"ლამარიას'' უფრთხილდით ... და შეინანეთ! - ლამარიას მონასტრის წინამძღვრის პასუხი "ასავალ-დასავლის" ცილისწამებაზე
"ლამარიას'' უფრთხილდით ... და შეინანეთ! - ლამარიას მონასტრის წინამძღვრის პასუხი "ასავალ-დასავლის" ცილისწამებაზე
თუ ვინმეს აინტერესებს და წუხს ლამარიას გამო, "ნუ ბრძენობს სხვის ომში''. თუ ვინმეს აქვს რაიმე სერიოზული მიზეზი, მოვიდეს ჩვენთან, შეხედოს ჩვენს ყოფა-ცხოვრებას, გვითხრას და გვამხილოს

საქართველოს ისტორიაში უხვადაა ერისა და ბერის ურთიერთობისა და  ერთიანობის ფაქტები - თუ როგორ აძლიერებდნენ ერთმანეთს სამღვდელო და საერო ხელისუფალნი, რაც შემდგომში ქვეყნის ძლიერებაზე აისახებოდა. მონასტრეთა და ბერმონაზონთა სიმრავლე ერისა და ქვეყნის აღმავლობის საფუძველი იყო ყოველთვის.

მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ილარიონის (ქიტიაშვილი) ეპარქიაში მოსვლის შემდეგ  მონაზვნური ცხოვრება რომ ძლიერდება, ამას თვალნათლივ ვხედავთ. მრავალი ტაძარი აღდგა და აშენდა კიდეც.  2011 წელს გაიხსნა უშგულის  ლამარიას მამათა მონასტერი. აქ არსებული სიწმინდეებისა და ტაძრების სიმრავლეს თუ დავეყრდნობით, ღვთისგან კურთხეულ სვანეთს, შეიძლება ერთი დიდი მონასტერი ეწოდოს.  ყველასთვის ცნობილია სვანების სიყვარული ეკლესიისა და ღმერთის მიმართ. 

მეუფე ილარიონის ლოცვა-კურთხევით და უშგულის მამათა მონასტრის წინამძღვრის, არქიმანდრიტ იოანას (გელაშვილი) ხელმძღვანელობით, უშგულში კიდევ ერთი მამათა მონასტერი დაფუძნდება. უშგულიდან 12 კილომეტრში, ზემო და ქვემო სვანეთის გასაყარზე, აილამასა და შხარას მყინვართან ახლოს 13 ასურელი მამის სახელობის მამათა მონასტრის მშენებლობა დაიწყება. ამის შესახებ "კარიბჭის" მკითხველს უკვე ვაცნობეთ, რასაც დიდი გამოხმაურება მოჰყვა. ასევე უამრავი ადამიანი გამოეხმაურა "კარიბჭის" ფეისბუქის გვერდზე გამოქვეყნებულ მამა იონასა დაბადების დღის მილოცვას. ხალხის სიყვარული უშგულის მამათა მონასტრისა და წინამძღვრის მიმართ აქედანაც კარაგად ჩანს. ღმერთმა ინებოს, რომ მშენებარე მონასტერი და 13 ასურელი მამა იყოს გამაერთიანებელი და სულიერად გამაძლიერებელი ქვემო და ზემო სვანეთისა და სრულიად საქართველოსი.

***
ბერმონაზონთა ლოცვაზე რომ დგას დედამიწა, ეს ყველა მართლმორწმუნემ კარგად იცის. ისიც იცის, თუ რამხელა განსაცდელი შეიძლება შეხვდეს ადამიანს თუკი სასულიერო იერარქიის წარმომადგენელს მიზანმიმართულად - ნებსით თუ უნებლიეთ განიკითხავს და ცილს დასწამებს. (ღმერთმა ყველას გვაშოროს...)

სამწუხაროდ, ჩვენს გვერდით ცხოვრობენ ადამიანები, ვისაც ენა და კალამი ისე უჭრით, როგორც თავად სურთ, ანდა უარეს შემთხვევაში ვიღაცის სურვილს ასრულებენ  და გექმნება შთაბეჭდილება, რომ თითქოს ჩვენში საბჭოთა გადმონაშთებმა ბოლომდე  ვერ მოიკვეთა ფესვები: ალბათ გვახსოვს კინოფილმები, სადაც სასულიერო პირის პერსონაჟი გამასხარავებული სახით ჰყავდათ წარმოჩენილი. მაშინ საბჭოთა იდეოლოგია გვინერგავდა ათეიზმს და სასულიერო დასს ისე  წარმოგვიჩენდა, როგორსაც მაშინდელი იდეოლოგია გვაიძულებდა დაგვენახა. თანამედროვე ყოფაში თითქოს მავანთა შორის მეთოდებმა სახე იცვალა და უფრო დახვეწილად აგრძელებენ წინაპართა საქმიანობას.

