ზაქათალის ტაძარი ინგრევა, კედლები აჭრელებულია წარწერებით და ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული
ზაქათალის ტაძარი ინგრევა, კედლები აჭრელებულია წარწერებით და ანტისანიტარიის ბუდედაა ქცეული
აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, საინგილოში, ქალაქ ზაქათალის ცენტრალურ პარკში მდებარე ჯვარგუმბათოვანი ტაძარი უმძიმეს მდგომარეობაშია. ტაძარს არ გააჩნია შესასვლელი კარი. ინგრევა ეკლესიის გუმბათი, ჩამოდის წყალი და კედლები აჭრელებულია წარწერებით. იქ ზოგჯერ ადგილობრივი მოზარდებიც იკრიბებიან და წმინდა სალოცავი ანტისანიტარიის ბუდედაა გადაქცეული. სწორედ ამაზეა ნათქვამი "უპატრონო ეკლესიას ეშმაკები დაეპატრონენო"... ზაქათალის ტაძრის შესახებ "კარიბჭის" საიტზე 2019 წლის თებერვალშიც ვწერდით ჩემს სტატიაში - " საქართველოს ელჩი საინგილოში და ქართველთა პრობლემები", თუმცა სამწუხაროდ ქართველ დიპლომატებს ქალაქის ცენტრში არსებული ეს ტაძარი დღემდე არც კი მოუნახულებიათ, რაც ადგილობრივი ქართველების უკმაყოფილებასაც იწვევს.

ფეისბუქის გვერდმა - ZAQATALA NEWS, რომელშიც 14 105 ადამიანია გაწევრიანებული, 24 ოქტომბერს დადო ზემოხსენებული ტაძრის ფოტოები და შემდეგი შინაარსის პოსტი (აზერბაიჯანულ ენაზე) - „ზაქათალას ეკლესია... ყველა ისტორიული ძეგლი (ეკლესია, მეჩეთები) დაცული უნდა იყოს. არ აქვს მნიშვნელობა მეჩეთები იქნება თუ ეკლესიები. ეს ეკლესია ისტორიის ერთ-ერთი ნაწილია. რატომ უნდა გავანადგუროთ ის?! რას ფიქრობთ?"

ამ პოსტს ამ დროისათვის 175 მოწონება, ათობით კომენტარი და გაზიარება აქვს. პოსტის კომენტარში აზერბაიჯანის მოქალაქე ერთ-ერთი მუსლიმი სასულიერო პირი (იგი მუსლიმი ინგილო ქართველია ზაქათალის რაიონის დაბა ალიაბადიდან, თუმცა ამჟამად ევროპაში, ავსტრიის ერთ-ერთი მთავარი მეჩეთის იმამია) აზერბაიჯანულ ენაზე წერს: "მუსლიმანურ ქვეყანაში პირველ რიგში ჯერ მეჩეთები უნდა შეკეთდეს (გარემონტდეს), შემდეგ ეს და სხვა მსგავსი ისტორიული ძეგლები. მათ [იგულისხმება ქრისტიანები] ისტორიული მეჩეთები დაანგრიეს და გაანადგურეს მსოფლიოში ყველგან. არცერთი მეჩეთის მიმართ არ იჩენდნენ პატივისცემას, თვით ევროპაშიც კი. ამისდა მიუხედავად ჩვენ მაინც მეორე მხარის ფასეულობას პატივს ვცემთ. მაგრამ აზერბაიჯანში გასარემონტებელი მეჩეთების არსებობის გამო ამის შეკეთების [იგულისხმება ზაქათალის ეკლესია] წინააღმდეგი ვარ. როდესაც დამთავრდება მეჩეთების რემონტი, ამის შემდეგ გარემონტდეს სხვა ისტორიული ძეგლები. სხვა შემთხვევაში წინააღმდეგი ვარ".

დღეისათვის საქართველოში 300-ზე მეტი მოქმედი მეჩეთია. საუკუნეების მანძილზე ჩვენს სამშობლოში თავისუფლად ცხოვრობენ აზერბაიჯანელები ისევე, როგორც ქართველები, დაცულია აზერბაიჯანული კულტურული რელიგიური მემკვიდრეობა და ჩვენს დროშიც, ბოლო 30 წლის მანძილზე შენდება მრავალი ახალი მეჩეთი საქართველოს აზერბაიჯანელებით კომპაქტურად დასახლებულ ქალაქებსა თუ სოფლებში (მარნეული, გარდაბანი, ბოლნისი, დმანისი, თელავის რაიონის სოფელი ყარაჯალა, ლაგოდეხის რაიონის სოფელი კაბალი და ა. შ.). საქართველოში 2014 წლიდან დღემდე მუსლიმურ თემს (და მათ შორის აზერბაიჯანელ მუსლიმებს) სახელმწიფომ მილიონობით დაფინანსდება გამოუყო და ამ ყოველწლიური დაფინასების გამო მუსლიმი სასულიერო პირები მადლიერებას გამოხატავენ საქართველოს მთავრობის მიმართ.
ახლახან საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს ხელმძღვანელის აზერბაიჯანში ვიზიტის დროს შეხვედრებისას აზერბაიჯანის უმაღლესი თანამდებობის პირები მადლიერებას გამოხატავდნენ და ხაზგასმით აღნიშნავდნენ, რომ საქართველოში ეთნიკური აზერბაიჯანელები თავს დაცულად და მშვიდად გრძნობენ, აქვთ მშობლიურ ენაზე განათლების, ინფორმაციის მიღების საშუალება, დაცულია მათი რელიგიური უფლებები, რის გამოც ისინი საქართველოს საკუთარ სამშობლოდ მიიჩნევენ. თუმცა, უკეთ ინტეგრირების მიზნით, სასურველია, საქართველოში მცხოვრებმა აზერბაიჯანელებმა მეტი ყურადღება დაუთმონ ქართული ენის შესწავლას.

ქალაქ ზაქათალის ცენტრში, პარკში არსებული ნგრევის პირას, მძიმე მდგომარეობაში მყოფი მართლმადიდებლური ეკლესია გადაუდებელ აღდგენა-რესტავრაციას საჭიროებს. ეს არა მხოლოდ ქრისტიანული საქართველოსა და მუსლიმური აზერბაიჯანის მეგობრობის გამოხატულება იქნება, არამედ ზოგადად აზერბაიჯანული სახელმწიფოს მხრიდან ქრისტიანული კულტურის მიმართ დამოკიდებულების გამომხატველიც. ეს აზერბაიჯანის პრესტიჟის საკითხიცაა და ქვეყნის მთავრობის მიერ გამოცხადებული მულტიკულტურალიზმის და ტოლერანტობის გამოხატულებაც. სირცხვილი არაა, როდესაც საქართველოდან თუ სხვა მართლმადიდებლური ქვეყნებიდან (ან თუნდაც ზოგადად ქრისტიანული ქვეყნებიდან) ჩამოსული ტურისტი ზაქათალის პარკში სეირნობისას ეკლესიას რომ ასეთ მდგომარეობაში ნახავს?

საბედნიეროდ, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტრომ გასულ წელს ზაქათალის ცენტრში მდებარე ამ ძეგლის აზომვითი სამუშაოები ჩაატარა და იმედია აღდგენა-რესტავრაცია წლების მანძილზე არ გაჭიანურდება...
იმედია, ზაქათალის ტაძრის აღდგენა-რესტავრაციის პროცესში (თურქეთში, ტაო-კლარჯეთის ძეგლების ანალოგიურად) საქართველოს კულტურის სამინისტრო და ქართველი სპეციალისტებიც ჩაერთვებიან...
ბეჭდვა
1კ1