რუსეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ კრების ნაჩქარევად ჩატარებას მისი გადადება აჯობებს
რუსეთის ეკლესია მიიჩნევს, რომ კრების ნაჩქარევად ჩატარებას მისი გადადება აჯობებს
მოსკოვის საპატრიარქო მოუწოდებს, არ დაუშვან, რომ ივნისის მეორე ნახევარში კუნძულ კრეტაზე დაგეგმილმა მართლმადიდებელთა კრებამ მართლმადიდებლური მსოფლიო დაყოს.
"საერთომართლმადიდებელთა კრების მთელი 55-წლიანი სამზადისის განმავლობაში ჩვენ ვამბობდით, რომ კრება უნდა გახდეს ეკლესიის ერთიანობის ფაქტორი და არა მისი დატოფის მიზეზი. თუ ვგრძნობთ, რომ სამზადისი ჯერ არ დასრულებულა, რომ რაღაც საკითხები ჯერ გარკვეული არ არის, მაშინ უმჯობესია გადავდოთ კრება, ვიდრე ჩავატაროთ ნაჩქარევად და თანაც, რამდენიმე ადგილობრივი ეკლესიის მონაწილეობის გარეშე", - აღნიშნა მოსკოვის საპატრიარქოს საგარეო საეკლესიო ურთიერთობების დეპარტამენტის თავმჯდომარემ, ვოლოკოლამსკის მიტროპოლიტმა ილარიონმა 12 ივნისს, კვირის ლიტურგიის შემდეგ. იერარქმა ხაზი გაუსვა, რომ კრება ვერ იქნება საერთომართლმადიდებლური, თუკი მასში მონაწილეობას არ მიიღებს ყველა ეკლესია.

"რაც უფრო ვუახლოვდებით კრებას, მით მეტად ვხედავთ, რომ ზოგიერთ საკითხზე არ არის ერთი აზრი და ერთსულოვნება ეკლესიებს შორის. მადლობა ღმერთს, რომ ეს არ არის საღვთისმეტყველო საკითხები - დღეს არ არის ისეთი ერესი, რომლის გამოც საჭირო იქნებოდა მსოფლიო კრების მოწვევა. ყველა მწვალებლობა უფლის შეწევნით დაძლეული იქნა მსოფლიოს შვიდი კრების მამების მიერ. მაგრამ არსებობს სხვადასხვა კითხვები, რომლებსაც სვამს ეკლესია და რომლებსაც პასუხის მიღება სურთ" - განაცხადა მეუფემ.

ორშაბათს რუსეთის სინოდის საგანგებო სხდომაზე გადაწყდება, მიიღებს თუ არა რუსეთი მონაწილეობას კრებაში:
"ეს ძალიან საპასუხისმგებლო გადაწყვეტილებაა, რომელზეც იქნება დამოკიდებული მართლმადიდებელი ეკლესიის მომავალი: ვიცხოვრებთ მშვიდობიანად და ერთსულოვნად სხვა ადგილობრივ ეკლესიებთან ერთად თუ ვიქნებით მათთან კონფლიქტსა და დავა-კამათში. ვიცით, რომ ეკლესიის ისტორიაში ყოველთვის მოქმედებდა სულიწმინდა და გვჯერა, რომ სულიწმინდა გვიკარნახებს სწორ გადაწყვეტილებას."


წყარო: interfax-religion.ru
ბეჭდვა
1კ1