გაზეთ "ასავალ-დასავალში" ახლახან გამოქვეყნდა წერილი, სადაც ზემო სვანეთის ეპარქიისა და იქ მოღვაწე მამების მისამართით  არასასიამოვნო, აბსოლუტურად უსამართლო და ცრუ ინფორმაციებია მოწოდებული. ვისაც მოულოცავს ზემო სვანეთი, შეუძლებელია, არ შეამჩნიოს  ეკლესია-მონასტრების, ბერმონაზონთა სიმრავლე. უშგულში, ლამარიას მამათა მონასტერში მოღვაწე მამების ლოცვამ უფრო მეტი მადლი მოჰფინა იქაურობას.

თავისი სათქმელი ფეისბუქის გვერდზე ლამარიას მონასტერმა უკვე თქვა.

KARIBCHE

მეუფე ილარიონი და მამა იონა

გთავაზობთ ლამარიას მონასტრის წინამძღვრის პასუხს "ასავალ-დასავლის" ცილისწამებაზე:


"ვერცხლისმოყვარეობა, ძველი და ბევრისთვის კარგად ნაცნობი სენია. ადამიანები ოდითგანვე ფულზე იყიდებოდნენ და ამის გამო რას აღარ კადრულობდნენ. გაგიგონიათ, რომ ლამარია,  "უწმინდესია'', მაგრამ  "ცილისწამება" რომ ბინძური და უწმინდურია, ალბათ ეგ არ გაგიგონიათ, ანდა არ გიფიქრობთ იმაზე, თუ რა შეიძლება უწოდო ადამიანმა სტატიას, რაც თქვენ დაწერეთ თუ არა იაფფასიანი ტყუილი, რომლის სანაცვლოდაც "ძვირს იღებთ''...

1. სად დაინახეთ პინგ-პონგით მოთამაშე მღვდლები? როცა მაგ პინგ-პონგით ყველაფერს მოკლებული სოფლის ახალგაზრდობა ერთობოდა ცივ ზამთარში, ზამთრის სამუშაოებისა და მონასტრის დახმარებისას, თქვენ ალბათ ამ დროს თბილ ღუმელთან ბრძანდებოდით.

2. რა შუაშია ქალაქებად დაყოფა? ამ სტატიის ავტორები არ ვიცი, მაგრამ ჩვენ, მართლმადიდებლები "ერთი ვართ ქრისტეში" ხაშურელიც, სვანიც, იმერელიც და თბილისელიც. პინგ-პონგის მაგივრად ხაშური რომ ჩაგესვათ ბრჭყალებში დამკვეთს უფრო გაახარებდით.

3. ისეთი უმწეო ტყუილი, რომელიც შეეხება რესტორანს და მონასტრის უკაცრავად და ტუალეტის სოფელზე მიერთებას, ამაზე კომენტარის გაკეთებაც არ ღირს. ყველამ კარგად იცის რეალობა და ამის დამბრალებელი კარგს არაფერს მოიმკის.
ფაქტია, ვინც ეს უფასური და ტყუილით გაჯერებული ინფორმაცია მოგაწოდათ და ვინც  დაწერა როცა "უწმინდეს'' ლამარიაზე ამოდიოდა, ალბათ ტაძრისკენ არ გაუხედავს. ცუდი რომ ვერაფერი დაინახა, ასეთ უტიფარ ცილისწამებას მიმართა.

ლამარიას უწმიდესს რომ უწოდებთ, სად იყავით 2 წლის წინ საპირფარეშოდ რომ იყო გადაქცეული იქაურობა და ფულის გარეშე ტაძარი რომ არ იღებოდა, მაშინ არ გაწუხებდათ მისი მდგომარეობა? სად იყვნენ მაშინ ის ადამიანები ვინც ეს ზღაპრები მოგაწოდათ, არ ტკიოდათ უწმინდესი ლამარია? ვაი, რომ არც ახლა ტკივათ. ვისაც ახსოვს რა იყო და ახლა რა არის, დადუმდება და ენას არ წაიგრძელებს ფლიდად. ცნობილია, მზე ყველასთვის ანათებს, მაგრამ თუ ვინმეს მისი დანახვა არ სურს მზის ბრალი კი არა, მისი და მისი სიბრმავის ბრალია..

