მეუფე ზენონის პასუხი მამა ანდრიას
მეუფე ზენონის პასუხი მამა ანდრიას
ქრისტეში კეთილმსახურ მღვდელმონოზონ ანდრეას , რომელმაც მეუფე პეტრეს კურთხევით საჯარო წერილით მომმართა
მამაო ანდრეა, პირველ ყოვლისა მინდა გითხრათ, რომ საქებარია თქვენი თავაზიანობა და მოკლე განმარტებას გადმოგცემთ თქვენი წერილის პასუხად. იმისთვისაც, რომ ზოგიერთი ჩემდამი მტრულად განწყობილი "ფსევდო ეკლესიური" დაჯგუფება, ცდილობს დააკნინოს ჩემი პიროვნება. არ თაკილობენ რა წლების მანძილზე ცილისწამების უმომავლო არჩევანს: "ეკუმენისტის", "პატრიარქისადმი მტრულად განწყობილის" და სხვა უმსგავსობათა ბრალდებით.
მამაო, რასაც ეკლესიათა განყოფის შესახებ გადმოსცემთ წერილობით თქვენს პუბლიკაციაში და ეხება ეკლესიათა განყოფის შესახებ ისტორიულ პროცესებს და ერესის შინაარსობრივ ასპექტებს არ არის ჩემთვის უცნობი.

იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ წმიდა და დიდი კრების მონაწილე ავტოკეფალური ეკლესიები წარმოადგენენ "ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიას", რომლის ნაწილი არის საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია, ჩემი წერილების პათოსი, რომელთაგან ერთი ატარებს საინფორმაციო ხასიათს და მეორე წერილი მოწოდებას, მიმართულია იმ ადამიანების მიმართ, რომლებმაც 'მწვალებლის", "ერეტიკოსის', "ავაზაკთა კრების" წინასწარი განსაზღვრება დაუდგინეს, კუნძულ კრეტაზე გამართულ წმიდა და დიდი კრების მონაწილე, ადგილობრივი ეკლესიების საჭეთმპყრობელებს და მღვდელმთავრებს. ასეთი განცხადებები, წარმოადგენს დანაშაულებრივ ქმედებას, რადგან არ ექვემდებარება კანონიკურ უფლებამოსილებას. მათი საქციელი წარმოადგენს კანონიკური პროცედურების უგულვებელყოფას, სინოდის უფლებამოსილების მიტაცებას, რადგან ითვისებენ მსაჯულისა და განმკითხველის მდგომარეობას ქრისტეს განუყოფელი წმიდა ეკლესიისა: "სადაც არის ეპისკოპოსი იქ არის ეკლესია" ან კიდევ: "ეკლესია არის ეპისკოპოსში და ეპისკოპოსია ეკლესიაში" {წმ. კვიპრიანე კართაგენელი). მხოლოდ ეპისკოპოსთა კრებას მიენიჭა სულიწმიდისაგან სასულიერო უმაღლესი საკანონმდებლო და სასამართლო უფლება. კანონიკური სწავლება და კანონიკური სამართალი, დაუშვებლად მიიჩნევს იმ ეკლესიის საჭეთმპყრობელთა და მღვდელმთავართა "მწვალებლად", "ერეტიკოსად" , მოხსენიებას, რომელთა "ცდომილება", "ერესი", კანონიკური პროცედურული ფორმებით ჯერ არ დადასტურებულა. ამ სავალდებულო ნორმების დაცვისაკენ იყო ჩემი მოწოდება, რაც გადმოცემულია აღნიშნულ წერილში, რომლის ციტირებასაც მოვახდენ განმეორებით: "მათ საყურადღებოდ, ვინც კრეტაზე შეკრებილი მართლმადიდებელი ეკლესიების მისამართით სარწმუნოების ღალატის შემცველ დასკვნებს აკეთებს: სახიფათო არის მსგავსი განცხადებები. ნუ იქნებით კატეგორიული. გასათვალისწინებელია, რომ ყოველი და ყველაფერი იკვეთება და ვლინდება დროში".

