ათონზე სიტუაცია დაიძაბა - ბერებს, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებაზე უარს ამბობენ, წმინდა მთიდან გააძევებენ
ათონზე სიტუაცია დაიძაბა - ბერებს, რომლებიც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიებაზე უარს ამბობენ, წმინდა მთიდან გააძევებენ
ათონელმა ბერებმა, რომელთაც მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება შეწყვიტეს, მიიღეს შეტყობინება, რომ უნდა დატოვონ თავიანთი სენაკები. იმ ბერების რიცხვმა, რომლებიც არ ეთანხმებიან კრეტის კრების გადაწყვეტილებებს და კონსტანტინოპოლის ეკუმენურ პოლიტიკას, 100-ს გადააჭარბა. ზოგიერთი მათგანი უარს ამბობს სენაკის ნებაყოფლობით დატოვებაზე, ამიტომ მათი გაძევება ათონიდან ძალისმიერი მეთოდებით მოხდება, რაც დიდ უკმაყოფილებას გამოიწვევს მართლმადიდებელ მსოფლიოში.

კრეტის მსოფლიო კრება ათონიდან სერიოზული ოპოზიციას შეხვდა. კრების წინ წმინდა მთის ზოგიერთი მონასტერი და წმინდა კინოტი კრებაზე განსახილველი დოკუმენტების კრიტიკით გამოვიდნენ. კრების დასრულების შემდეგ კი 50-ზე მეტი განდეგილმა ბერმა (მათ შორის ავტორიტეტული ბერდიდი გაბრიელ კარეელი) კინოტისადმი (კინოტი ათონის მმართველობის ორგანოა) და ათონის მონასტრების იღუმენებისადმი გაგზავნილ ღია წერილში "წმინდა დიდ კრებას" "ავაზაკთა" და "ანტიმართლმადიდებლური" კრება უწოდეს და ყველას მოუწოდეს, შეეწყვიტათ მსოფლიო პატრიარქის მოხსენიება.

ბერებმა მოუწოდეს კინოტს, მოეწვიათ წმინდა სინაქსისი (კრება) ერთადერთი თემის განსახილველად - რათა დაეგმოთ კრეტის კრების ტექსტები. წერილში ხაზგასმული იყო, რომ ბერებმა შეისწავლეს ე.წ. "წმინდა და დიდი კრების ტექსტები, აგრეთვე ცნობილი ღვთისმეტყველებისა და იერარქების პასუხები... დასკვნა ის არის, რომ კრება იყო ანტიმართლმადიდებლური, ავაზაკური და ერეტიკული".

მიმართვის ავტორები აღნიშნავდნენ, რომ კრებამ "ახლებური მიდგომები დაამკვიდრა პრაქტიკაში", არ შეკრიბა ყველა ეპისკოპოსი და დაარღვია მართლმადიდებლური კრებითობა, გამოიყენა ანტიმართლმადიდბელური მეთოდები. "მართლმადიდებელ საზოგადოებას არ ჰქონდა საკმარისი ინფორმაცია, დამალული იყო წინასაკრებო პროცესის გადაწყვეტილებები" - აღნიშნავდნენ წერილის ავტორები.

ათონელებმა განაცხადეს, რომ კრებამ ოფიციალურად ყველა დონეზე დააკანონა ეკუმენიზმის ერესი, სხვა ერესებმა კი "ბოლოსდა ბოლოს მიაღწიეს მიზანს - სექტების ეკლესიებად აღიარებას", ანუ "პაპიზმი და სხვა ერეტიკული მიმდინარეობები მოიხსენიეს ეკლესიებად და არა ერესად". წერილში ასევე საუბარია იმაზე, რომ კრებამ უგულებელჰყო ბერობის როლი, განსაკუთრებით კი ათონის წმინდა მთის დამოკიდებულება პაპიზმისა და ეკუმენიზმისადმი.

"ამიტომ გთხოვთ და მოველით, რომ განიხილავთ ამას, როგორც თქვენს სულიერ მოვალეობას და მოიწვევთ საგანგებო ორმაგ სინაქსისს, რათა ზემოთ ხსენებულიდან გამომდინარე, ამ კრებას ერეტიკოსთა, არაკანონიკური და ავაზაკთა კრება ეწოდოს" - ნათქვამია წერილში.

ბერები ამბობდნენ, რომ თუ კინოტი ამას არ იზამს, მაშინ ისინი იძულებულნი იქნებიან თავად იმოქმედონ და შეწყვიტონ კონსტანტინოპოლის პატრიარქის მოხსენიება ღვთისმსახურებაზე.

ღია წერილს ხელი მოაწერეს დიდი ლავრის, ვათოპედის, ქილანდარის, ყუთლუმუშის, სტავრონიკიტას, ფილოთეოსის მონასტრების ბერები, აგრეთვე კარეესის, კაფსალის და სხვადასხვა სკიტებში მოღვაწე ბერებმა.

აქვე წაიკითხეთ: 60 ათონელი ბერი კრეტაზე ჩატარებულ კრებას გმობს

წყარო: http://www.vimaorthodoxias.gr/
და http://agionoros.ru/

 

ბეჭდვა
1კ1