საპატრიარქოსა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე რაჭის განვითარების გეგმები დაისახა
საპატრიარქოსა და მთავრობის წარმომადგენელთა შეხვედრაზე რაჭის განვითარების გეგმები დაისახა
დღეს რაჭაში, ნიკორწმინდის საკათედრო ტაძარში სრულიად საქართველოს კათოლიკოს პატრიარქმა, უწმინდესმა და უნეტარესმა ილია მეორემ მღვდელმთავრებთან და სამღვდელოებასთან ერთად ნიკორწმინდის ტაძრის ათასი წლისთავისათმი მიძღვნილი საზეიმო წირვა აღავლინა. საღვთო ლიტურგიას საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი, ადგილობრივი და ცენტრალური ხელისუფლების წარმოამადგენლები და საქართველოს ყველა კუთხიდან ჩამოსული მრავალრიცხოვანი მრევლი ესწრებოდა. წირვის შემდეგ გაიმართა ნიკორწმინდის მონასტრის ადგილის კურთხევა, სადაც იგეგმება სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა.

მოგვიანებით, რაჭის განვითარების პროექტის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქთან და პრემიერ-მინისტრთან ერთად ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი ვახტანგი, წმინდა სინოდის წევრები, რაჭაში მოღვაწე ბიზნესმენები, ამბროლაურის მაჟორიტარი დეპუტატი გოჩა ენუქიძე და ადგილობრივი მუნიციპალიტეტის სხვა წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ. პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იყო: რაჭის რეგიონში მიმდინარე ინფრასტრუქტურული, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის განვითარების, ნიკორწმინდის მისასვლელი გზის რეაბილიტაციისა და მუხლი-მრავალძალის გზის მშენებლობის მიმდინარე პროექტები. შეხვედრაზე მიმოიხილეს ის პოტენციალი და რესურსები რაც რაჭის რეგიონს გააჩნია სხვადასხვა სფეროში.

პრეზენტაციაზე კათოლიკოს პატრიარქმა ისაუბრა რაჭაში სოფლის-მეურნეობის განვითარების მნიშვნელობაზე.
საღამოს ამბროლაურის სტადიონზე გალა კონცერტი გაიმართა, რომელსაც კათოლიკოს პატრიარქთან და სამღვდელეობასთან ერთად ამბროლაურის მოსახლეობა და ჩამოსული სტუმრები დაესწრნენ. კონცერტზე ცნობილი ქართველი მომღერლების შესრულებით სხვადასხვა საოპერო ნაწარმოებებთან ერთად კათოლიკოს პატრიარქის მიერ შექმნილი საგალობლებიც აჟღერდა.

ბეჭდვა
1კ1