მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია, კომისია დაუბრუნდეს უნიის თემას
მიტროპოლიტი ილარიონი: აუცილებელია, კომისია დაუბრუნდეს უნიის თემას
პარასკევს, 16 სექტემბერს, იტალიის ქალაქ კიეტში მუშაობა დაიწყო მართლმადიდებელ ეკლესიასა და კათოლიკეებს შორის საღვთისმეტყველო დიალოგის საერთაშორისო კომისიის XIV პლენარულმა სხდომამ.
პლენარული სესიის დაწყებამდე ადგილობრივი მართლმადიდებელი ეკლესიების წარმომადგენლები ცალ-ცალკე სეიკრიბნენ, რათა ჩასატარებელი სამუშაოს მიმდინარეობა განეხილათ. სხდომის წარმომადგენლების წინაშე სიტყვით გამოვიდა რუსეთის დელეგაციის წარმომადგენელი, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტი ილარიონი, რომელმაც აღნიშნა, რომ აუცილებელია კომისია დაუბრუნდეს უნიის თემას, რომლის განხილვა 1990-იან წლებში დაიწყო, მაგრამ 2000 წელს შეწყდა. "უნია რჩება მთავარ დაბრკოლებად მართლმადიდებლურ-კათოლიკური დიალოგისა" - აღნიშნა მეუფე ილარიონმა.
იმასთან დაკავშირებით, რომ შერეული კომისიის თანათავმჯდომარე, პერგამის მიტროპოლიტ იოანე ზიზიულასს აღარ შეუძლია თავისი მოვალეობების აღსრულება, საჭირო გახდა შერეული კომისიის თანათავმჯდომარედ ახალი კანდიდატურის დასახელება. ცხარე დისკუსიის შემდეგ ამ პოსტზე ტელმის არქიეპისკოპოსი იობი დაინიშნა. მისი კანდიდატურა მსოფლიო პატრიარქმა დაასახელა, თუმცა კომისიის წევრებმა მხარი არ დაუჭირეს, მაგრამ საბოლოოდ ის მაინც დაინიშნა.

შერეული კომისიის პლენარული სესიის მუშაობაში მონაწილეობას იღებენ ყველა ადგილობრივი ეკლესიის წარმომადგენლები, გარდა ბულგარეთის ეკლესიისა. სესია გახსნა კათოლიკე კარდინალმა კურტ კოხმა, რომელიც პაპის ქრისტიანული ერთობის საბჭოს ხელმძღვანელობს. ასევე გამოვიდნენ ტელმის არქიეპისკოპოსი იობი და ქალაქ კიეტის კათოლიკე არქიეპისკოპოსი მონსენიორ ბრუნო ფორტე.

სადღესასწაულო ნაწილის დასრულების შემდეგ კომისიის წევრები შეუდგნენ იმ დოკუმენტის პროექტის განხილვას, რომელიც 2015 წლის შემოდგომაზე რომში დაამტკიცა საკოორდინაციო კომიტეტის შერეულმა კომისიამ და რომელიც პირველი ათასწლეულის ეკლესიაში ერთიანობისა და პირველობის საკითხს მიეძღვნა.

წყარო:
http://ruskline.ru
http://www.romfea.gr

P.S. ჩვენთვის უცნობია, მონაწილეობენ თუ არა ამ შეხვედრაში საქართველოს ეკლესიის წარმომადგენლები და გამოვიდნენ თუ არა ისინი სიტყვით, თუ რამე სიახლეს შევიტყობთ ამის შესახებ, აუცილებლად გაცნობებთ.

ბეჭდვა
1კ1