პაპი ფრანცისი მართლმადიდებელთა კრებაზე, კრეტაში, კათოლიკური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს გააგზავნის
პაპი ფრანცისი მართლმადიდებელთა კრებაზე, კრეტაში, კათოლიკური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს გააგზავნის
მართლმადიდებელთა კრების ირგვლივ დიდი ინტერესია ჩვენს საზოგადოებაში. ახლა გაგაცნობთ კათოლიკური ეკლესიის დამოკიდებულებას და შეხედულებებს მართლმადიდბელთა კრების შესახებ. ვფიქრობთ ეს სტატია, რომელიც საიტიდან www.catholicherald.co.uk ითარგმნა, ბევრ საინტერესო კითხვაზე გაგცემთ პასუხს და დაგანახებთ იმ ეკუმენისტურ პროცესებს, რომელთა შესახებაც აუცილებლად უნდა ვიცოდეთ.

რომის პაპი ფრანცისი მიიჩნევს, რომ მართლმადიდებელთა მსოფლიო შეკრება მნიშვნელოვანი მოვლენაა ყველა ქრისტიანი მორწმუნისათვის.
ფრანცისი მართლმადიდებელთა კრებაზე კრეტაში კათოლიკური ეკლესიის მაღალი იერარქიის წარმომადგენლებს გააგზავნის დამკვირვებლებად და ეს იქნება მართლმადიდებელი ეკლესიისადმი მხარდაჭერის გამოხატულება.

პაპ ფრანცისს დამკვირვებელთა გაგზავნა ამ კრებაზე თავად კონსტანტინოპოლის პატრიარქმა - ბართლომემ სთხოვა და პაპმაც 2 კანდიდატურა შეარჩია: "ქრისტიანთა გაერთიანების ხელშემწყობი საბჭოს" პრეზიდენტი, კარდინალი კურტ კოხი და ამავე საბჭოს მდივანი - ეპისკოპოსი ბრაიან ფარელი.

ვატიკანის საუკეთესო ეკუმენისტი ოფიცრების გაგზავნით დემონსტრირდება პაპის გადაწყვეტილება, რომ ეს უაღრესად მნიშვნელოვანია ჩვენთვის, ჩვენი ურთიერთობისათვის მართლმადიდებელ ეკლესიასთან და გარდა ამისა, მსოფლიოს ყველა ქრისტიანი მორწმუნისათვის, რომლებიც სულ უფრო და უფრო დაბნეულნი არიან რელიგიის როლთან დაკავშირებით - განაცხადა ეპისკოპოსმა ფარელმა.

14 ავტოკეფალური ეკლესიის 24 ეპისკოპოსისგან შემდგარმა საბჭომ უნდა დაამტკიცოს 6 დოკუმენტი:
1. მართლმადიდებელი ეკლესიის მისია თანამედროვე სამყაროში
2. მართლმადიდებელი დიასპორა
3. ავტონომია და მისი გამოცხადების წესი
4. ქორწინების საიდუმლო და მისი დამაბრკოლებელი მიზეზები
5. მარხვის მნიშვნელობა და მისი შენახვა დღეს
6. მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი

კრების შესახებ მსჯელობა 100 წლის წინ დაიწყო და 1960 წლიდან იგეგმებოდა მისი ორგანიზება, მაგრამ ახლა, როცა მისი ჩატარების დრო მოახლოვდა, არის საშიშროება, რომ ყველა 14 ეკლესია არ გაგზავნის კრებაზე თავიანთ დელეგაციებს.
1 ივნისს ბულგარეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მოითხოვა კრების გადადება იმ დრომდე, ვიდრე შეტანილი არ იქნება ცვლილებები იმ პუნქტებში, რომლებიც კრიტიკის საგანი გახდა. ბულგარეთის ეკლესია აპროტესტებს აგრეთვე უცხო დამკვირვებელთა მოწვევას კრებაზე და აცხადებენ რომ ისინი არ მიიღებენ მონაწილეობას, თუკი კრება ისე არ ჩატარდება, როგორც დაგეგმილი იყო.
მას შემდეგ, რაც ასეთივე პოზიცია დააფიქსირა ანტიოქიის ეკლესიამაც, რუსეთის ეკლესიის მეთაურმა მოითხოვა კრებისწინა შეხვედრა არსებული პრობლემების გადასაჭრელად.

