პატრიარქმა "საყოველთაო ჯვრისწერის" პროექტი აკურთხა
პატრიარქმა "საყოველთაო ჯვრისწერის" პროექტი აკურთხა
საპატრიარქოსთან არსებული საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების ინიციატივით და საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის ილია II-ის ლოცვა-კურთხევით დაიწყო საყოველთაო ჯვრისწერის პროექტი. 17 ოქტომბერს სამების საკათედრო ტაძარში ექვსმა წყვილმა დაიწერა ჯვარი, რომლებიც უწმინდესმა დალოცა.

საინტერესოა, რომ ჯვარდაწერილთაგან ყველაზე ხნიერი 70 წლის იყო, ყველაზე უმცროსი კი 18 წლის. ამჟამად გრძელდება იმ წყვილების რეგისტრაცია, რომელთაც საყოველთაო ჯვრისწერაში მონაწილეობა სურთ. მორიგი ჯვრისწერა შობის მარხვამდე და მის შემდეგ გაიმართება. "საქართველოს ჩოხოსანთა საზოგადოების" თავმჯდომარე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქია.

"მოხდა ისე, რომ ჩემ სოფელში, ჩემს მეგობრებს შორის შვიდი ჯვარდაუწერელი წყვილი აღმოჩნდა, რომელთაც შვილიშვილებიც კი ჰყავდათ. ჩვენ მათ ყველას ერთად ერთ პატარა ეკლესიაში დავწერეთ ჯვარი. მოძღვარმა მელქისედეკმა, რომელმაც წყვილებს ჯვარი დასწერა, ცრემლმორეულმა აღნიშნა, რომ საუკუნეზე მეტია ამ პატარა ეკლესიაში მსგავსი არაფერი მომხდარა", — მოუთხრო სააგენტოს საზოგადოების თავმჯდომარის მოადგილემ ზვიად სეხნიაშვილმა.

სეხნიაშვილმა პატრიარქს უამბო საყოველთაო ჯვრისწერის პროექტის შესახებ, რომელმაც მის განხორციელებაზე ლოცვა-კურთხევა მისცა. "დღეს ძალიან დიდია ზეწოლა ოჯახზე, იმაზე, რომ ოჯახის ინსტიტუტი დაკნინდეს და წმინდა ოჯახი არ არსებობდეს. საქართველოში ასევე ბევრია გაყრილი წყვილი. ჩვენი პროექტი მიმართულია სწორედ ოჯახის გამყარებისკენ", — თქვა სეხნიაშვილმა და დასძინა, რომ წყვილებს თვით პატრიარქი დალოცავს. სეხნიაშვილის თქმით, ჯვრისწერის მსურველი ძალიან ბევრი აღმოჩნდა და ყველა მათგანმა რეგისტრაცია "ჩოხოსანთა საზოგადოებაში" უნდა გაიაროს.

წყარო: http://uoj.org.ua

აქვე წაიკითხეთ:
როდის შედგება საყოველთაო ჯვრისწერის მორიგი ეტაპი და როგორ ხდება რეგისტრაცია


ბეჭდვა
1კ1