რაც შეეხება, ჩემი წერილის ფრაგმენტს, სადაც ადგილი აქვს, ჩვენი ეკლესიის ზოგიერთი წევრი ან არაწევრი "ბრალმდებლების" ქცევასა და აღმოსავლეთის ზოგიერთ არამართლმადიდებელი ეკლესის პირველ მესვეურთა შორის პარალელს, რომელთა სახელსაც უკავშირდება განუყოფელი ეკლესიის წიაღიდან მათი ეკლესიების ჩამოცილება, გამოყოფა.

თავის დროზე, მათი ქმედება გამსჭვალული იყო მოშურნეობით, რადგან მიაჩნდათ, რომ იცავდნენ ჭეშმარიტებას. გავიხსენოთ თუნდაც არიოზი, ნესტორი, ევტიხი, პეტრე მკაწვრელი და სხვა მათი მსგავსნი, რომლებიც თავისი დოქტრინის ერთგული და დამცველები იყვნენ. ალბათ, არ უნდა ყოფილიყო ძნელი მისახვედრი, რომ ჩემი აქცენტი მიმართულია, არა ჩვენი და მათი რწმენის არსობრივ გაგებაზე, ან მსგავსებაზე, ან ურთიერთ მიმართებაზე, ან კიდევ ისტორიულ კავშირზე, არამედ პათოსზე, რაც გადმოცემულია სულისკვეთების იმგვარ გამოვლინებაზე, რასაც ეწოდება ფსევდომოშურნეობა. ის, რომ მართლმადიდებელი მოძღვრებისათვის არსებობს როგორც საქებარი ასევე მცდარი მოშურნეობის გაგება.
დღეს მიმდინარე მოვლენებთან მიმართებაში, დასაგმობია მოშურნეობის იმგვარი ფორმა, რომელიც დიდი კრების მონაწილეთა მართლაღმსარებლობას არათუ ეჭვქვეშ აყენებს, არამედ, ვერდიქტი გამოაქვს. ყველა ამის მოქმედი კი, ასეთ შემთხვევაში თავად განაყენებს თავს: ერთი, წმიდა, კათოლიკე და სამოციქულო ეკლესიიდან.

როდესაც მსჯავრსდებ და ამ შემთხვევაში უკვე არა მხოლოდ ცალკეულ პირებს , არამედ ათი ეკლესიის მეთაურს და მათ თანმხლებ იერარქებს ან ზეცამდე უნდა იყო ასული, ან დანთქმული ჯოჯოხეთამდე.
ჩემს წერილში მითითება არის იმაზე, რომ, სარწმუნოების სიწმიდის დაცვით მოტივირებულ ე. წ. მოშურნეობის სულს, რომელიც არის აღსავსე მზვავობრიობითა და ამპარტავნობით, უკიდურესობებითა და ფანატიზმით, საბოლოო დასასრული აქვს სქიზმასა და ერესში. და ამის თვალსაჩინოებისათვის მოვიყვანე მაგალითად აღმოსავლეთის ზოგიერთი ეკლესიები. ის, რომ შესაძლებელია ოდესღაც იყო იესო ქრისტეს განუყოფელი ეკლესიის წევრი და ოდესღაც მის მიღმა აღმოჩნდე. აი, ეს არ ვუსურვე ქრისტეს ეკლესიის წევრებს. ეს არ ვუსურვე მართლმადიდებელი მსოფლიო ეკლესიის რომელიმე ადგილობრივ ეკლესიას. რა არის აქ გაუგებარი, რა ვერ გაიგეთ!!!

ზოგიერთ მეწვრილმანეთა მდაბალი სული მაიძულებს, განვმარტო ისიც, რომ ეჩმიაძინსა და მცხეთას შორის საბოლოო, ეკლესიური განყოფა უკავშირდება რა VII საუკუნეს, წინამორბედ მოვლენათაგან გავიხსენე ერთი ფრაგმენტი, რომელიც უკავშირდება ქალკედონის 451 წლის კრებას, რომელმაც დაგმო მონოფიზიტობა და რასაც უმართებულოდ წინ აღუდგა იმდროინდელი სირიის, ეგვიპტის, სომხეთის ეკლესიები, და თუ თავიდან ეწოდებოდათ ეგვიპტის, სირიის, სომხეთის ეკლესიები დრო და დრო ჩამოყალიბდნენ ნაციონალური კუთვნილებით. იმედია, ჩემი წერილი არ იქნება გაიგივებული ეთნიკურ საკითხთან.