თუმცა მსოფლიო პატრიარქმა განაცხადა რომ კრების ჩატარების ვადა არ შეიცვლება და მოუწოდა 14-ვე ეკლესიას, რომ მონაწილეობა მიიღონ კრებაში.
კათოლიკური ეკლესია იმედოვნებს, რომ კრება შედგება - ამბობს ფარელი.

"ყველა პროცესი, რომელიც აძლიერებს ქრისტიანთა ერთიანობას, შეესაბამება სახარებას და პროცესები, რომლებსაც არ მოაქვს ერთიანობა, უარყოფს იესოს ლოცვას საიდუმლო სერობაზე" რომ მისი მოწაფეები ყოფილიყვნენ ერთნი - განაცხადა ფარელმა. "ქრისტიანთათვის და განსაკუთრებით კათოლიკეებისთვის მეტად მნიშვნელოვანია, რომ მართლმადიდებელთა შეკრება იყოს ნიშანი მართლმადიდებელთა ერთობისა".

ეპისკოპოსმა ფარელმა განაცხადა, რომ კრების გახსნა სულთმოფენობის დღესასწაულზე არის არა სიმბოლური დამთხვევა არამედ იმის სულიერი მტკიცება, რომ კრება წარიმართება სულიწმინდის მადლით.

ყველა სხვა ეკლესიასთან და ქრისტიანულ საზოგადოებებთან კათოლიკურ ეკლესიას აქვს ოფიციალური ურთიერთობა, მხოლოდ მართლმადიდებელ ეკლესიასთან ურთიერთობა არის უნიკალური. კათოლიკური ეკლესია მას "და ეკლესიად" მიიჩნევს., რომელმაც შემოინახა მოციქულებრივი მემკვიდრეობა - ეპისკოპოსობა, ჭეშმარიტი მღვდლობა და საიდუმლოებები. თუმცა ზოგიერთი მართლმადიდებელი ეკლესია და ცალკეული სექტორები ეკლესიების შეგნით არ მიიჩნევენ კათოლიკურ ეკლესიას "და ეკლესიად"; კრების დოკუმენტი - მართლმადიდებელი ეკლესიის დამოკიდებულება დანარჩენი ქრისტიანული სამყაროსადმი - პირდაპირ ვერ გადაჭრის პრობლემას, მაგრამ ამტკიცებს, რომ ეკუმენისტური დიალოგი "აუცილებელი პირობაა".

"კათოლიკური თვალსაზრისით" - ამბობს ფარელი - "მართლმადიდებლობა ეკლესიის აღმოსავლური ნაწილია და როგორც პაპი იოანე პავლე არაერთხელ ამბობდა, ჩვენ ვნატრობთ დღეს, როცა ეკლესია ორივე ფილტვით ისუნთქებს" - აღმოსავლეთით და დასავლეთით.
"კრება შეიძლება იქცეს სწორი მიმართულებით გადადგმულ დიდ ნაბიჯად" - განაცხადა ფარელმა.
"გვინდა, რომ ჩვენი დასწრება ამ შეკრებაზე იყოს ჩვენი მხარდაჭერა მართლმადიდებელი ეკლესიის ერთიანობისადმი, მათი მცდელობისადმი, რომ რეაგირება მოახდინონ ცხოვრების გამოწვევებზე თანამედროვე საზოგადოებაში და გააკეთონ ეს, როგორც ერთმა სხეულმა და არა როგორც დამოუკიდებელ ეკლესიებად დანაწევრებულებმა" - აღნიშნა ფარელმა.



ბეჭდვა
1კ1