მეუფე სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა
მეუფე სერაფიმემ ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქია დატოვა
დღეს, 24 აპრილს, სადღესასაწაულო წირვა ბორჯომში ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტმა თეოდორემ აღავლინა. მან წირვაზე მრევლს მიმართა და მეუფე სერაფიმეს წასვლასთან დაკავშირებით ისაუბრა:

ძალიან რთულია რაიმეთი განუგეშოთ, მინდა მხოლოდ ის გითხრათ, რომ ღვთის ნებაა ყველაფერი, ღვთის ნების გარეშე არაფერი ხდება, თუკი მეუფე სერაფიმემ მიიღო ასეთი გადაწყვეტილება და სთხოვა პატრიარქს, რომ ეპარქიიდან ყოფილიყო განთავისულებული, ეს რა თქმა უნდა ღვთის ნების გარეშე არ მოხდებოდა. ღმერთმა დაუშვა ეს. ვისი ბრალი იყო, ჩვენ არ ვიცით, ღმერთმა იცის. ფაქტი ის არის, რომ თითოეული ჩვენთაგანის ბრალი იყო - პირადად ჩემი, სამღვდელოების, სინოდის, თითოეული თქვენთაგანის. ალბათ ვერ მივაქციეთ სათანადო ყურადღება, ვერ გამოვიჩინეთ სათანადო გულისხმიერება მაშინ, როცა ეს საჭირო იყო. მაგრამ ამით ცხოვრება არ მთავრდება. რადგან ღვთის განგება ძალიან ღრმა და რთულია. ჩვენ არ ვიცით რას გვიმზადებს ღვითის განგება ხვალ. მთავარია, რომ არ უნდა გავიშვიროთ თითი ვინმესკენ და არ უნდა ვთქვათ, რომ ვიღაცა იყო ამაში დამნაშავე. არც მეუფე სერაფიმესკენ უნდა გავიშვიროთ თითი, რომ ის იყო დამნაშავე. ყველამ საკუთარ თავში აღმოვაჩინოთ ის მარცვალი, რამაც ხელი შეუწყო ამ ნაბიჯის გადადგმას. ნუ დაიწყებთ იმის ძიებას, თუ რატომ მოხდა ეს. ღვთის განგებულებაში ვერ ჩავწვდებით დღეს, მაგრამ ხვალ ის აუცილებლად გაცხადდება.

მეუფე სერაფიმემ ბევრი გააკეთა ამ ეპარქიის აღორძინებისთვის და ღმერთი ამ ღვაწლს აუცილებლად დაუფასებს. და ჩვენც აუცილებლად უნდა დავუფასოთ ეს ღვაწლი. მაგრამ უნდა დავყვეთ ღვთის ნებას ყველანი, არ შეიძლება შევეწინააღმდეგოთ ღვთის ნებას და ვიბრძოლოთ მის წინააღმდეგ. ამიტომ უნდა გადავიტანოთ ეს დარტყმა, ეს განსაცდელი.

ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში მეუფე სერაფიმე 21 წლის განმავლობაში მოღვაწეობდა. ამ ეპარქიას დროებით ახალციხისა და ტაო-კლარჯეთის მიტროპოლიტი თეოდორე უხელმძღვანელებს.


ბეჭდვა
1კ1