ამრიგად, ისინი, ვინც დღეს მზვაობრობენ თავისი უპასუხისმგებლობითა და წინდაუხედაობით , თვითმარქვია მსჯავრმდებელნი ხდებიან რა წმიდა და დიდი კრების მონაწილე იერარქებთან მიმართებაში, ვერ აცნობიერებენ, რომ საქართველოს ეკლესია არის კრეტაზე შეკრებილი ათი ავტოკეფალური ეკლესიის ნაწილი, როგორც იესო ქრისტეს განუყოფელი მისტიური სხეულის. მათი მისამართით გამოტანილი "მწვალებლობის" ვერდიქტი, რა არის თუ არა "დემონისეული განზრახვა" , რომელიც გამოვლენილი არის, წინდაუხედავი, ამპარტავანი და განხეთქილების მოქმედი სულის მიერ. მეტადრე მაშინ, როდესაც, კრებამ გაითვალისწინა საქართველოს ეკლესიის სურვილი და "ქორწინების შესახებ" დოკუმენტიდან ამოიღო ერთ-ერთი მუხლი. რაც შეეხება ჩემს წერილს, სადაც ინფორმაციულ მიმოხილვას ვაკეთებ წმიდა და დიდ კრებასთან დაკავშირებულ გარემოებებსა და მოვლენებთან მიმართებაში.

დაინტერესებულ პირებს ვაცნობებ, რომ, როგორც დიდი ბრიტანეთისა და ირლანდიის ეპარქიის მმართველი, გახლავართ დიდ ბრიტანეთში შემავალი ყოვლადმართლმადიდებლური (პან-ორთოდოქსული) ეპისკოპალური ანსამბლეის წევრი. სადაც გაერთიანებული არიან მსოფლიო მართლმადიდებელი ეკლესიის ის მღვდელმთავრები, რომლებიც წარმოდგენილი არიან დიდ ბრიტანეთსა და ირლანდიაში.

აღნიშნული, თავისი ფორმატით მრავალმხრივ ინფორმაციულ გარემოს ქმნის, თითოეული წევრი მღვდელმთავრისთვის, რაც იმას ნიშნავს, რომ შესაძლებელია იმაზე მეტ ინფორმაციას ვფლობდე ვიდრე სხვა რომელიმე ეკლესიის წევრი. აღნიშნული ამავდროულად ნიშნავს, რომ ვალდებული არ ვარ რომელიმე თქვენგანის წინაშე, უფრო ვრცლად ვისაუბრო ამის შესახებ. ამისთვის დადგენილი არსებობს სათანადო ანგარიშვალდებულების საეკლესიო ორგანო.
ჩემო ძვირფასო მამაო, გამოირჩეოდა რა თავაზიანობით თქვენი წერილი, მოგწერეთ საპასუხოდ, რათა მშვიდი იყოს თქვენი კეთილი და ღვთისმოყვარე სული.
რაც შეეხება, წერილობითი მომართვის ღია ფორმას. მართებული იქნებოდა მაღაყოვლადუსამღვდელოეს მეუფე პეტრეს თავად მოემართა ჩემთვის თქვენს ნაცვლად. თუნდაც, თქვენ ყოფილიყავით იდეის ავტორი. რათა არ აღიძრას ურთიერთ მტრობისა და ბუნდოვანების ეჭვი. საეკლესიო ეთიკის აკადემიურ წესს უნდა ითვალისწინებდეს ყოველი ჩვენგანი.
მიუხედავად ამისა, თქვენი კეთილი განზრახვა მივიღე და შევიწყნარე
+ უფლისმიერი კურთხევით მთავარეპიკოპოსი ზენონი


აქვე წაიკითხეთ:
გამოხმაურება მეუფე ზენონის წერილზე
ბეჭდვა
1კ1