ილია მეორე დღეს რუსეთის პატრიარქს შეხვდება
ილია მეორე დღეს რუსეთის პატრიარქს შეხვდება
სრულიად საქართველოს კათოლიკოს- პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე გუშინ მოსკოვში ჩავიდა, სადაც მონაწილეობას მიიღებს მოსკოვისა და სრულიად რუსეთის პატრიარქ კირილის 70 წლისადმი მიძღვნილ ღონისძიებებში. ამის შესახებ რუსეთის საპატრიარქოს ოფიციალური ვებგვერდი იუწყება.

მაღალი რანგის სტუმარს ვნუკოვოს აეროპორტში დახვდნენ კრუტიცკისა და კოლომენსკის მიტროპოლიტი იუბენალი, იაკუტიისა და ლენსკის არქიეპისკოპოსი რომანოზი, მოსკოვის საპატრიარქოს მართლმადიდებელ ეკლესიათა შორის ურთიერთობების განყოფილების მდივანი დეკანოზი იგორ იაკიმჩუკი და სხვები. ასევე მოსკოვის წმინდა გიორგის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური, არქიმანდრიტი მირიანი (შენგელია).
უწმიდესთან ერთად მოსკოვში იმყოფებიან ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე, ზუგდიდისა და ცაიშის მიტროპოლიტი გერასიმე, გორისა და სამთავისის მიტროპოლიტი ანდრია, პროტოპრესვიტერი გიორგი ზვიადაძე, არქიმანდრიტი დავით ჭინჭარაული, დეკანოზი ალექსანდრე გალდავა, მონაზონი ალექსანდრა იასიბაში.

20 ნოემბერს მაცხოვრის ტაძარში საერთო წირვა შესრულდება, რომელშიც სხვადასხვა მართლმადიდებელი ეკლესიის პატრიარქები და მათი წარმომადგენლები მიიღებენ მონაწილეობას. წირვის შემდეგ რუსეთის პატრიარქი საზეიმო მიღებას გამართავს, რომელიც მისი დაბადების 70 წლის იუბილეს ეძღვნება.

გიორგობას, 23 ნოემბერს, მოსკოვის ქართულ ეკლესიაში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი პარაკლისს გადაიხდის. საღამოს კი ქართულ დიასპორასთან პატრიარქის შეხვედრა გაიმართება. ილია მეორე დელეგაციის წევრებთან ერთად საქართველოში 25 ნოემბერს დაბრუნდება.
ბეჭდვა
1კ1