12 ოქტომებრს მეუფე თადეოზის დაბადების დღეა!
12 ოქტომებრს მეუფე თადეოზის დაბადების დღეა!
მეუფე თადეოზის დაბადების დღესთან დაკავშირებით მცირე გახსენება მის ხორციელ შვილს, მარიამ იორამაშვილს ვთხოვე:

- დიდება და მადლობა უფალს, რომ 69 წლის წინ დედამიწაზე მოგვივლინა სიტყვით და საქმით სიყვარულისა და სიკეთის მქადაგებელი, ღვთიური კაცი - მეუფე თადეოზი... მაპატიეთ, რომ მამაზე ასე ვსაუბრობ და ცოტა მერიდება ზედმეტი ქება არ გამომივიდეს, თუმცა, სხვანაირად ვერ ვიხსენებ. არ არსებობდა ადამიანი, რომ  მეუფე თადეოზი სცნობოდა და არ ყვარებოდა იგი, მისი ბავშვივით უბოროტო, კეთილი, სიყვარულით და მადლით სავსე გული, რომელიც მხოლოდ სხვისთვის სიხარულის მინიჭებისა და დახმარების ფიქრში იყო. მხოლოდ 68 წელს ალამაზებდა ამ სამყაროს ფიზიკური არსებობით...  თუმცა, დღესაც ხშირად გვაგრძნობინებს სულის უკვდავებას, გვეფერება და ზრუნავს ზეციდან... ზეციურ საქართველოში გილოცავ დაბადებიდან 69 წლის იუბილეს, ჩემო უტკბილესო მამა...მადლიანო მეუფეო...

განსაკუთრებულ დღეებში განსაკუთრებულად მტკივა, რომ ვერ გხედავ... ვერ გეხუტები... თუმცა, ვგრძნობ... ვგრძნობ შენი სულის სიახლოვეს ისე, როგორც არასდროს... როცა ძალიან გამიჭირდება უშენობა, შენს ტკბილ ლექსებს, დალოცვას და საუბარს ვიხსენებ, რომელიც რწმენით მივსებს გულს და მწამს რომ უფალთან ხარ, რომ არ გამქრალხარ, მიწასთან არ შერწყმულა შენი სული. შენ უკვდავების რწმენა ჩაგვინერგე - სულის უკვდავების - და ახლა შენი სულის უკვდავებას ყოველდღე გვაგრძნობინებ. მოულოდნელი სიკეთით და სიხარულით კეთილი ადამიანების მეშვეობით ისევ ჩვენთან ხარ.

დაბადების დღეს გილოცავ ჩემო განსაკუთრებულო ადამიანო, უფლის რჩეულო. უსაზღვრო სიყვარულის მადლის მატარებელო, თავმდაბლობით გამორჩეულო, მეუფეო!
მოგვიხსენე უფალთან..

ბეჭდვა
1კ1