ყვარელში უძველეს ეკლესიაში 1 200 წლის ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს
ყვარელში უძველეს ეკლესიაში 1 200 წლის ნაკურთხი წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს
არქეოლოგებმა ყვარელში, V საუკუნის სამნავიან ბაზილიკაში მიმდინარე არქეოლოგიური გათხრების დროს, VIII საუკუნის წყლით სავსე ქვევრი აღმოაჩინეს. არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის, ნოდარ ბახტაძის თქმით, ლაბორატორიული შემოწმებით დადგინდა, რომ 1 200 წლის წინანდელი წყალი აბსოლუტურად სუფთაა და სასმელად ვარგისია, რაც იმის თქმის საფუძველს იძლევა, რომ წყალი ნაკურთხია.

"ჯორჯიან ვოთერ ენდ ფაუერის" ლაბორატორიაში მივიტანეთ წყლის სინჯი, გამოიკვლიეს და ნახეს, რომ ბაქტერია არ არის, სუნი და გემო შეცვლილი არ აქვს. ასევე დაადგინეს, რომ ეს არის წყაროს წყალი და არა წვიმის. სახლში მაქვს და ვსვამ ხოლმე. მეუფემაც წაიღო, საპატრიარქომაც. ამის დადგენა ცხადია შეუძლებელია ნაკურთხია თუ არა, მაგრამ ამაზე ჩვენ ვართ პასუხისმგებელი. 1 200 წლის განმავლობაში წყალი რომ არ გაფუჭდება, ნაკურთხია, სხვა რა უნდა იფიქრო", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.

სამნავიანი ბაზილიკა, რომელშიც ქვევრი იპოვეს, ყვარელში, დოლოჭოპის ნასოფლარზე ნოდარ ბახტაძემ 2012 წელს აღმოაჩინა. მისი თქმით, აღნიშნული ტაძარი მეფე ვახტანგ გორგასალის დროს არის აშენებული. ის კავკასიაში ყველაზე დიდი ბაზილიკაა და თავისი მნიშვნელობით გამორჩეულია. არქეოლოგებმა გათხრების შედეგად ბაზილიკის ქვეშ კიდევ ერთი, IV საუკუნის ეკლესია იპოვეს.

"V საუკუნის სანახევროდ დანგრეული ეკლესია ბუჩქნარით იყო დაფარული, მხოლოდ ამოშვერილი ქვები ჩანდა, სპეციალისტი თუ არ ნახავდა, ვერ მიხვდებოდა, რომ ეს შეიძლება მნიშვნელოვანი ნანგრევები ყოფილიყო. ეს არის ძალიან დიდი ბაზილიკა, 44 მეტრი სიგრძის და 29 მეტრი სიგანის. ასეთი დიდი ტაძრები მხოლოდ რომაულ სამყაროშია. ეკლესია VIII საუკუნეში მურვან ყრუს შემოსევის შედეგად დაინგრა", - აღნიშნა ნოდარ ბახტაძემ.

არქეოლოგიური ექსპედიციის ხელმძღვანელის თქმით, წყლით სავსე ქვევრი საუკუნეების განმავლობაში ნანგრევებში იყო დამარხული და მისი პოვნა მანამდე ვერ მოხერხდა, სანამ იატაკი არ გათხარეს.

KARIBCHE

"ქვევრი ეკლესიაში, დარბაზის შუაში მდებარეობს. ასეთ ადგილას ტაძრებში ნაკურთხი წყალი ინახებოდა ხოლმე. ეს ბაზილიკა იყო საკათედრო ტაძარი, სადაც ნეკრესის ეპარქიის ეპისკოპოსი იჯდა. აქედან ნაკურთხი წყალი სხვა ეკლესიებში მიჰქონდათ. ქვევრს მაღლიდან ნანგრევების გარდა კერამიკის, ჭურჭლის ნატეხებიც ეყარა. ეკლესიის დანგრევის თარიღის და ამ ნივთების საფუძველზე დავადგინეთ, რომ ეს წყალი და ქვევრი მე-8 საუკუნის არის. არქეოლოგებმა ვიცით, რომელ საუკუნეში რა ნივთები გამოიყენებოდა", - განუცხადა კახეთის საინფორმაციო ცენტრს ნოდარ ბახტაძემ.

წყლიანი ქვევრი ამ დროისთვის დაკონსერვებულია. ნოდარ ბახტაძის თქმით, კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო ტაძრის რეაბილიტაციას გეგმავს.

"ამ დროისთვის ტაძრის კონსერვაცია მიმდინარეობს, მაგრდება, მეტად რომ აღარ ჩამოინგრეს. კონსერვაციასაც და გათხრებსაც კულტურული მემკვიდრეობის სააგენტო აფინანსებს. წელს გათხრები დასრულდება, ბევრი აღარაფერია სამუშაო, უკვე ვასუფთავებთ ტერიტორიას და შემდეგ ტაძრის რეაბილიტაცია დაიწყება. ეს ტაძარი ტურისტული ობიექტი გახდება, მარტო იმიტომ არა, რომ ნაკურთხი წყალი აღმოჩნდა, ტაძარია თვითონ ძალიან მნიშვნელოვანი, ასეთი ეკლესია საქართველოში და ახლომახლო ტერიტორიაზე არ არის. რაც შეეხება ქვევრს, ტაძარში დარჩება. მისი წაღება არ შეიძლება, იქ უნდა იყოს. იმ ადგილს თავისი მადლი აქვს, წმინდა მეფის აშენებული ტაძარია", - განაცხადა ნოდარ ბახტაძემ.

წყარო:
http://www.ick.ge
http://www.kvirispalitra.ge
ბეჭდვა
1კ1