ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მიაგნო სახლს, რომელშიც მაცხოვარმა ბავშვობა გაატარა
 ბრიტანელი მეცნიერი ამტკიცებს, რომ მიაგნო სახლს, რომელშიც მაცხოვარმა ბავშვობა გაატარა
ისრაელში აღმოაჩინეს სახლი, რომელშიც შესაძლოა იესო ქრისტე იზრდებოდა ყოვლადწმინდა ღვთისმშობლისა და მართალი იოსების ოჯახში. ბრიტანელი არქეოლოგი კენ დარკი ამტკიცებს, რომ პირველი საუკუნის ეს ღარიბული საცხოვრებელი მდებარეობს ნაზარეთში, სამხრეთ ისრაელში. ამ ინფორმაციას ვებ-გვერდი christiantoday ავრცელებს.

არქეოლოგიურ ჟურნალში დაბეჭდილ სტატიაში დარკი აღნიშნავს, რომ ეს სახლი ჯერ კიდევ მე-19 საუკუნის 80-იან წლებში აღმოჩინეს ნაზარეთის დედათა მონასტრის მონაზვნებმა. მაგრამ მხოლოდ 2006 წელს დაათარიღეს იგი ექსპერტებმა I საუკუნით, რამაც შესაძლებელი გახადა იმის მტკიცება, რომ ის ნამდვილად იყო მაცხოვრის მიწიერი საცხოვრებელი.

ბრიტანელი მეცნიერის ვერსიის სასარგებლოდ მეტყველებს ის ფაქტი, რომ ბიზანტიის იმპერიისა და ჯვაროსნობის ხანაში ეს სახლი საეკლესიო შენობათა ნაწილი იყო.

არქეოლოგიური მტკიცებულებების გარდა, დარკს მოჰყავს წერილობითი წყაროებიც, რომლებიც მე-7 საუკუნით თარიღდება. წყარო ეკუთვნის შოტლანდიის სამხრეთ-დასავლეთით მდებარე კუნძულ იონზე არსებული მონასტრის აბატს - ადომნანს. იგი აღწერს ფრანკების ეპისკოპოს არკულფას მოგზაურობას ნაზარეთში. თხრობისას ადომნანი მოიხსენიებს ეკლესიას, "სადაც მდებარეობს სახლი, რომელშიც მაცხოვარმა ბავშვობა გაატარა".

სახლი, რომელიც არქეოლოგის მტკიცებით იესოს დედას ეკუთვნოდა, მდებარეობს ნაზარეთის დედათა მონასტრის გვერდით, ნათლისღების ტაძრის გვერდით ქუჩაზე. სახლი კირქვისაა. მასში რამდენიმე ოთახია და კიბე.

ბეჭდვა
1კ1