დეკანოზი ნიკოლოზი: არ მგონია, რომ მიტროპოლიტი იობი ასეთ განცხადებას გააკეთებდა
დეკანოზი ნიკოლოზი: არ მგონია, რომ მიტროპოლიტი იობი ასეთ განცხადებას გააკეთებდა
კიევის რუსეთის გაქრისტიანების დღესასწაულზე კონსტანტინოპოლის საპატრიარქოს წარმომადგენლის - ტელმის მიტროპოლიტ იობის გამოსვლას მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო კავშირების განყოფილების ხელმძღვანელის მოადგილის, დეკანოზ ნიკოლოზ ბალაშოვის მხრიდან მკვეთრი რეაქცია მოჰყვა. დეკანოზმა ნიკოლოზმა სერიოზული ეჭვი გამოთქვა იმის შესახებ, რომ მეუფე იობმა კიევს სტამბულის კანონიკური ტერიტორია უწოდა.
"ტელმის არქიეპისკოპოსი განათლებული ადამიანია და კარგად იცნობს კანონიკას, ამიტომ არ შემიძლია დავიჯერო, რომ ის ამტკიცებს, თითქოს  უკრაინა მსოფლიო საპატრიარქოს ტერიტორიაა" - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზმა.

მამა ნიკოლოზის თქმით, მეუფის ასეთი გამოსვლა ეწინააღმდეგება ისტორიულ სიმართლეს. პატრიარქმა ბართლომემ მეუფე იობის კიევში ვიზიტის თაობაზე ხომ მოსკოვის პატრიარქ კირილს მიმართა.

"არქიეპისკოპოსმა მონაწილეობა მიიღო კიევის ეკლესიის ღვთისმსახურებაში მას შემდეგ, რაც უკრაინის მიტროპოლიტ ონუფრის მიერ იქნა პირადად მოწვეული. ჩემი აზრით, ეს კონსტანტინოპოლის მიერ უკრაინის ეკლესიის აღიარებაზე მიუთითებს" - განაცხადა დეკანოზმა ნიკოლოზ ბალაშოვმა.

"არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კიევის მიტროპოლია 1686 წელს მსოფლიო პატრიარქ დიონისეს ხელმოწერით მოსკოვის საპატრიარქოს დაექვემდებარა და საუკუნეების განმავლობაში ეს სადავო არ ყოფილა" - აღნიშნა დასარულს დეკანოზმა.


წყარო: http://www.romfea.gr


პ.ს. შეგახსენებთ, რომ კიევში არსებობს მოსკოვის საპატრიარქოს მიტროპოლია, რომელსაც მიტროპოლიტი ონუფრი მეთაურობს და ამის პარალელურად შეიქმნა კიევის ავტონომიური ეკლესია, რომელიც უკრაინაში მიმდინარე პროცესების კვალდაკვალ სულ უფრო იზრდება. უკრაინის რადამ თხოვნით მიმართა მსოფლიო საპატრიარქოს, რომ ცნოს კიევის ეკლესიის ავტოკეფალია, თუმცა დღეისათვის ეს ეკლესია აღიარებული არ არის და მასში გაერთიანებული მღვდელმსახურნი განდგომილებაში მყოფად მიიჩნევიან.


ბეჭდვა
1კ1