რას წერს საქართველოს ეკლესიაზე ცნობილი ბრიტანული ვებგვერდი
რას წერს საქართველოს ეკლესიაზე ცნობილი ბრიტანული ვებგვერდი
ვებგვერდი www.christiantoday.com/ აქვეყნებს სტატიას, რომელშიც მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგის კომისიის სხდომის შედეგებს განიხილავს. გთავაზობთ ამ სტატიის თარგმანს:

"შესაძლოა თუ არა მცირედით მაინც გამოსწორდეს მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ათასწლოვანი განხეთქილება? თუ გავითვალისწინებთ ეჭვების, მტრობის, პოლიტიკური თამაშებისა და საღვთისმეტყველო შეურიგებლობის ისტორიას, ეს ნაკლებად სავარაუდოა. მაგრამ ორივე მხარის ღვთისმეტყველთა შეხვედრის შემდეგ არის ნიშნები იმისა, რომ ყინული დაიძრა. საუბარია კიეტში ჩატარებულ მართლმადიდებლურ-კათოლიკური კომისიიის მე-14 პლენარულ სხდომაზე.

სხდომამ მიიღო დოკუმენტი, მართლმადიდებლურ-კათოლიკური განხეთქილების ძირითად საკითხებზე - პირველი ათასწლეულის ეკლესიის სინოდალურობასა და პრიმატზე. მართლმადიდებელთა აზრით, პაპი შეიძლება იყოს პირველი თანასწორთა შორის, მაგრამ არ შეიძლება იყოს სხვა ეკლესიის პატრიარქებზე უპირატესი. ამდენად, იმის განსაზღვრა, თუ როგორი იყო პაპის მმართველობა 1054 წლის განხეთქილებამდე, აუცილებელია.   

კიეტში მიღებული იქნა სამუშაო დოკუმენტი, რომელიც დაურიგდებათ ეკლესიებს განსახილველად. ეს არის გაგრძელება 2007 წლის შეხვედრაზე მიღებული ვერსიისა, რომელშიც აღნიშნული იყო, რომ ყველა ქრისტიანისთვის პაპის პრიმატი მისაღები იყო, თუმცა ამ ფორმულირების განხილვაზე რუსეთის ეკლესიის წარმომადგენლებმა უარი განაცხადეს.

ეს მხოლოდ დასაწყისია გრძელი გზისა და შეუძლებელია წინასწარ განვსაზღვროთ, რით დამთავრდება "გართიანების" ეს მცდელობა. პაპის პრიმატი ერთი საკითხია, მაგრამ არის სამი ძირითადი წინააღმდეგობა მართლმადიდებელთა გზაზე:
პირველი მათ შორის არის უნიატური აღმოსავლური ეკლესიების სტატუსი, რომლებიც ღვთისმსახურებით მართლმადიდებლენი არიან, მაგრამ რომთან აქვთ კავშირი. მართლმადიდებელი ეკლესიები ამას მიუღებლად მიიჩნევენ. პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ დგას უკრაინის ეკლესიასთან დაკავშირებით, რომელმაც რუსების გაღიზიანება გამოიწვია იმის გამო, რომ არ ემორჩილება მოსკოვის ავტოკეფალურ ეკლესიას. 

მეორე პრობლემა ის არის, რასაც ცნობილი მართლმადიდებელი ღვთისმეტყველი, მიტროპოლიტი ზიზიულასი "მართლმადიდებლურ თალიბანს" უწოდებს. ღრმა ნაციონალისტი და ფუნდამენტალისტი მღვდლები და სწავლულები კატეგორიულად ეწინააღმდეგებიან ნებისმიერი ფორმის დიალოგს და კომპრომისს რომთან ან პროტესტანტულ ეკლესიებთან. ისინი მათი ეკლესიად მოხსენიების წინააღმდეგნიც კი არიან. საქართველოს ეკლესია არ დაესწრო მართლმადიდებელთა კრებას იმის გამო, რომ ის ეკუმენიზმიკენ გადადგმულ ნაბიჯად მიიჩნია.

გასული კვირის ოთხშაბათს ქართველმა მართლმადიდებელმა ულტრანაციონალისტებმა და მღვდლებმა საპროტესტო აქცია გამართეს თბილისში ვატიკანის საელჩოსთან. ისინი აპროტესტებდნენ რომის პაპის ფრანცისის ვიზიტს და ამბობდნენ, რომ "ეს ვიზიტი არის სულიერი აგრესია ვატიკანის მხრიდან და საქართველოში კათოლიციზმის ქადაგების მცდელობა".

ეს არის ქსენოფობიური პარანოია, მაგრამ მას ღრმა ფესვები აქვს მართლმადიდებლურ სამყაროში. ასეთი წინააღმდეგობის პირობებში ურთიერთგაგების ნებისმიერ მცდელობას წლები კი არა, ათწლეულები დასჭირდება.
მესამე პრობლემა არის პოლიტიკური ლანდშაფტი, კერძოდ რუსეთის ეკლესიის გავლენის სფეროები, მისი სიმდიდრე, მრავალრიცხოვნება და მჭიდრო კავშირი პუტინის პოლიტიკასთან. გარდა საღვთისმეტყველო მოსაზრებებისა, არის საკითხები, რომლებიც სუფთა პოლიტიკური საკითხებია და რომლებიც რუსეთის შიდა და საგარეო პოლიტიკას უკავშირდება.
წინ დიდი გზაა. როგორც ვატიკანის წარმომადგენელი ჯანი ვალენტე ამბობს, "ნუ მივეცემით ტკბილ ოპტიმიზმს და მწარე პესიმიზმს მართლმადიდებელთა და კათოლიკეთა ერთობის აღდგენის გზაზე". თუმცა ეს შეთანხმება ხელწამოსაკრავი არ არის." - წერს ვებგვერდი www.christiantoday.com/

ბეჭდვა
1კ1