მოსკოვში ქართველი ექიმი გმირულად დაიღუპა
მოსკოვში ქართველი ექიმი გმირულად დაიღუპა
მოსკოვის ოლქში 9 მარტს ტრაგიკულად დაიღუპა ქართველი ექიმი-გინეკოლოგი ნანა ადამაძე. 68 წლის ქალბატონმა სიკვდილს გადაარჩინა სმენადაქვეითებული მოხუცი, რომელიც მატარებლის ლიანდაგზე იდგა და მატარებლის მოახლოება ვერ გაიგო. ნანა ადამაძე რელსებისკენ გაიქცა, მოხუცს ხელი ჰკრა, მაგრამ თვითონ დაიღუპა.

თვითმხილველები ჰყვებიან, რომ ტრაგედია სადგურ "პერლოვკაზე" მოხდა. მოხუცს არ ესმოდა ადამიანების ყვირილი და მატარებლის საყვირის ხმა სიყრუის გამო. მხილველების თქმით, ნანა ადამაძე მატარებელმა ნაწილებად აქცია, მოხუცი კი ვერც ხვდებოდა რა მოხდა და გზა გააგრძელა.

"ნანა ადამაძე იყო არაჩვეულებრივი ადამიანი, მაღალკვალიფიციური სპეციალისტი, ჰყავდა ბევრი მადლიერი პაციენტი. იგი უყვარდათ და აფასებდნენ არა მხოლოდ ცოდნისა და გამოცდილებისათვის, არამედ დიდი სიკეთისა და დელიკატურობისათვის, ოპტიმიზმისა და სიცოცხლის სიყვარულისთვის. ის არასოდეს ყოფილა გულგრილი სხვისი პრობლემების მიმართ. ყოველთვის მზად იყო დასახმარებლად. ნანამ ექიმად 40 წელი იმუშავა. იგი საქართველოში დაიბადა, ქალაქ სოხუმში, დაამთავრა იაროსლავლის სამედიცინო ინსტიტუტი", - იხსენებენ მისი კოლეგები კლინიკა "ისიდაში" - იმ სამედიცინო ცენტრში, სადაც ნანა ადამაძე ბოლო 12 წლის განმავლობაში მუშაობდა.

ნანა ადამაძე 1948 წელს დაიბადა მედიკოსთა ოჯახში. მისი დედა
სოხუმის სამშობიარო სახლის დირექტორი იყო. ნანაც მის კვალს გაჰყვა, იაროსლავლის სამედიცინო ინსტიტუტის დამთავრების შემდეგ ამავე სამშობიაროში მეან-გინეკოლოგად მუშაობდა. ის იმდენად ყურადღებიანი ექიმი ყოფილა, რომ პაციენტები მის სახელს არქმევდნენ ახალშეძენილ გოგონებს. ნანას მეუღლე გაზეთ "საბჭოთა აფხაზეთის" რედაქტორი იყო. ნანას ქალ-ვაჟი - ქეთა და გიორგი შეეძინა. აფხაზეთის ომის დროს ფსკოვში გადავიდნენ საცხოვრებლად, სადაც მათი მეგობრები ცხოვრობდნენ. ნანას მეუღლე სულ ახალგაზრდა, 50 წლის ასაკში გარდაცვლილა. ამის შემდეგ ნანა შვილებთან ახლოს, მოსკოვის ოლქში გადავიდა საცხოვრებლად.

ნანა ისე გარდაიცვალა, როგორც ცხოვრობდა - ამბობს მისი რძალი, გიორგის მეუღლე, ელენა ადამაძე - ის ყველას მშველელი და გადამრჩენელი იყო. როცა ოპერაციის დროს პაციენტებს სისხლი სჭირდებოდათ, თავად გარბოდა დონორთა პუნქტში და მაქსიმუმს იღებდა ყოველთვის.
ცოტა ხნის წინ ნანა კოლეგებს უამბობდა, რომ მისი ქალიშვილი - ქეთა, რომელიც ამჟამად საბერძნეთში ცხოვრობს, მალე მესამე შვილიშვილს გაუჩენდა. მაგრამ ვეღარ მოესწრო. სამაგალითო ქართველი ექიმი ფსკოვში დაკრძალეს მეუღლის გვერდით.


ბეჭდვა
1კ1