

კრება ახალმოწამეთა და აღმსარებელთა (გარდამავალია, აღესრულება 25 იანვრის უახლოეს კვირიაკეს).
იოანე ოქროპირის წმიდათა ნაწილთა აღყვანება აფხაზეთის კომანიდან კონსტანტინოპოლს (438); კეთილმორწმუნისა დედოფლისა მარკიანასი (VI); ელიასი, იერუსალიმელი პატრიარქისა;
ღირსისა პეტრე მეგვიპტელისა (დაახლ. 400);
მოწამისა დიმიტრისა კონსტანტინეპოლში (1784/1785); დიმიტრიანესი, ტამასოს (კვიპროსი) ეპისკოპოსისა, სასწაულმოქმედისა.
დღის ლოცვა
აღყვანება ნაწილთა წმ. იოანე ოქროპირისა
ტროპარი: ხმატკბილად მხმობარეო ორღანოო, ოქროსა ნესტვო, მდინარეო საღმრთოთა სწავლათაო, მვედრებელთა შენთა გვითხოვე ცოდვათა მოტევება, იოანე ოქროპირო, მეოხ გვეყავნ წინაშე სამებისა.
ტროპარი: პირისა შენისა მადლი, ვითარცა ოქრო, გამობრწყინდა და სოფელი განანათლა, უპოვარებისა საუნჯენი სოფელსა შინა განამრავლნა და სიმაღლე სიმდაბლისა გვიჩვენა ჩუენ, არამედ ვითარცა იგი სიტყვითა შენითა განმსწავლენ, ეგრეთვე სიტყუასა ქრისტესა ღმერთსა ევედრე, მამაო იოანე ოქროპირო, შეწყალებად სულთა ჩუენთათვის.
კონდაკი: მხიარულ იქმნა საიდუმლოდ წმიდა ეკლესია აღმოხმასა პატიოსანთა ნაწილთა შენთასა და ესე დამარხა, ვითარცა ოქრო მრავალ ფასი, ვინა მგალობელთა შენთა მოუკლებელად მოანიჭე მეოხებითა შენითა მადლთა კურნებისათა, იოანე ოქროპირო.
მეზვერისა და ფარისევლის კვირა
კონდაკი: ვევლტოდეთ ფარისევლისა მის სიმაღლესა და ვისწავოთ მეზვერისა იგი სიმდაბლე, და სულთქუმით შეუვრდეთ მაცხოვარსა და ღაღად-ვყოთ: შეგვიწყალენ ჩვენ, მხოლოო მრავალმოწყალეო.
კონდაკი: სულთქუმანი შევსწირნეთ მეზვერისანი უფალსა და მისსა მიმართ მივეახლნეთ ჩვენ ცოდვილნი, რამეთუ, ვითარცა მეუფისა ნებავს ცხოვრებაი ყოველთა კაცთა და მოტევებასა მომადლებს ყოველთა მონანულთა, რამეთუ ჩვენთვის განხორციელდა ღმერთი, რომელი მამისა თანა დაუსაბამო არს.