"პირველქმნილი ცოდვა" - ახალი საღვთისმეტყველო წიგნი
"პირველქმნილი ცოდვა" - ახალი საღვთისმეტყველო წიგნი
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით. წიგნის მოკლე აღწერილობისათვის გაეცანით მის წინასიტყვაობას:

პირველმშობელთა ცოდვა ანუ "პირველქმნილი ცოდვა" სხვადასხვა ასპექტით განიხილება, როგორც პერსონალურად, შემცოდე პირველმშობლებთან მიმართებით, ასევე მემკვიდრეობითი მნიშვნელობითაც. აქედან გამომდინარე, საუბრობენ იმაზე, თუ რა შედეგი ჰქონდა ამ ცოდვას უშუალოდ ჩვენი პირველმშობლებისათვის და რა იმემკვიდრევა მათგან შთამომავლობამ.

ფართოა შეფასებათა გრადაციაც, სევდიანი ისტორიიდან და თითქოს ლეგენდისეული გადმოცემიდან მოყოლებული დემონურ კირთებქვეშ მოყოლილ კაცობრიობამდე, მისი უკიდურესი და უტრირებული ფორმით. წინამდებარე ნაშრომი გვთავაზობს ეკლესიურ ხედვას ამ ყველასათვის მნიშვნელოვან საკითხთან დაკავშირებით, მისი ცალკეული ნიუანსებითა და ასპექტებით.

რით არის ბ-ნ ლევან ბიწაძის წიგნი დღეს მნიშვნელოვანი და აქტუალური? გარდა იმისა, რომ ფართო მასალასა და საინტერესო მსჯელობებს გვთავაზობს კვლევის საგანთან მიმართებით, იგი მიმოიხილავს იმ არსობრივ გადაცდომებსაც, რასაც შეიძლება ჰქონდეს ადგილი კაცობრიობის ისტორიაში ამ ყველაზე დიდი კოსმოლოგიური მნიშვნელობის მქონე კატასტროფის შეფასებაში. ასე მაგალითად, ზოგიერთ დღევანდელ საეკლესიო გამოცემაშიც კი დომინირებს ის აზრი, რომ თითქოს პირველქმნილი ცოდვის შედეგი ოდენ ბუნების დაზიანებაა და ეს დაზიანებაც ესმით მხოლოდ როგორც ადამიანურ ბუნებაში არსებული უყვედრებელი ვნებები.

ნაშრომში კარგადაა განმარტებული, რომ ამდაგვარი შეფასება, როგორც მინიმუმ, ნაკლულევანი და არასრულფასოვანია, როგორც ამარტიოლოგიური, ასევე სოტერიოლოგიური მიდგომითაც. წიგნის ღირსებაა ისიც, რომ  ცოდვისა და მისი მემკვიდრეობითობის საკითხს განიხილავს უშუალოდ გოლგოთის მსხვერპლთან და გამოხსნა-ცხონებასთან მიმართებითაც, რის გარეშეც შეუძლებელიცაა ამ მოვლენის ზუსტი და სრულყოფილი შეფასება, როგორც საკრალური, ასევე ყოფითი პოზიციიდანაც, რადგანაც ბევრს უჩნდება შეკითხვა, რომ თითქოს განა ასეთი შეიძლებოდა ყოფილიყო სასჯელი მოყვარული და მოწყალე ღმერთისა? იქნებ ეს ყველაფერი საეკლესიო მესვეურთა მოგონილია და ადამიანი მხოლოდ მოკვდავი და მსაჭიროებელი გახდა და არა ცოდვის შინაგანად მატარებელი, ანდაც იქნებ ასეთივე იყო ოდითგანვე, როგორიც დღესაა იგი?

საღმრთო სიკეთე, სიბრძნე და წყალობაც სწორედ იმაშია, რომ თავად ღმერთი განკაცდა დაცემული და მადლს მოკლებული ადამიანის საშველად და აღსადგინებლად და მოუტანა და უწყალობა განუზომლად მეტი, ვიდრე ადამს ჰქონდა შესაქმეში. ასეთი უნდა ყოფილიყო კიდეც შემოქმედი თავის საყვარელ ქმნილებასთან მიმართებით და ამას გვიცხადებს ეკლესიის მთელი ისტორიაც, როგორც წმ. პავლე მოციქული გვასწავლის: ,,მადლი არაა დანაშაულივით, რადგან თუ ერთის დანაშაულით მრავალი გაწყდა, მით უმეტეს, ბევრად ჭარბობს მრავალთა მიმართ ღვთის მადლი და ნიჭი ერთი კაცის, იესო ქრისტეს მადლით" (რომ. 5. 15). ასეც წერია: "პირველი კაცი მიწისაგანაა, მიწიერი, ხოლო მეორე კაცი, უფალი – ზეცისაგან. და როგორც მიწიერი, ისევე მიწიერნი და როგორც ზეციერი, ისევე ზეციერნი. და როგორც ვატარებდით მიწის ხატებას, ასევე ვატაროთ ზეციერი ხატებაც" (1კორ. 47-49).

ამდაგვარი ბმებით იკვრება და სრულყოფილი სურათი იდება იმ საღმრთო განგებულებისა, სადაც ადამიანის უგუნურებასა და დაცემულობას აქარწყლებს ღვთის უსაზღვრო სიყვარული და ამ დაცემულსა და დაკნინებულს ხელს აღუპყრობს, განწმენდს და ზეციურ სავანეებში ამკვიდრებს. ამდაგვარ დაღმავალ და აღმავალ ხაზებს გვთავაზობს ეს ნაშრომი, სადაც მკითხველის წინაშე წარმოჩინდება საქმეები ღვთისა და კაცისა, ამ უკანასკნელის განდგომითა და უმადურობით და უფლის მიმტევებლობითა და საკუთარი მემსხვერპლეობით. წიგნი საინტერესო იქნება, როგორც უშუალოდ ამ საკითხებით დაინტერესებულთათვის, ასევე მკითხველთა ფართო წრისათვის.
არქ. იერომიელი (ფილიშვილი)

წიგნის შეძენა შესაძლებელია "ალილოს" საეკლესიო მაღაზიათა ქსელში, ალექსანდრე ნეველის რუსულ ტაძართან არსებულ წიგნების მაღაზიაში და ვარეთილის ხარების სახელობის ტაძარში.
ბეჭდვა
1კ1