არ ვიცი, ვის რატომ, ან რისთვის მოაფიქრდა ასეთი სიმახინჯის დაწერა , მაგრამ ის ვიცი, რომ სიცრუის მამა ეშმაკია. ყველა ცრუს მთქმელი - მისი შვილი. ნათლად ჩანს რომ აქ ავტორს არანაირი დაინტერესება არ აქვს ლამარიას მიმართ. მხოლოდ ტყუილით შეფუთული პროვოკაციაა. გახსოვდეთ მეფე სოლომონ ბრძენის სიტყვები: "უფალსა სძაგს ბაგენი მტყუარნი''!
გასულ ზაფხულს  უწმინდესი გვესტუმრა. მოილოცა ლამარიას მამათა მონასტერი და მადლიერიც დარჩა, მაგრამ რა შედარებაა, თქვენ ხომ უფრო კარგად ხედავთ, ოღონდ იმას რისი დანახვაც გინდათ და სინამდვილეში არ არის...
სტატიის დამკვეთნი და დამწერნი სიწმინდის დამცველებად გვევლინებიან, სინამდვილეში კი ბღალავენ მის წმინდა სახელს "ლამარიას'' უფრთხილდით ... და შეინანეთ.

თუ ვინმეს აინტერესებს და წუხს ლამარიას გამო, "ნუ ბრძენობს სხვის ომში''. თუ ვინმეს აქვს რაიმე სერიოზული მიზეზი, მოვიდეს ჩვენთან, შეხედოს ჩვენს ყოფა-ცხოვრებას, გვითხრას და გვამხილოს. თუ ექნება საბაბი, რა თქმა უნდა მივიღებთ, მაგრამ ყოველივე ამ სისაძაგლეს რაც დაიწერა, გამართლება არა აქვს.

დამკვეთნო, დამწერნო! უშგულელებზე უფრო ვაჟკაცები და ლამარიას მოყვარულები რომ გამოდიხართ, აქედან ჩანს თქვენი დამოკიდებულება ვითომდა ზრუნავთ სოფელზე და მათზე მეტად წუხართ  მტკნარი სიცრუით ლამარიაზე. სინამდვილეში კი არც ერთი გაინტერესებთ და მხოლოდ "მართული'' ერთეულების უფასურ ტყუილს ემხრობით.

უშგულელებზე ვაჟკაცები არ ხართ.  ჩვენს სოფელს თუ რამის თქმა უნდა,  გვაქვს ისეთი ურთიერთობა რომ ერთმანეთს დაველაპარაკოთ, ოღონდ არა იმ უხამს  ტყუილებზე, რაც თქვენ დაწერეთ, არამედ სხვა უფრო მნიშვნელოვან თემებზე.
მსგავსი ცუდად მეტყველება და უშვერი ტყუილი, მხოლოდ თქვენ გავნებთ. ნათქვამია, "შური იგონებს ცილისწამებასო''. არ ვიცი ვის რისი შურს, მაგრამ მოგიწოდებთ, შეინანოთ და თუ ვინმეს მართლა აინტერესებს ლამარია და უყვარს, ნუ დაუჯერებს ბრმა და ცრუ წინამძღოლს, თორემ ორივე ორმოში აღმოჩნდება.

წმინდა იოანე ოქროპირი ბრძანებს, ვერცხლისმოყვარეობამ მთელი სამყარო ააღელვა, ყოველივე აღაშფოთა; ის ჩვენ განგვაშორებს ქრისტეს უნეტარეს მსახურებას; "ვერ ხელ–ეწიფების ღმრთისა მონებად და მამონაისა." ( მათე 6,24); რამეთუ ქრისტე სრულიად საწინააღმდეგოს ითხოვს, ვიდრე მამონა. ქრისტე ამბობს: მიეც გლახაკსა, მამონა კი – წაართვი გლახაკს; ქრისტე ამბობს: მიუტევე, მოძულეთა და მაჭირვებელთა შენთა, მამონა კი პირიქით – მზაკვარ ეყავ ადამიანთა, რომელთაც არაფერი დაუშავებიათ შენთვის; ქრისტე ამბობს: იყავ კაცთმოყვარე და მდაბალი, მამონა კი პირიქით: იყავ სასტიკი და გულქვა, არაფრად ჩააგდო ღარიბთა ცრემლები; და ამგვარად. განკითხვის დღეს განმსჯელი საშინელ მსაჯულად მოგვევლინება".



ბეჭდვა
1კ1