ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განცხადება (23.01.2017)
ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიის განცხადება  (23.01.2017)
როგორც მოგეხსენებათ, გასული წლის ნოემბერში, ვარძიის ტაძარში გაჩენილი ხანძრის შედეგად გაიჭვარტლა ტაძრის ფრესკები. მუშაობას შეუდგა რესტავრატორთა ჯგუფი, რომლებმაც შეისწავლეს დაზიანების ხარისხი, მაგრამ მკაცრი კლიმატის გამო, გადაწყვიტეს გაზაფხულისთვის გააგრძელონ სარესტავრაციო სამუშაოები.

ვადასტურებთ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიასა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოს შორის იყო სიტყვიერი შეთანხმება, რომ რესტავრაციის მიმდინარეობის პროცესში, დროებით შეჩერებულიყო ღვთისმსახურება და დაკეტილიყო ტაძარი მომლოცველებისთვის და ტურისტებისთვის, რაც დღემდე ძალაშია.

მოგახსენებთ, რომ საეკლესიო კანონის თანახმად, მოქმედ ტაძარში ორმოცი დღის გასვლის შემდეგ, აუცილებელია შესრულდეს ღვთისმსახურება. მხოლოდ ამ დროის გასვლის შემდეგ ჩატარდა ვარძიაში წირვა მონასტრის ძმობისთვის და ასევე წირვა ჩატარდა უდიდეს საეკლესიო დღესასწაულზე - შობას. ღამისთევის წირვაზე მობრძანებულ მომლოცველებს (დაახლოებით 20 ადამიანი) მონასტრის ძმობა უარს ვერ ეტყოდა ღვთისმსახურებაში მონაწილეობაზე.
დანარჩენი დროის განმავლობაში ტაძარი დაკეტილია.
სამწუხაროა, რომ ერთეული შემთხვევა, რომელიც ვერ დაამძიმებდა ტაძარში არსებულ მდგომარეობას, უარყოფით კონტექსტში იქნა განხილული.

აღვნიშნავთ, რომ ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის ეპარქიამ იმთავითვე გამოთქვა სურვილი და დღესაც მზადაა, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულ სააგენტოსთან ერთად მიიღოს მონაწილეობა ვარძიის ფრესკების რესტავრაციაში. ვიმედოვნებთ, რომ საერთო ძალისხმევით, დროულად მოხერხდება უნიკალური ფრესკების რესტავრაცია, მათ დაუბრუნდებათ ხანძრამდელი სახე და ჩვეულ რეჟიმში გაგრძელდება ღვთისმსახურება.
ვარძიაში აღვლენილი წირვა-ლოცვის მადლი ეწეოდეს სრულიად საქართველოს.







ბეჭდვა
1კ1