოვანია, რომ მრევლმა საეკლესიო საკითხავები იცოდეს, არ იყოს პასიური მდგომელი ეკლესიაში, არამედ აზროვნებდნენ და სულიერად მონაწილეობას იღებდნენ ლიტურგიაში, ღვთისმსახურებაში. ვლოცავ ჟურნალ "კარიბჭეს" ამ დიდი საქმისთვის, მის რედაქტორს და ყველა თანამშორმელს.

მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს სახელობის ტაძრის წინამძღვარი დეკანოზი არჩილ მინდიაშვილი:

ახალ აღთქმაში იესუ ქრისტეს შუამდგომლობა ზეციური მამის მიმართ ღვთის წმინდა სათნომყოფელთა მეოხებას არ უგულებელყოფს. მაცხოვარი შუამდგომლობს როგორც ძე ღვთისა და როგორც გამომხსნელი, რომელმაც ჩვენთვის ჯვარცმა და სიკვდილი დაითმინა, და ამ აზრით იგი ერთადერთი შუამდგომელია. ხოლო წმინდა მამები მეოხ არიან როგორც უფალი იესო ქრისტეს მეგობრები და როგორც ჩვენი მომავალი მსაჯულნი, რომელნიც ამჟამად ზემდოგმი მსაჯულისა, მაცხოვრის წინაშე არიან წარმდგარნი, ამიტომ, იესო ქრისტეს გარდა, ისინი სხვა შუამდგომლებად იწოდებიან.

KARIBCHE

გასახარია, რომ რამდენიმე თვის წინ, ქართულ საეკლესიო სივრცეში გამოჩნდა უნიკალური 36-ტომეული "თვენი" (ამჟამად გამოცემულია უკვე 18 ტომი), რომელშიც შესულია მართლმადიდებელი ეკლესიის ყველა წმინდანის ცხოვრება და მოღვაწეობა, თავისი კონდაკ-ტროპარებით. სერიას ავტორიტეტს ჰმატებს ისიც, რომ მასში შეჯერებულია ქართული "თვენის" ძველი გამოცემა, წმინდა დიმიტრი როსტოველის "წმინდანთა ცხოვრება" და ათონზე გამოცემული სვინაქსარი. ჟურნალ "კარიბჭის" რედაქტორ-თანამშრომელთაგან ეს არცაა გასაკვირი. ისინი ხომ თავად ამ ჟურნალის მიერ უკვე წლებია განმანათლებლურ საქმიანობას ეწევიან, თავადაც ეკლესიურნი.

ვფიქრობ, ეს ახალი "თვენი" ჩვენი ეკლესიის ღვთისმსახურთა და მორწმუნე მრევლის სამაგიდე წიგნი გახდება.
უფალმა ღმერთმა, წმინდანთა მეოხებით, "კარიბჭის" პროექტის ავტორს და რედაქტორს, ქალბატონ თამარ მამაცაშვილს სარედაქციო გუნდითურთ მომავალშიც არაერთი სასიკეთო გამოცემა განეხორციელებინოთ.

დეკანოზი გიორგი თევდორაშვილი, საპატრიარქოს მსჯავრდებულებთან ურთიერთობის დეპარტამენტის თავმჯდომარე, ნარიყალას წმინდა ნიკოლოზის სახელობის ტაძრის წინამძღვარი.
ამ გამოცემის მნიშვნელობის შესახებ საუბარიც კი ზედმეტია. ყველა მართლმადიდებელ ქრისტიანს უნდა ჰქონდეს სახლში ეს გამოცემა, რათა უკეთ დაუახლოვდნენ სულიერი მამების საგანძურს და ჩვენი შვილები ამ წიგნებზე უნდა გაიზარდონ. ჯერ კიდევ სასულიერო სასწავლებლიდან ეს იყო ჩვენი ოცნება. გვინდოდა "თვენი" ქართულ, თანამედროვე ენაზე გვქონოდა და ეს აგვისრულდა. ახლახანს გამომცემლობამ საპატიმროებისთვის "თვენის" 12 ტომი გადმოგვცა. თუ იქნება საშუალება, რომ თითოეულ საპატიმროს თითო კომპლექტი ქონდეს, ეს ძალიან კარგი იქნება. პატიმრები ძალიან ბევრს კითხულობენ და სასურველია, რომ წიგნები სწორად შეარჩიონ.

ეკატერინე ბახუტაშვილი

ბეჭდვა
1კ1