მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლთა განცხადებას პასუხობს
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლთა განცხადებას პასუხობს
მესტიისა და ზემო სვანეთის ეპარქია სოციალურ ქსელში კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლთა განცხადებას პასუხობს - თითქოს ამ ეპარქიის სამღვდელოება ხელყოფს ტაძრების იერსახეს.

"გვსურს, გამოვეხმაუროთ 2016 წლის 30 ნოემბრის, პირველი არხის საინფორმაციო გადაცემაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლთა განცხადებას, რომელიც ეხებოდა მესტიისა და ზემო სვანეთის სოფლების კულტურულ ძეგლებს, ტაძრებს. მათი თქმით, თითქოს ამ ეპარქიის სამღვდელოება ხელყოფს ტაძრების იერსახის შეცვლას, აფუჭებენ და ამახინჯებენ ტაძრებს. გვინდა გადაჭრით ვთქვათ, რომ ჩვენი სამღვდელოება ტაძრებს ამშვენებს და არ აზიანებს, თუმცა უფრო კონკრეტულად და ფაქტებზე დაყრდნობით გვინდა პასუხი გავცეთ განსაკუთრებით ლატალის ტაძრების თემას.
პირველი, ყველაზე მეტად ყურადღება გამახვილებული იყო ლახუშდის XIX-საუკუნის, მაცხოვრის სახელობის ტაძარზე. მონიტორინგის ჯგუფი აღნიშნავს თითქოს იატაკზე დაიგო მეტლახი, გაილესა და შეიღება გარეთა ფასადი. ჩვენ კი გვინდა ვთქვათ, ტაძარში არ დაგებულა მეტლახი, ტაძარში დაიგო ბუნებრივი ქვა, გაილესა კირით და ის არ შეღებილა. საერთოდ გაუგებარია XIX-საუკუნის ტაძარში, სადაც ხელის ნაკვალევი ეტყობოდა ნალესში, რა ისტორიას გადმოგვცემს და რატომ არის კულტურული მემკვიდრეობა.

მეორე, ლატალის X-XIსს მაცხოვრის ტაძარში, ტაძრის წინამძღვრის მონდომებით მოიშალა XIX-საუკუნის, რუსების მიერ გაკეთებული ხის კანკელი და დაიდგა ახალი ქვის კანკელი, რომელიც უფრო მეტად შეესაბამება ტაძრის ძველ არქიტექტურას და წარმოადგენს ხელოვნების მაღალ ნიმუშს. რაც მთავარია, ახალი კანკელის ნებართვა გაიცა კულტურის სამინისტროს მიერ და ამის დამადასტურებელი ყველა დოკუმენტი არსებობს. ამ ფაქტთან დაკავშირებით აღნიშნულ გადაცემაში საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლთა მხრიდან ცილისწამებას ქონდა ადგილი, თითქოს ლატალის მოძღვარმა ნებართვის გარეშე შეცვალა კანკელი. აღნიშნულ ტაძარში დაიგო ქვის იატაკი, რომელიც აუცილებლობამ მოითხოვა. ძველად დაგებული კირქვა ალაგ–ალაგ გამსკდარი და ამოყრილი იყო მეტწილად და დღითიდღე ზიანდებოდა. ეს ფაქტიც განსაკუთრებული აღშფოთების საგანი იყო სააგენტოს წარმომადგენლთა მხრიდან. გვინდა ვთქვათ, რომ ზოგიერთისთვის ტაძარი მხოლოდ კულტურული ძეგლია, ხოლო უმრავლესობისთვის ის ცოცხალი ორგანიზმია და იქ წირვა ლოცვა ტარდება, რა დანიშნულებისთვისაც ამას ჩვენი წინაპრები აშენებდნენ. ხალხმრავლობიდან გამომდინარე ტაძარი პერიოდულად საჭიროებს სხვადასხვა სამუშაო ჩარევებს.

მესამე, რაც შეეხება მთავარანგელოზის ტაძრის ეზოში აშენებულ სამრეკლოს, ამ ტაძარში წირვა- ლოცვის აღვლენის დროს, ტაძრის მსახური გადადიოდა მოშორებით მდებარე მაცხოვრის ტაძრის ეზოში მდგარ სამრეკლოზე და იქიდან ირეკებოდა მრევლისთვის წირვის მაუწყებელი ზარები. აქედან გამომდინარე, მთავარანგელოზის ეზოში, ტაძრიდან მოშორებით აშენდა სამრეკლო. მხოლოდ ეს არის რაც "დაუშავა" მოძღვარმა ლატალის ტაძრებს.
ალბათ ძალიან შორს წაგვიყვანს იმაზე საუბარი, თუ რა გააკეთა ჩვენმა მოძღვარმა სვანეთის სამწყსოსთვის, მომავალი თაობისთვის.

სად იყო საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, როცა ლატალის მაცხოვრის ტაძრის ეზოში ბეტონის სამრეკლო შენდებოდა, რაც მართლაც ამახინჯებს ტაძრის იერსახეს, თუმცა ის მანამდე აშენდა სანამ მოძღვარი დაინიშნებოდა ტაძარში, ამდენად არც შედის იმათ ინტერესში, ვინც მიზანმიმართულად ებრძვის ჩვენს სამღვდელოებას.

ასეთი ღია და აშკარა ბრძოლით სამღვდელოების მიმართ, ილახება იმ ადამიანების უფლებებიც, რომლებიც ტაძრის წიაღში არიან, მრევლს წარმოადგენენ და მადლიერებით არიან განმსჭვალულნი სამღვდელოების მიმართ.
ან სად არის საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტო, მაშინ, როცა წვირმის XI-საუკუნის მაცხოვრის ფერიცვალების ტაძარს, რომელიც საკმაოდ დაზიანებულია, ტაძრის წინამძღვრის მრავალგზის თხოვნის მიუხედავად არავითარ რეაგირებას არ აკეთებს გულგრილად უყურებს ამ მოვლენას, ასევე იფარის წმინდა გიორგის ტაძარი აღმოსავლეთი მხარეს კედლები არის დაბზარული და დაზიანებული, რომელზეც არავითარი ყურადღება არ არის გამახვილებული.
რაც შეეხება მულახის თემას, ჟაბეშის მაცხოვრის ტაძრის მინაშენთან დაკავშირებით, რომელიც თითქოს სამღვდელოების მხრიდან უნებართვოდ გაკეთდა აქაც ცილისწამებას აქვს ადგილი, ამ ტაძრის ეკვდერის მიშენებაში არ ურევია სამღვდელოების ხელი, ეს არის დიდი სიცრუე ჯობია მოხდეს რეალური ინფორმაციის მიწოდება საზოგადოებისათვის.

გვინდა შევთავაზოთ საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს წარმომადგენლებს, მოხდეს მოსახლეობის გამოკითხვა ვის მეტი ზიანი, თუ სიკეთე მოუტანია მესტიისა და ზემო სვანეთის ტაძრებისთვის სამღვდელოებას თუ აღნიშნული სააგენტოს წარმომადგენლებს. სწორედ ხალხისთვის შენდებოდა ტაძრები და მათ განსაჯონ.


ბეჭდვა
1კ1